რედაქტორისგან

დიდი მადლობა, რომ ესტუმრეთ ჩვენს საიტს. ვფიქრობ, თებერვლის ნომერიც ძალიან საინტერესო იქნება თქვენთვის.

ჟურნალის გარეკანზე გამოსახული სცენა - საწნახელში ყურძნის დაწურვა - იოლად მიგახვედრებთ, რა თემას ეხება ერთ-ერთი სტატია. მთელ მსოფლიოში ჩნდება სხვადასხვა კულტივირებული მცენარისგან ალკოჰოლის წარმოების დამადასტურებელი ფაქტები. ეს საქმიანობა თითქმის ცივილიზაციის გარიჟრაჟზე იღებს სათავეს. ენდრიუ კერი კი ამ 9000-წლიანი სიყვარულის ისტორიას გიამბობთ.

2011 წელს გაერომ 23 ივნისი ქვრივი ქალების საერთაშორისო დღედ გამოაცხადა. ამ გადაწყვეტილებას საკმაოდ მძიმე ოფიციალური ახსნა ჰქონდა: მრავალ კულტურაში ქვრივი ქალები იმდენად დაუცველები არიან - სასტიკი ტრადიციების, სიღარიბის, იმ ომების შედეგად, რომლებშიც ქმრები დაკარგეს, თავისთავად, ქვრივობა უნდა ჩაითვალოს ადამიანის უფლებათა დარღვევის პოტენციურ საფრთხედ. სინთია გორნის სტატიით, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრები ქვრივი ქალების წუხილს გაიგებთ.

დაბინძურება, ჭარბი თევზაობა და კლიმატის ცვლილება საფრთხეს უქმნის მსოფლიო ოკეანეებს. სწორედ, ამიტომ, საზღვაო მეცნიერები და კონსერვაციონისტები ცდილობენ აშშ-ის „ხელუხლებელი“ ადგილების შენარჩუნებას. სინთია ბარნეს სტატიაც ამ უმწვავეს პრობლემას ეძღვნება.

სტატიის ავტორი კრისტინ დელ’ამორე წუხს, რომ კატისებრთა ოჯახის მომცრო წევრები დიდი კატების - ლომების, ვეფხვების, ლეოპარდების თუ იაგუარების ჩრდილქვეშ ცხოვრობენ. ყურადღებასაც სწორედ ეს სახელგანთქმული დიდი სახეობები მოიპოვებენ. თუმცა, მსოფლიოში საფრთხის წინაშე ყველაზე მეტად მყოფი 18 ველური კატისებრიდან, 12 - მომცრო კატაა.

ჟურნალში ასევე გთავაზობთ საინტერესო რუბრიკებს და გასაოცარ ფოტომასალას - კვლევა-ძიების ახალი ეპოქა გრძელდება! არ გამოტოვოთ თებერვლის ნომერი.

ზოგადად კი, უკეთესია გამოიწეროთ ჟურნალი, რომ გარანტირებულად მოგივიდეთ თქვენ მიერ მითითებულ მისამართზე. ყველა კომფორტთან ერთად, თანხასაც დაზოგავთ!

კეთილი სურვილებით, ლევან ბუთხუზი

სტატიები
გამოიწერეთ
სიახლეები
© 2012-2015 ყველა უფლება დაცულია. ჟურნალსა და ვებგვერდზე გამოქვეყნებული
მასალების ნაწილობრივი ან სრული გამოყენება რედაქციის ნებართვის გარეშე აკრძალულია