იხილეთ ჟურნალის ელექტრონული გამოცემა თქვენს IPHONE-სა IPAD-ზე
ვითანამშრომლოთ >
 
ზოგადი მიდგომა
 
არქეოლოგი პატრიცია საზერლენდი (ნარინჯისფერ ქურთუკში) გათხრებზე. ჟურნალისტისა (ჰ. პრინგლი) და ფოტოგრაფის (დ. ქოვენთრი) ერთობლივმა მუშაობამ შექმნა ძალიან საინტერესო სტატია ვიკინგების და ამერიკის მკვიდრთა კოლუბამდელი კავშირებზე.

National Geographic საქართველოში გამოქვეყნებულ მასალას მინიმუმ 70 პროცენტი წამყვანი საერთაშორისო გამოცემიდან (ინგლისურიდან) ნათარგმნი სტატიები და ამ ე.წ. “ფლაგმანი” ნომრის ფოტოები შეადგენს. 30 პროცენტი კი გვინდა ქართულ ტექსტებსა და ფოტოგრაფიას დავუთმოთ.

National Geographic საქართველოს მიზანია, რაც შეიძლება მეტ ჩვენს დაინტერესებულ თანამოქალაქეს მიეცეს საშუალება ფოტოები და სტატიები გამოაქვეყნოს ჩვენი ჟურნალის ფურცლებზე. ამიტომ, მიზანმიმართულად არ გვყავს შტატში პროფესიონალი ფოტოგრაფები და ავტორები.

ჩვენს ჟურნალთან თანამშრომლობა ნებისმიერ თქვენგანს შეუძლია. ჩვენთვის არ აქვს მნიშვნელობა, თქვენ თავისუფალი პროფესიონალის (ე. წ. Freelancer) სტატუსით სარგებლობთ თუ სხვა ჟურნალის (ან ორგანიზაციის) მუდმივ შტატში ხართ. თუ თქვენი სხვა კონტრაქტი ჩვენთან მუშაობის საშუალებას გაძლევთ, ჩვენ სიამოვნებით ვითანამშრომლებთ თქვენთან. ამიტომ, ყველას აქვს შესაძლებლობა წარმოადგინოს საინტერესო იდეა თუ პროექტი, მასზე ჩვენთან ერთად იმუშაოს და თუ საბოლოო პროდუქტი ჩვენი ჟურნალის სტანდარტს დააკმაყოფილებს იგი National Geographic საქართველოში გამოქვეყნდება. დაგვეთანხმებით, რომ მსგავსი თემატიკის შემცველი უფრო პრესტიჟული ჟურნალი, ვიდრე  National Geographic-ია, დღეს საქართველოში არ გამოდის და ალბათ ვერც გამოვა, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ იმავე სფეროს უფრო პრესტიჟული ჟურნალი  სამყაროში არ მოიძებნება

ახლა, ჩვენი თანამშრომლობის კიდევ ერთ საინტერესო დეტალს გვინდა მიაქციოთ ყურადღება:

National Geographic საქართველოში ფოტო თუ ტექსტური მასალის გამოქვეყნებაზე საბოლოო თანხმობა ჩვენი ვაშინგტონის შტაბბინიდან მიიღება. ამიტომ, ვთვლით, რომ აქ ძალიან საინტერესო პერსპექტივა ეხსნებათ ჩვენს ფოტოგრაფებსა თუ ავტორებს. ყოველთვის არის შანსი, რომ თქვენ მიერ მომზადებული მასალა, რომელიც სხვა გზით ვერ მოხვდებოდა ვაშინგტონის ბიუროს რედაქტორთა მაგიდაზე, იმდენად მაღალი ხარისხის იყოს, რომ ქართული გამოცემის გავლით „ფლაგმანი“ გამოცემის ყურადღება მიიპყროს და იგი საერთაშორისო (ინგლისურენოვან) ნომერში გამოქვეყნდეს. უფრო მეტიც! ამით ჩვენს ავტორებსა და ფოტოგრაფებს ეძლევათ უნიკალური შანსი, რომ მათი მასალა გადაიბეჭდოს National Geographic-ის 37 ქვეყნის გამოცემებში. გაითვალისწინეთ, რომ National Geographic-ს ამ ადგილობრივი ჟურნალების საშუალებით დაახლოებით 100 მილიონი მკითხველი ყავს!

დაინტერესდით? მაშინ ჩვენი თანამშრომლობის უფრო კონკრეტულ დეტალებზე ვისაუბროთ!

ჩვენი ჟურნალის სპეციფიკიდან გამომდინარე, ბუნებრივია, რომ თანამშრომლობის სამი ძირითადი მიმართულებაა შესაძლებელი: ფოტოგრაფია, სტატიები/რუბრიკები და კონკრეტული პროექტები.

ფოტოგრაფია

„თქვენი ფოტო“ (პროფესიონალი და მოყვარულ ფოტოგრაფებისთვის)

ჟურნალს აქვს ყოველთვიური საკონკურსო რუბრიკა „თქვენი ფოტო“. თუ გსურთ, რომ თქვენი საინტერესო ნამუშევრები გამოქვეყნდეს ჟურნალში ან ჩვენს ვებგვერდზე, გთხოვთ, კონკურსის პირობებს გაეცნოთ აქ.

„ფოტო-დღიური“ (პროფესიონალი ფოტოგრაფებისთვის)

ფოტო-დღიური პროფესიონალი ფოტოგრაფის ერთგვარი პირადი გამოფენაა. რეკომენდებულია, ამ რუბრიკაში გამოქვეყნებული ფოტოსესია ერთ თემატიკას ეხებოდეს. ზოგადად, რუბრიკა „ფოტო-დღიური“ ეძღვნება უჩვეულო, მაღალი დონის ფოტოსეისებს ისეთი სფეროებიდან, როგორიცაა მაგალითად, ექსპერიმენტული ფოტოგრაფია, ნებისმიერი ტიპის სამეცნიერო ფოტოგრაფია, სახვითი ხელოვნების ამსახველი კადრები და ა.შ. ცხადია, ფოტომასალა იმ მნიშვნელოვან თემას უნდა ასახავდეს, რომელიც ფოტოგრაფმა სიღრმისეულად გამოიკვლია, რადგან რუბრიკაში გამოქვეყნებული ფოტოსესიის გარდა ფოტოგრაფის მიერ მოთხრობილი უნდა იყოს იმ ფილოსოფიის, შინაარსის, განცდებისა თუ პრობლემატიკის შესახებ, რასაც მასალა ასახავს.

თუ გსურთ თქვენი ფოტოები მოხვდეს ჟურნალში, გთხოვთ შეგვატყობინოთ, რის შემდეგაც დაგიკავშირდებით და დეტალურად განვიხილავთ შესაბამის პროცედურებს.

სტატიები და რუბრიკები

National Geographic საქართველო ჟურნალისტებს (და სხვა პროფესიის ავტორებს) თანამშრომლობის ფართო სპექტრს სთავაზობს. ჩვენი სპეციფიკიდან გამომდინარე დაინტერესებულები ვართ საქართველოში მიმდინარე (ან საქართველოს მოქალაქეების მიერ სხვაგან განხორციელებული) სამეცნიერო კვლევებით, ასევე კვლევა-ძიებებით (ე.წ. Explorations), აღმოჩენებით თუ რისკიანი და სათავგადასავლო პროექტებით.

ეს ორიგინალური და საინტერესო თემები შეიძლება ეკუთვნოდეს ისეთ სფეროებს როგორიცაა: 

  • ისტორია
  • არქეოლოგია
  • ანთროპოლოგია/ეთნოგრაფია
  • რელიგიათმცოდნეობა
  • ახალი ტექნოლოგიები
  • მედიცინა
  • ბიოლოგია
  • ფიზიკა
  • ასტრონომია/ასტროფიზიკა
  • გეოგრაფია
  • მეტეოროლოგია/კლიმატი
  • გეოლოგია
  • ველური ბუნება
  • არქიტექტურა

ეს არასრული ჩამონათვალია, რადგან ჩვენ ვაშუქებთ ყველა იმ სფეროს, რომელსაც „ზურგს უმაგრებს“ ნებისმიერი მიმართულების აკადემიური მეცნიერება.

თუ დაინტერესდით, გთხოვთ  მოგვწეროთ, რის შემდეგაც დაგიკავშირდებით და დეტალურად განვიხილავთ შესაბამის პროცედურებს.

კონკრეტული პროექტები
1.

გარდა ზემოთჩამოთვლილისა, დაინტერესებულნი ვართ საქართველოს (ან სხვა ქვეყნის) კონკრეტული გეოგრაფიული „წერტილებით“ და იქ მცხოვრები ადამიანების საინტერესო და ცოცხალი ამბებით. ამ პროექტის იდეაა, მივაგნოთ საქართველოს (ან სხვა ქვეყნის) რომელიმე სოფლის, დაბის, დასახლების ან თუნდაც ქალაქის რომელიმე უბნის ნებისმიერ საინტერესო ამბავს, რომლიც უნიკალობა და/ან წარმოუდგენლობა გააოცებს და დააინტერესებს ჩვენს მკითხველს. საილუსტრაციოდ შეგვიძლია მოვიყვანოთ აქამდე უცნობი კულტურული ტრადიციის კერა ან დრამატულ-სოციალური, ეკონომიკური, თუ ისტორიული პერიპეტიების ადგილი, რომელთანაც მიჯაჭვულია ადამიანთა ჯგუფი (ან რამე სუბ-კულტურა). გაითვალისწინეთ, რომ ეს პროექტი არ აშუქებს ტურისტული დანიშნულების ადგილებს, ღონისძიებებს, აღლუმებსა თუ ფესტივალებს.

2.

ასევე, დაგეგმილი გვაქვს სტატიების კონკურსები. მათ შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდება ჩვენი Facebook-ის გვერდზე, მოიწონეთ გვერდი

რათა მუდმივად მოგივიდეთ შეტყობინება ჩვენი კონკურსებისა თუ სხვა ახალი ამბების შესახებ.

3.

ჩვენი ერთ-ერთი რუბრიკისთვის დაინტერესებული ვართ კონკრეტული საინტერესო ადამიანების პორტრეტებით. თუ გაქვთ ინფორმაცია ასეთ ადამიანებზე, დაგვიკავშირდით, შემოგვთავაზეთ და თქვენთან ერთად სიამოვნებით განვიხილავთ თქვენს პროექტს გამოსაქვეყნებლად. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ შემოთავაზებული პიროვნება უნდა იყოს ექსპერტი, ავტორი, ან უბრალოდ საინტერესო ადამიანი, რომელსაც კონკრეტულ თემაზე თავისებური ხედვა აქვს ან რამე საინტერესო პროდუქტი შეუქმნია. ცხადია, რომ ეს ადამიანი National Geographic-ის ზემოაღწერილ პრიორიტეტულ სფეროში უნდა მოღვაწეობდეს. ამ პროექტის მიზანი სულაც არ არის სახელგანთქმული ადამიანების კიდევ უფრო მეტად წარმოჩენა. პირიქით, გვსურს მოვძებნოთ ნაკლებად ცნობილი, მაგრამ საინტერესო პირები, რომელთა საქმიანობაც ხელშემწყობია ჩვენი მისიისთვის, ხოლო ჩვენი ძირითადი მისია კი ჩვენთვის პრიორიტეტულ სფეროებში საზოგადოების განათლებაა.

თუ დაინტერესდით, გთხოვთ მოგვწეროთ, რის შემდეგაც დაგიკავშირდებით და დეტალურად განვიხილავთ შესაბამის პროცედურებს.

ტიმ ლემანი (ფოტოგრაფი) და ედვინ სქოულსი (ავტორი-ორნითოლოგი) ინდონეზიაში. გადაიღეს და აღწერეს სამოთხის ფრინველთა შესახებ მეცნიერებისთვის უცნობი საოცარი ფაქტები. ფოტოგრაფისა და ავტორის საუცხოო სტატია სამოთხის ფრინველებზე 2012 წ. დეკემბერში გამოქვეყნდა.
 
თანამშრომლობის პირობები

ჩვენი წარმატებული თანამშრომლობისთვის გასათვალისწინებელია შემდეგი რამდენიმე აუცილებელი პრინციპი:

 

1.

ჟურნალ National Geographic-ში ფოტოგრაფიას არსებითი მნიშვნელობა ენიჭება, ამიტომ, სტატია (რარიგ პატარაც არ უნდა იყოს ის) უხვი თანმდევი უმაღლესი ხარისხის ფოტოების გარეშე არ გამოქვეყნდება, მაშინ როდესაც ცალკეული ფოტოები (ან ფოტოსესიები) შესაძლოა მინიმალური ტექსტუალური მასალითაც დაიბეჭდოს. შესაბამისად, დაინტერესებულ ჟურნალისტს (ან სხვა პროფესიის ავტორს) აუცილებლად მოეთხოვება მის პოტენციურ სტატიასთან (პროექტთან) ასოცირებულ პროფესიონალ და გამოცდილ ფოტოგრაფთან ერთად მუშაობა. შეგიძლიათ, პროფესიონალი ფოტოგრაფი თქვენი სურვილით შეარჩიოთ (თუმცა, მისი თქვენს პროექტზე დამტკიცება მოხდება ჩვენი გადაწყვეტილებით, როდესაც გავეცნობით ფოტოგრაფის რეზიუმესა და მის ნამუშევრებს). თუ არ იცნობთ ფოტოგრაფებს, მაშინ ჩვენ შემოგთავაზებთ ჩვენთან ასოცირებული ფოტოგრაფების სიას და კონკრეტულ პროფესიონალზე შევჯერდებით.

 

2.

მასალა (ფოტო და/ან სტატია) არ უნდა იყოს გამოქვეყნებული არცერთ ადგილობრივ ან საერთაშორისო ბეჭდვით და/ან ელექტრონულ გამოცემაში.

 

3.

ძირითადი ამბავი, რომელზედაც მასალა (ფოტო და/ან სტატია) მოგვითხრობს, უნდა იყოს ან უცნობი ქართველი მკითხველისთვის ან (თუ თემა მეტნაკლებად ნაცნობია) იგი უნდა იყოს წარმოდგენილი სრულიად ახლებური და საინტერესო კუთხით.

 

4.

National Geographic საქართველო არ აქვეყნებს არცერთი მიმართულების პროპაგანდისტულ მასალას.

 

დაგვიკავშირდით და სიამოვნებით განვიხილავთ თქვენს შემოთავაზებებს!

 
გამოიწერეთ
სიახლეები
© 2012-2015 ყველა უფლება დაცულია. ჟურნალსა და ვებგვერდზე გამოქვეყნებული
მასალების ნაწილობრივი ან სრული გამოყენება რედაქციის ნებართვის გარეშე აკრძალულია