იხილეთ ჟურნალის ელექტრონული გამოცემა თქვენს IPHONE-სა IPAD-ზე
რისკიანები >

                                                  

რისკიანები

ზოგი მათგანი ექიმია და ვირუსებზე “ნადირობს”; ზოგი კოსმოსში მოგზაურობს და ბგერის სიჩქარის ბარიერს ვარდნით ლახავს; ზოგი მთასვლელია და პლანეტის უმაღლეს მწვერვალებს, პატარ-პატარა წარუმატებლობების მიუხედავად, ისევ და ისევ დაჟინებით ლაშქრავს; ზოგი საჭირო კადრის მისაღებად პოლარული ყინულის ქვეშ ყვინთავს და ლომვეშაპებს ემეგობრება; ზოგი კი, გველების შხამზე ნადირობს, მათი სამკურნალო თვისებების შესასწავლად.

“რატომ მიდიან ადამიანები რისკზე?”

“ყველაზე რისკიანი ეპიზოდი თქვენს ცხოვრებაში?”

“არ შეგეშინდათ, როცა”… - ამ რუბრიკაში, ყველაზე რისკიანები ამ კითხვებზე პასუხის გაცემას ცდილობენ.

zaza187
მიწისქვეშეთში
გაბრიელ ჯესიტი და არტურას არტიუშენკა

გასულ ზაფხულს მიკრობიოლოგი იევა კირაიტე ჩაეშვა კრუბერის შახტში. ეს არის დედამიწაზე ყველაზე ღრმა გამოქვაბული, რომელიც საქართველოში მდებარეობს. საშინლად ნესტიანი 1600-მეტრიანი სიღრმიდან იევა ნიმუშებით სავსე ზურგჩანთით დაბრუნდა.

რატომ გამოქვაბულები? რამ გადაგაწყვეტინათ, რომ თქვენი გზა ქვემოთ მიდის?

ყოველთვის ვოცნებობდი, ჩემი სამუშაო ძიებას დაკავშირებოდა. ალბათ, ეს ყველას უფიქრია. მოგზაურობა ბავშვობიდან მიზიდავდა. ვილნიუსის უნივერსიტეტში მოლეკულური ბიოლოგიის შესასწავლად ჩავაბარე და ჩემი შანსების ძიება დავიწყე. ამან სპელეოლოგთა კლუბში მიმიყვანა. პირველ ლექციაზე კლუბის მაშინდელმა ხელმძღვანელმა ყველაფერი იღონა, რომ აუდიტორია მაქსიმალურად დაეფრთხო იმ დაბრკოლებების, სიბნელისა და შიშის აღწერით, რაც მიწისქვეშა სამყაროს უკავშირდებოდა. მაგრამ მისმა ძალისხმევამ, უფრო გამიძლიერა სწრაფვა, გა-მოქვაბულებში ნებისმიერ ფასად ჩავმძვრალიყავი.

იყო თუ არა კრუბერის ჩახტში ჩასვლა თქვენი ყველაზე დიდი გამოწვევა?

ეს იყო ჩემი ყველაზე ღრმა დაშვება. პირველად მეძინა მიწისქვეშეთში. ქვემოთ მთელი კვირა გავატარე. სხვა გამოქვაბულები, ტექნიკური თვალსაზრისით, შესაძლოა, უფრო რთული იყოს, თუმცა, კრუბერაში მეტი გამძლეობა გჭირდებათ.

პარადოქსულია, მაგრამ ჩემზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება გამოქვაბულის ღია სივრცეებმა დატოვა. არადა, ადამიანთა უმეტესობა ქვემოთ ვიწრო გვირაბების გამო ვერ ჩადის. აქ გვირაბების ზოგიერთი დარბაზი იმდენად ვრცელია, რომ ყველაზე ძლიერი სასიგნალო შუქიც ვერ გაანათებს.

ჭის შუაგულში დაკიდებული ვერც მის დასაწყისს ხედავთ, ვერც ბოლოს: ზემოთ 100 მეტრი – ქვემოთ უსასრულობა.

როგორ იცვლება აღქმა გამოქვაბულში ერთი კვირის გატარების შემდეგ?

ირგვლივ მხოლოდ სიბნელეა. თვალი მხოლოდ იმ წერტილამდე აღწევს, სადამდეც თქვენი სასიგნალო შუქურა სწვდება. ყნოსვა მძაფრდება, ქვემოთ კი ბევრი „სურნელია“. თიხის სუნს ეჩვევით, რომელიც იქ ყველგან იგრძნობა, ხოლო დამატებით სხვა სუნები ყნოსვის ძლიერ სტიმულატორებად იქცევა.

სმენაც ასევე უცნაურად „გამოიყურება“ და სულ იმას ცდილობს, როგორ მოგატყუოთ. გამოქვაბულის სივრცეები 3D ლაბირინთის შეგრძნებას გიჩენთ, ირგვლივ კი სულ წყალია – წვეთა, დინება, ვარდნა. ამ ყველაფრის თავზე წარმოქმნილი ექოთი თქვენ გიჩნდებათ ილუზია, რომ ვიღაც გამუდმებით ლაპარაკობს. ეს ხმა ძალიან რეალურია.

თეგები: 
0
01.03.16
zaza185
მკვლევარი და დამხმარე
ხათუნა შავგულიძე
კიკალა სტუდიო

ბეჟან ლორთქიფანიძე ზოოლოგია. 1999 წელს დაამთავრა თსუ-ს ბიოლოგიის ფაკულტეტი და სახეობათა კონსერვაციის ცენტრ „ნაკრესში“ დაიწყო მუშაობა. ზოგადად, კონსერვაციული კვლევითი საქმიანობის გარდა, მისი სამეცნიერო და საველე სამუშაო მსხვილი ძუძუმწოვრების პოპულაციების კვლევა-მონიტორინგს ეხება.

რისგან შედგება თქვენი სტანდარტული საველე სამუშაო?

მაგალითისთვის ავიღოთ მგელი. მისი მონიტორინგისთვის, გარკვეული რაოდენობის ინდივიდს უნდა შეებას GPS-ით აღჭურვილი საყელურები, რომელიც GSM სიგნალით რეგულარულად იძლევა ინფორმაციას ინდივიდების ადგილმდებარეობის შესახებ რეალურ დროში. მასალა გროვდება და რუკაზე დაიტანება; იკვეთება უმნიშვნელოვანესი სურათი: თითოეული ინდივიდის გადაადგილების მარშრუტები, საცხოვრებელი ფართი, დღეღამური აქტივობა, ნადირობისა და ფერმების შეწუხების სპეციფიკა და ა. შ. ეს კი მგლისა და ფერმერის უკეთ დაცვისა და დაცული ტერიტორიის მენეჯმენტის გაუმჯობესების ფუნდამენტია.

რამდენად რისკიანია ველური ბუნების სპეციალისტის სამუშაო?

ერთხელ, ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიაზე დათვი დავაძინეთ. ხაფანგი სპეციალური ტროსია, რომელიც ეცმება თათზე. მეგონა, ეძინა, ჯოხით მოვსინჯე, უცებ წამოვარდა, ღრიალით გამოქანდა და სულ ახლოს მოწყვეტით დაეცა – ტროსმა აღარ გამოუშვა. ხაფანგმა გადამარჩინა. აღელვებულმა მეორე დოზა გავუკეთე. საყელურიც შევაბით. ზოგადად, ნებისმიერი საქმე შეიძლება რისკიანი იყოს. დაცული ტერიტორიების რეინჯერები ყოველ დღე რისკავენ ბრაკონიერების დევნისას. 2012 წელს ბორჯომ-ხარაგაულში რეინჯერი მერაბ არევაძე დაიღუპა. ჩემი რისკი მათთან შედარებით არაფერია.

ივნისის წყალმოვარდნის დროს ბეჰემოთის იმობილიზაციაში იღებდით მონაწილეობას...

ეს „ბუნჩულა ცხოველი“ ძალიან აგრესიული და არაპროგნოზირებადია. აფრიკაში, წელიწადში 3000-მდე სიკვდილის შემთხვევა სწორედ ბეჰემოთის „კისერზეა“. ცხადია, ეს ვიცოდი, როდესაც გმირთა მოედანზე ზოოპარკის ვეტერინარებთან ერთად „იმობილიზაციის ოპერაცია“ ჩავატარეთ. ჩვენი ამოცანა იყო მისი გაბრუება, რადგან სრული იმობილიზაციისას ასეთი მასის ცხოველს დაუზიანებლად ვერ გადავიყვანდით. ყველაზე საშიში მასთან მიახლოება იყო, არადა, ვოლიერში თავისი ფეხით უნდა დაგვებრუნებინა. საბედნიეროდ, პრეპარატმა კარგად იმუშავა და „ბეგიც“ მის ველურ თანამოძმეებზე უფრო მშვიდობიანი აღმოჩნდა.

თეგები: 
ბეჟან ლორთქიფანიძე კიკალა
01.08.15
zaza186
ბავშვების მაშველი
მარკ სილვერი
მარკო გრობი

ლალეი ლაბუკომ საკუთარ თავზე ბევრი არაფერი იცის, არცდაბადების თარიღი (მისი ვარაუდით, ოქტომბერი, 80-იანი წლების დასაწყისი). ეთიოპიაში, ომოს ხეობაში მცხოვრები მისი ტომი ჩანაწერებს არ აკეთებს. სამაგიეროდ, კარგად იცის, რომ არ მოისვენებს, სანამ ბავშვთა ხოცვის შემზარავ ჩვეულებას წერტილს არ დაუსვამს. ამ წესის მიხედვით, ქორწინების გარეშე გაჩენილი, უხუცესების ნებართვის გარეშე დაბადებულები ან ისეთი ბავშვები, რომელთაც პირველად ზედა კბილები ამოსდის, დაწყევლილები არიან. ლაბუკომ 37 ბავშვი უკვე გადაარჩინა. ისინი კალიფორნიელი ფოტოგრაფისა და რეჟისორის - ჯონ როუს აშენებულ სახლში ცხოვრობენ. როუ არის ომოს ბავშვთა ორგანიზაციის თანადამფუძნებელი.

როდის შეიტყვეთ ამ ტრადიციის შესახებ?

დაახლოებით 15 წლის ვიყავი. სოფლის უხუცესმა ატირებულ დედას ორი წლის ბავშვი წაართვა. ვერ მივხვდი რა მოხდა. დედამ ამიხსნა, რომ ტომის აზრით, ზოგი ბავშვი „მინგია“, რაც „დაწყევლილს“ ნიშნავს.

როგორ კლავენ ბავშვებს?

ხანდახან მათ ბუჩქებში წყლისა და საკვების გარეშე ტოვებენ ან, უბრალოდ, კლდიდან აგდებენ.

პირველად როდის გადაწყვიტეთ ზომების მიღება?

2008 წელს უხუცესებს ვუთხარი, თქვენ გგონიათ, რომ ამ დაწყევლილ ბავშვებს ავადმყოფობა და შიმშილი მოაქვთ, ეგებ მე დამითმოთ და წყევლა ჩემზე გადმოვიდეს-მეთქი? ზოგი დამთანხმდა, მოდი ვცადოთო.

რამდენად დიდი იყო რისკი?

ხალხი მაფრთხილებდა, ერთ დღესაც ტომი შენც მოგკლავსო.

როგორც ჩანს, არ დაუჯერეთ?

არა. ჩემმა ტომმა (კარა), ბავშვების ხოცვა, როგორც იქნა, შეწყვიტა, მაგრამ ჰამერის ტომი კვლავ მისდევს ამ წესს. ძნელია უძველესი კულტურის შეცვლა.

თეგები: 
0
25.12.13
zaza184
ვირუსის დამჭერი
პეტ უოლტერსი
მარკო გრობი

ვიკი იენსენსს კოლეჯში სწავლა ახალი დაწყებული ჰქონდა, როდესაც რიჩარდ პრესტონის პოპულარული წიგნი „ცხელი ზონა“ წაიკითხა (წიგნი სასიკვდილო ვირუსებზე იყო) და გაიფიქრა - მინდა ვაკეთო ის, რასაც ეს ბიჭები აკეთებენ. დღეს სწორედ ამ საქმითაა დაკავებული. 38 წლის ასაკში ის აშშ-ის მთავრობის ინტეგრირებული კვლევითი ცენტრის (ფორტ-დეტრიკი, მერილენდის შტატი) ბიოუსაფრთხოების IV დონის ლაბორატორიის (ცხელი ზონა) ვირუსოლოგია. მისი გუნდი სასიკვდილო ვირუსების საწინააღმდეგო მედიკამენტებისა და ვაქცინების შექმნაზე მუშაობს.

როგორ იწყება ჩვეულებრივი დღე თქვენთვის?

დილას ბევრ ყავას არ ვსვამ, ხშირად რომ არ ვირბინო ტუალეტში. ასე რომ არა, ყოველი გასვლისას შვიდწუთიანი სადეგაზაციო შხაპი დამჭირდება.

ამასთან ერთად უნდა მოგეხსნათ ჰერმეტული სკაფანდრი? როგორ მუშაობს ის?

სულ რაღაცაზე ხართ მიბმული. ჰაერი შლანგით მოგეწოდებათ. ამასთანავე, სკაფანდრი შეკუმშულია. თუ გაიხვრიტა, ჰაერი გამოვარდება და ყველა ვირუსს გარეთ გამოიტანს.

თქვენი სკაფანდრი როდესმე გახვრეტილა?

არა.

ისეთი პირი უჩანს, რომ ებოლა აღარ შეგვაწუხებს.

შემთხვევათა რაოდენობა მატულობს. თუმცა გარდაცვლილი ადამიანების რიცხვით, თუნდაც გრიპით გარდაცვლილებს ვერ შეედრება. ის მომაკვდინებელია და ჯერჯერობით შესაბამისი დადგენილი მკურნალობაც არ არსებობს. ამიტომ ებოლას ბიოუსაფრთხოების თვალსაზრისით დიდი ყურადღება ეთმობა.

რა გზებით გადადის ებოლა?

ჯერჯერობით ვიკვლევთ. სავალალო იქნება, თუ ის აირ-წვეთოვანი გზით გადამდებიც გახდა.

ასეთ სასიკვდილო ვირუსებთან მუშაობა არ გაშინებთ?

იცით, არც ისე. სახუმაროა, ზოგჯერ მეშინია ვირუსების, მაგრამ მხოლოდ უკონტროლო გარემოში. როდესაც ვაჟი შემეძინა, ის ძალიან ცუდად იყო. ავიღე ებოლას ვირუსის ფორმის რბილი სათამაშო და ჩავუდე საწოლში. დედამ მკითხა: „რატომ ჩაუდე ებოლა საწოლში?“ მე ვუპასუხე: „სხვა ვირუსებისა და დაავადებებისგან რომ დაიცვას“.

თქვენს ვაჟს ისევ აქვს ებოლას სათამაშო?

კი. 5 წლისაა და ღამით მასთან ერთად სძინავს.

თეგები: 
0
25.11.13
zaza173
გრანდიოზული ფოტოები
მელოდი კრამერი
მარკო გრობი

JR-მა გაზაფხულის სამი კვირა ტაიმს-სკვერში ვაგონში გაატარა. ფრანგი მხატვარი საკვების ნაცვლად გამვლელებს უზარმაზარ ფოტოებს სთავაზობდა. ფოტოზე გამოსახულ სუბიექტებს (შემთხვევით შერჩეულ ნიუ-იორკელებს) შეეძლოთ საკუთარი პორტრეტები შინ წაეღოთ ან ქუჩებში გაეკრათ. JR,რომელიც სახელს არ ამჟღავნებს, 13 წელია მთელ მსოფლიოში შენობების კედლებზე აკრავს სურათებს, ხშირად ისეთ ადგილებშიც კი, სადაც დაპატიმრების ან დეპორტაციის დიდი რისკია და მისმა ფოტოებმა შეიძლება პოლიტიკური დატვირთვაც კი შეიძინონ. ნაირობის (კენია) ერთ უბანში - კიბერაში ხელოვანმა ქალების პორტრეტები გადაიღო, შემდეგ ფოტოზე სახეები შუაზე გადაჭრა, ფოტოების ზედა ნაწილები მატარებლებს მიაკრა, ქვედა ნაწილები კი - ლიანდაგის ქვემოთ, ფერდობზე, გოფრირებული ლითონის ფურცლებზე მიამაგრა. მატარებელი რომ ჩაივლიდა, სურათები წამიერად ჩამწკრივდებოდნენ და ცხოვრების კიდეზე გარიყული ქალები სულ ერთი წამით მთლიანდებოდნენ.

თქვენ ისეთი ადგილების ფოტოები გადაიღეთ, რაც მანამდე არ გადაუღიათ...

ხელოვნების ხიბლი ისაა, რომ მას ყველგან შეუძლია შეაღწიოს. მიყვარს, როცა ხელოვნება ისეთ ადგილას ჩნდება, სადაც მის გამოჩენას არავინ ელოდება. მიხარია, როცა ვხედავ, როგორ აკრავენ ქუჩაში საკუთარ პორტრეტებს ის ადამიანები, რომლებიც მუზეუმშიც კი არ ყოფილან. ფოტოგრაფია ასეთ ადგილებში უნდა შევიდეს, რათა ის ყველამ ნახოს. რატომ არ უნდა მიიღოს ეს სიამოვნება ყველა ადამიანმა?

რა ნიშნით არჩევთ იმ ქვეყნებს, სადაც მოგზაურობას აპირებთ?

ყველა ის ადგილი, სადაც ვიყავი, ტელევიზიით მქონდა ნანახი და სურვილი გამიჩნდა, საკუთარი თვალითაც მეხილა. ჩემი მოგზაურობა იმ წელს იმ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამოძახილი იყო: კენიის ამბოხება, ახლო აღმოსავლეთში ყოველდღე რაღაც ხდება...

ოდესმე მარცხი თუ განგიცდიათ?

ჩრდილოეთ კორეაში ჩანაფიქრი ბოლომდე ვერ განვახორციელე. ზოგჯერ საზოგადოება შეგახსენებს, რომ ხელოვნებას ყველგან არ მიესალმებიან. კანონის დარღვევას არ ვცდილობ, უბრალოდ ხანდახან ჩემი საქმიანობა კანონის ფარგლებში ვერ ჯდება.

კუბაში მოგზაურობა როგორი იყო?

ფიდელის, ჩეს და რაულის პორტრეტების გარდა, ამ ადამიანებს სხვა პორტრეტი არ ჰქონდათ ნანახი. ეს შემთხვევით ფიდელის ან რაულის პორტრეტი ხომ არაა, ოღონდ სხვა რაკურსით გადაღებულიო, - მეკითხებოდნენ. „არა, ეს პაბლოა, იმ კუთხეში ცხოვრობს“, - ვპასუხობდი.

ინსტალაცია ბრუკლინში. JR მხატვარ დენიელ არშამთან ერთად მუშაობდა.

თეგები: 
0
25.09.13
zaza149
ზღვარზე
თამარ სუხიშვილი
მამუკა კიკალიშვილი (კიკალა)

ნიკა ჯანჯღავა - პოლკოვნიკი, ისტორიკოსი და სამართალმცოდნე, რამდენიმე სამხედრო ნაშრომის ავტორი, საკუთარი დახასიათებით - „უბრალო ჯარისკაცი“. 1992 წლიდან მსახურობს საქართველოს შეიარაღებულ ძალებში, 2010-2011 წლებში იყო საქართველოს სამხედრო კონტინგენტის ხელმძღვანელი ავღანეთში. მისი პროფესია რისკთანაა დაკავშირებული, თუმცა საკუთარ თავს რისკიანს არ უწოდებს, რადგან სამხედრო პირისთვის რისკზე წასვლა მოვალეობაა. და მაინც, ის რისკიანია.

რატომ მიდიან ადამიანები რისკზე და რა არის თქვენთვის რისკი?

რისკზე წასვლა ღირს. ეს შენი თავის გამოცდაა. ჩვენი პროფესია მუდმივი რისკია. ნებისმიერ მომენტში რისკისთვის მზად უნდა იყო, ფიზიკურადაც და მორალურადაც. თუ ეს არ შეგიძლია, ესე იგი, სამხედროც არ ყოფილხარ.

ყველაზე რისკიანი ეპიზოდი თქვენი ცხოვრებიდან...

1996 წელს დავბრუნდი აშშ-დან, სადაც საჰაერო სადესანტო მომზადება გავიარე. ჩემი ოცნება იყო, საქართველოს ჯარში ეს სამხედრო სპეციალობა დაენერგათ. მაშინ საქართველოში პარაშუტები არ მოიძებნებოდა. ძლივს მივაგენით ერთ-ერთ რუსულ სამხედრო ნაწილში ორ პარაშუტს, რომელთაც ჯერ კიდევ 80-იან წლებში გაუვიდა ვადა. სხვა არჩევანი არ გვქონდა. იმ დროს საქართველოში სამხედრო მაღალჩინოსნები სკეპტიკურად უყურებდნენ სადესანტო ქვედანაყოფების შექმნის აუცილებლობას. ამ პროექტის ხორცშესასხმელად საჭირო იყო საპარაშუტო ხტომების რეალურად ჩატარება. და მეც გავრისკე. გადმოვხტი... დედამიწამდე 300 მეტრი იყო დარჩენილი, როცა პარაშუტის გუმბათმა რღვევა დაიწყო, როგორც ჩანს, დინამიკური დარტყმის შედეგად. ძალიან უსიამოვნო შეგრძნება დამეუფლა. გუმბათზე ნახვრეტი სულ უფრო და უფრო იზრდებოდა. მთელი ჩემი ოსტატობა გამოვიყენე, რაც ძალი და ღონე მქონდა ვქაჩავდი, რომ გუმბათს ნაკლები დატვირთვა ჰქონოდა და მთლიანად არ დარღვეულიყო. გამიმართლა. დაჯდომა საკმაოდ ხისტი იყო. მიწას დავენარცხე და... ამოვისუნთქე...

არ შეგეშინდათ?

ასეთ დროს რეფლექსებით მოქმედებ, შიში უკვე სიკვდილის ტოლფასია... შემდეგ მეორე ვადაგასული პარაშუტითაც გადმოვხტი, დიდი რისკი იყო, მაგრამ მაინც.

მეორედ რატომღა გარისკეთ?

შიში ბოლომდე რომ დამეძლია. თუ დაიწყე, უნდა გააგრძელო კიდეც...

რატომ იყო ეს ეპიზოდი ასეთი მნიშვნელოვანი?

ამ ეპიზოდმა ერთი რამ მასწავლა: ცხოვრების ყველა გამოწვევა უნდა მიიღო, საინტერესო ცხოვრება რისკის ზღვარზე სიარულია.

თეგები: 
0
25.08.13
zaza148
კოსმოსში მოგზაური
რეიჩელ ჰარტიგან ში
მარკო გრობი

სუნიტა უილიამსს ბავშვობაში ფილმები:„ჯეტსონები“ და „ვარსკვლავური გზა“ ისეთი მომავლის ნიშნად მიაჩნდა, როცა კოსმოსში მოგზაურობა ჩვეულებრივი ამბავი იქნებოდა. სამხედრო-საზღვაო ძალების 47 წლის ყოფილ მფრინავს 322 დღე კოსმოსში აქვს გატარებული. ქალ ასტრონავტებს შორის ის ყველაზე მეტ ხანს, 50 საათია ნამყოფი ღია კოსმოსში. 20 წლის წინ მფრინავ-გამომცდელთა სკოლაში აღმოაჩინა, რომ ასტრონავტობა შეეძლო. მისი თქმით, ღია კოსმოსში ყოფნა საბრძოლო ესკორტთან ერთად ვერტმფრენით ფრენას წააგავს: კონცენტრირებული ხარ შენს საქმეზე, თუმცა, ყოველთვის იცი, სად არიან სხვები.

ღია კოსმოსში რა იყო თქვენთვის ყველაზე შთამბეჭდავი?

ზევიდან დანახული ჩრდილოეთის ციალი.

საშიშია?

2006 წელს, ღია კოსმოსში ჩემი პირველი გასვლისას, მზის ბატარეების პანელს პრობლემა შეექმნა. მიზეზის დასადგენად მაღლა აძრომა დავიწყე (პანელის სადგურთან შემაერთებელ მკლავზე), მეგონა, ცათამბჯენზე მივცოცავდი. საკუთარ თავს ვაიმედებდი, რომ არ ჩავარდებოდი. ამის დასამტკიცებლად ხელები გავშალე. კოსმოსში თუ თვალებს წამით დახუჭავთ, შეგიძლიათ „კოორდინატთა სისტემას“ მიმართულება შეუცვალოთ. გამახსენდა, როგორ ვვარჯიშობდით საცურაო აუზში და ჰორიზონტალურ მდგომარეობაში მყოფ საგანზე გვერდიდან „ავდიოდით“. თავი დავირწმუნე, რომ ყველაფერი რიგზეა, მე ზევით კი არ მივცოცავ, არამედ, გვერდებზე.

კოსმოსში ყოფნისას მიმართავთ რაიმე ისეთ მეთოდებს, მენტალური და ემოციური კუთხით, წონასწორობა რომშეინარჩუნოთ?

პირველი გაფრენისას კოსმოსური სადგურის ბოლოსკენ, რუსული განყოფილებისკენ, ხშირად „მივსეირნობდი“ (იქ იყო სააბაზანო ). კოსმონავტი მიშა ტიურინი ჩაის მთავაზობდა. ხუთი-ათი წუთის განმავლობაში ვისხედით, უფრო სწორად, ვლივლივებდით და ვსაუბრობდით.

კოსმოსურ ტრიათლონს ასრულებდით: სარბენი ბილიკი, ველოტრენაჟორი. როგორ დაცურავდით?

ცურვის იმიტაციას 15 სახის ვარჯიშით ვასრულებდი. ეს, დაახლოებით, 20 წუთს გრძელდებოდა, ეს იყო ჩემი „საცურაო“ დრო.

რა იქნება შემდეგ?

საბოლოოდ, შესაძლოა, მეშვიდე დონის მეცნიერება ვასწავლო. ძალიან მინდა აშშ-მა კიდევ გაუშვას საჰაერო ხომალდი. ბედნიერი ვიქნებოდი, თუ მე გავხდებოდი მისი მფრინავ-გამომცდელი.

თეგები: 
0
25.08.13
zaza164
ადამიანი ღამურა
მაიკლ ფინკელი
მარკო გრობი

დანიელ კიშის ქცევა დაგაფიქრებს იმაზე, თუ რამხელა პოტენციალს ატარებს ადამიანის ორგანიზმი. კიში ბადურის კიბოთი დაიბადა, 13 თვისას ორივე თვალის მოშორება დასჭირდა. მალე ენით წკაპუნა ხმის გამოცემა დაიწყო. ეს გარემოში საორიენტაციოდ ეხმარებოდა. ახლა, 47 წლისა, ექოლოკაციის წყალობით ორიენტირდება. დიახ, როგორც ღამურა. ეს საქმე ისე კარგად გამოსდის, რომ ტრანსპორტით სავსე ქუჩებში ველოსიპედსაც კი დაატარებს. მისი ჯგუფი - "მსოფლიო შესაძლებლობები უსინათლოთათვის", უსინათლოებს წკაპუნის ხელოვნებას ასწავლის.

როგორ მოქმედებს ადამიანის ექოლოკაცია?

ენის დაწკაპუნებაზე ხმოვანი ტალღები გადაიცემა. ეს ტალღები ირგვლივ ყველა ეცემა ზედაპირზე, შემდეგ ისხლიტება და ისევ ყურებში მიბრუნდება, როგორც სუსტი ექო. ჩემი ტვინი ამ ექოს დინამიკურ ხატებად გარდაქმნის. გარემოსთან დიალოგივითაა.

რას ხედავთ, როცა ენას აწკაპუნებთ?

ყოველი წკაპუნი ფოტოკამერის მკრთალი ფლეშივითაა. ყოველი მიმართულებით (10 მეტრის რადიუსზე) ვაგებ ჩემი გარემოს სამგანზომილებიან ხატს. ახლო რადიუსზე რამდენიმე სანტიმეტრის სისქის ჯოხის გარჩევა შემიძლია. 5 მ-ის დისტანციიდან მანქანებსა და ბუჩქებს ვცნობ. სახლებს სადღაც 45 მ-ის მანძილიდან ვაქცევ ფოკუსში.

თუმცა, გრძელ თეთრ ხელჯოხს მაინც იყენებთ...

ჩემ ქვემოთ მდებარე პატარა საგნების გარჩევა მიჭირს.

როგორია ექოლოკაციის გამოყენებით ველოსიპედის ტარება?

არაჩვეულებრივი შეგრძნებაა, თუმცა გარემოს აკუსტიკის მიმართ ძალიან ფოკუსირებულ და მტკიცე კონცენტრაციას ითხოვს. ასეთ დროს ჩვეულებრივზე გაცილებით ხშირად ვაწკაპუნებ ენას – წამში ორჯერ.

საშიშია სამყაროს ამ გზით შეცნობა?

სამყაროში ადამიანთა უმრავლესობა სიკვდილისა და ტრამვების შიშებითაა შეპყრობილი, რაც, დიდწილად, ფანტაზიის ნაყოფია. მიუხედავად ჩემი ჩვევისა, ყველგან ავძვრე, ბავშვობაში არასდროს არაფერი მომიტეხავს.

რატომაა მნიშვნელოვანი სხვა უსინათლოებისთვის ექოლოკაციის სწავლება?

World Access-მა 1000-მდე უსინათლო სტუდენტს ასწავლა 30 ქვეყანაში. ზოგს ძალიან უკვირს, რომ ასე სწრაფად იღებს შედეგს. მე მჯერა, რომ ექოლოკაციის უნარი ჩვენში ლატენტური სახით არსებობს – ძველად ხალხი, შესაძლოა, მას მაშინ იყენებდა, როცა ხელოვნური განათება არ არსებობდა. როგორც ჩანს, ტვინს აქვს უნარი, რომ ექოლოკაციის წკაპუნების ინტერპრეტირება და მართვა მოახდინოს. მის გასააქტიურებლად გარკვეული საშუალებები შევიმუშავე. ხედვა თვალებში არაა, ის ჩვენს გონებაშია. სტუდენტები ამბობენ, რომ ვერასდროს წარმოიდგენდნენ ასეთ თავისუფლებას თუ აღმოაჩენდნენ.

თეგები: 
0
25.07.13
zaza147
თავგადასვლების მაძიებელნი
მარკო გრობი
ჯერემი ბერლინი

სერ რანალფ ფაინსს „მსოფლიო უდიდეს მკვლევარს“ უწოდებენ. იგი უარყოფს ამ ტიტულს, თუმცა მისი ბიოგრაფია უდავო მტკიცებულებაა. ამ ბრიტანელმა 40 წელზე მეტი გაატარა სარეკორდო ექსპედიციებში მდინარეებზე, უდაბნოებსა და ორივე პოლუსზე. გასული წლის ზამთარში 69 წლის ასაკში, ფაინსს დაგეგმილი ჰქონდა ანტარქტიდის გადალახვა, მაგრამ სხეულის ნაწილების მოყინვის მიზეზით, იძულებული გახდა უარი ეთქვა ექსპედიციაზე, რის გამოც გულგატეხილი დარჩა.

თითები დაკარგეთ, გულის შეტევაც გქონდათ... და საქმეს მაინც აგრძელებთ...

თუ ჩემი გუნდის სახელით ვიტყვი, უბრალოდ გვინდა, რომ პირველები ვიყოთ. ექსპედიციების დროს პროექტებსაც ვასრულებდით, რათა თანხა გვეშოვა ქველმოქმედებისთვის. მაგრამ მე ვერასოდეს გავაკეთებ იმას, რასაც მამაჩემი აკეთებდა: ის შოტლანდიის კავალერისტთა უკანასკნელი პოლკის მეთაური იყო.

რა მოხდა?

მე ვერ ჩავაბარე უმაღლესი მათემატიკის გამოცდა და ამიტომაც ვერ მოვხვდი დიდი ბრიტანეთის ოფიცერთა აკადემიაში, თუმცა მაინც მოვახერხე სამხედრო სამსახურში შესვლა, სადაც ჯარისკაცებს ვასწავლიდი კანოეთი ცურვას, თხილამურებზე დგომასა და მთამსვლელობას - ვუტარებდი სათავგადასავლო წვრთნას. სამოქალაქო ცხოვრებაში ამას ექსპედიციას უწოდებენ. სპონსორის შოვნაც, როგორც აღმოვაჩინე, უფრო იოლია, თუ პირველი აკეთებ რამეს.

რომელ მკვლევარს მიიჩნევთ თქვენს მასწავლებლად ან მისაბაძ მაგალითად?

უდაბნოში ჩემი ლაშქრობებისას ნამდვილად ვიყავი აღფრთოვანებული უილფრედ თეზიგერით. პოლუსებზე ეს იქნებოდა დაგლას მაუსონი, და რა თქმა უნდა, კაპიტანი რობერტ სკოტი, პირველი ადამიანი, რომელმაც გადალახა ანტარქტიდა.

თქვენი თავგადასავლებიდან რომელიმე იყო ყველაზე სარისკო?

2007 წელს, თავბრუსხვევასთან გასამკლავებლად, შვეიცარიაში, ეიგერზე ავძვერი. მაგრამ როდესაც მწვერვალს მივაღწიე, გავაცნობიერე, რომ დაბლა არ ჩამიხედავს - ეს მხოლოდ იმიტომ მოვახერხე, რომ შიშს თვალებში არ ჩავხედე.

როგორ უსხლტებით მარცხს ან მოსალოდნელ წარუმატებლობას?

40 წლის მანძილზე ჩემი ექსპედიციების ნახევარი მარცხით დამთავრდა. ვერ განჭვრეტ, მოხსნი თუ არა მსოფლიო რეკორდს. თუ ეს იცი, იცი ისიც, რომ ხშირად შეგიძლია ხელახლა სცადო განსხვავებული საიერიშო სისტემის გამოყენებით.

თეგები: 
0
25.06.13
zaza140
იქ, სადაც თავისუფლებაა
მარკო გრობი
ამანდა ფიგლი

გერლინდე კარტენბრუნერი ისტორიაში პირველი ქალია, ვინც მსოფლიოს თოთხმეტივე 8000 მ-ზე მაღალი მწვერვალი დალაშქრა დამატებითი ჟანგბადის გამოყენების გარეშე. ეს გმირობა 2011 წლის აგვისტოში K2-ის დალაშქვრით დასრულდა. 42 წლის ავსტრიელი მკერდამდე თოვლში ჩაფლული მიიწევდა წინ, ნულ გრადუსზე დაბალ ტემპერატურაზე.

რატომ ადიხართ მთაზე?

როდესაც მთებში ავდივარ, თითქოს საკუთარ თავს ვპოულობ. იქ თავისუფლებაა და სრული კონცენტრაციაა შესაძლებელი. არანაირი სხვა ინტერესი, მხოლოდ მაღლა ასვლა.

ყოველთვის დაგაქვთ თან რაიმე განსაკუთრებული?

ჩემი ტიბეტური სამაჯური. მისი ქვები გამოხატავენ ძალას, ენერგიას, წარმატებასა და ჯანმრთელობას.

რა იყო თქვენთვის ყველაზე საშიში მომენტი?

2007 წელს დჰაულაგირიზე (ნეპალი) დილით ზვავი მოწყდა და ჩემს კარავში შემიტანა. ისე ბნელოდა არ ვიცოდი, მაღლა ვიყავი თუ დაბლა. მაშინ ვიფიქრე, რომ, არა უშავს, ვსუნთქავ მაინც. ყოველთვის დამაქვს პატარა დანა. კარავში ხვრელი ამოვჭერი, ნელ-ნელა მოვახერხე გარეთ გამოსვლა. ვეძებდი რომლებიც ჩემს მახლობლად დაბანაკებულ სამ ესპანელ მთამსვლელს. ორი მათგანი დაღუპულიყო. იმ მომენტში თითქოს ყველაფერი დამთავრდა. პირველად გამიჩნდა მთის დატოვების სურვილი.

როგორ გადაიტანეთ ეს საშინელი შემთხვევა?

ამაში ჩემს ქმართან, რალფთან საუბარი დამეხმარა, რომელიც ასევე მთამსვლელია და კარგად ესმის ჩემი. მე გავაცნობიერე, რომ არ შემეძლო ტრაგედიის შეჩერება და ვერ შევწყვეტდი მთამსვლელობას - ეს ჩემი ცხოვრებაა. ერთი წლის შემდეგ იმავე ადგილას დავბრუნდი. იქ ყველაზე ლამაზი მზის ამოსვლა იყო, რაც კი ოდესმე მინახავს. აქ სიხარული და მწუხარება ერთმანეთთან ახლოს არიან.

არის ეს ის, რისი კეთებაც ყოველთვის გინდოდათ?

დიახ. მოზარდობისას ვოცნებობდი, რომ პროფესიონალი ალპინისტი გავმხდარიყავი, თუმცა არ ვიცოდი როდის უნდა გამეკეთებინა ეს. 2003 წლამდე ექთანი ვიყავი. ამის შემდეგ გავბედე, რომ თავი მთლიანად მთამსვლელობისათვის მიმეძღვნა.

რა რჩევას მისცემდით მოზარდებს, რომლებსაც ასეთივე ოცნება აქვთ?

ყველაზე მნიშვნელოვანია შინაგანი მისწრაფების. არ აქვს მნიშვნელობა, რას ამბობენ სხვები, თუ რა არის უკეთესი შენთვის - მოუსმინეთ საკუთარ გულს. თუ რაიმე მართლაც გიყვართ, ყოველთვის იპოვით მისი მიღწევის საშუალებას. მისწრაფების გარეშე კი ეს ყველაფერი უაზრობაა.

თეგები: 
0
25.06.13
zaza141
ბარიერი გადალახულია
მარკო გრობი
მარკ სილვერი

ფელიქს ბაუმგარტნერი პირველია, ვინც ბგერის სიჩქარის ბარიერი გადალახა... ვარდნით. შარშან ოქტომბერში ის საჰაერო ბურთით სტრატოსფეროში აფრინდა, 36,3 კმ სიმაღლიდან პარაშუტით გადმოხტა და 1,356 კმ/სთ სიჩქარე განავითარა. 44 წლის ასაკში ის სამაშველო ვერტმფრენების მართვას აპირებს.

ზოგიერთები ამბობენ, რომ რაც თქვენ გააკეთეთ, ტრიუკი იყო.

მითხარით მათი სახელები!

თქვენი სპონსორი იყო „რედ ბული“ და 36,3 კილომეტრიანი ნახტომი მართლაც ტრიუკს ჰგავს...

მე არ მომწონს სიტყვა „ტრიუკი“. რა არის ტრიუკი? რაღაც ძლიერ რისკიანის შესრულება. ეს დაგეგმვას მოითხოვს. უსაფრთხოება პრიორიტეტულია. ასევეა აქაც.

თუ ეს ტრიუკი არ არის, რა ისწავლეთ?

დავამტკიცეთ, რომ მაღალ სიმაღლეზე გადარჩენა შესაძლებელია, გამოვცადეთ მომავალი თაობის სკაფანდრი. NASA-ს აინტერესებს, თუ რა მოხდება, როცა ადამიანი ბგერის სიჩქარეს გადალახავს.

აგვიწერეთ თქვენი ნახტომი?

მე არ შემშინებია, რადგან ვვარჯიშობდი. თავდაპირველად ეს ცურვას ჰგავს. ავითარებთ სიჩქარეს. ძალიან სწრაფად მიფრინავთ, თუმცა ვერასდროს აღიქვავთ, რამდენად სწრაფად. სივრცე დამატყვევებელია, მაგრამ მტრულადაა განწყობილი. დაცვის გარეშე იქ არაფერი გესაქმებათ.

თეგები: 
0
25.06.13
zaza142
უცნობ სამყაროში
მარკო გრობი
რეიჩელ ჰარტიგან ში

სილვია ერლმა თითქმის ერთი წელი ოკეანის სიღრმეებში ყვინთვაში გაატარა. 60-იან წლებში ეს ოკეანოგრაფი იბრძოდა, რომ იმ ექსპედიციაში ჩაერთოთ, სადაც ქალებს არ სწყალობდნენ. დღესდღეობით 77 წლის ლეგენდარული მკვლევარი საზღვაო ნაკრძალების შექმნისთვის იბრძვის.

ყოფილხართ ისეთ სიტუაციაში, როცა, ასე ვთქვათ, თავს ზევით ძალა აღარაა?

ყვინთვის დასრულების შემდეგ ოკეანის ზედაპირზე ამოვედი. ნავი იქ აღარ დამხვდა, სადაც დავტოვე. მომიწია ჩემი თანამგზავრის დამშვიდება, რომელიც პანიკაში ჩავარდა. მაგრამ დარწმუნებული ვიყავი, რომ ნავი დაბრუნდებოდა.

როდისმე შეგშინებიათ?

მე ვენდობი აპარატის შემქმნელ ინჟინრებს და ვიცი, რომ სათადარიგო აღჭურვილობაც ადგილზეა. პრობლემის შექმნისას, არსებობს შესაბამისი ინსტრუქცია. შემდეგ მღელვარებას წყლის ზედაპირზე ვტოვებ და ვსარგებლობ წყალქვეშ ყოფნის პრივილეგიით. იქ ხომ, ჩვეულებრივ, ადამიანები არ ჩადიან.

რამდენად შეცვალა ოკეანემ დროთა განმავლობაში თქვენი კარიერა?

ჩვენ მეტი გავიგეთ და მეტი დავკარგეთ. მარჯნის რიფების ნახევარი აღარ არსებობს ან დეგრადაციის სტადიაშია. ეს რბოლას წააგავს: შევძლებთ ზომების მიღებას მანამ, სანამ ჯერ კიდევ დროა?

თეგები: 
0
25.06.13
zaza143
აღმოჩენა ყინულის ქვეშ
მარკო გრობი
პიტერ გვინი

პოლ ნიკლენმა თავისი ბავშვობის უმეტესი ნაწილი ბაფინის კუნძულზე (კანადა), არქტიკული ლანდშაფტების დაზვერვაში გაატარა ინუიტ ბავშვებთან ერთად. ამ გამოცდილებამ მიიყვანა იგი ფოტოგრაფიამდე. ახლა, 44 წლის ასაკში, პოლარულ ველურ ბუნებას სურათებს უღებს.

რა წვლილი მიუძღვის ბავშვობას თქვენი, როგორც ფოტოგრაფის ჩამოყალიბებაში?

ჩვენ არ გაგვაჩნდა რადიო, ტელევიზორი, ან ტელეფონი. სულ გარეთ ვიყავი. შვიდი წლისამ ავიღე მამაჩემის წერაქვი, ავედი მთაზე და ყინულში ხვრელი ამოვჭერი, რომ არქტიკულ გოჭალა (Salvelinus alpinus) დამეჭირა. ვერთობოდი, თუმცა იმ გარემოში გადარჩენასაც ვეჩვეოდი.

რომელი იყო ყველაზე საშიში სიტუაცია?

მაშინ ფოტოებს ლომვეშაპებს ვუღებდი, რომლებიც ბევრად უფრო არაპროგნოზირებადი არიან, ვიდრე თეთრი დათვები. მარტოდმარტო ვიყავი სქელი ყინულის ქვეშ, როდესაც ჩემი საყვინთი აღჭურვილობის წნევის რეგულატორი გაჩერდა. ვიცოდი, რომ ყინულის ხვრელისკენ ვერ შევძლებდი დაბრუნებას. თავში გამიელვა, რომ ასე უნდა მოვკვდე. საბედნიეროდ, რეგულატორი ამუშავდა.

როგორ უმკლავდებით ექსტრემალურ სიცივეს პოლარული ყინულის ქვეშ ყვინთვისას?

მე სელაპის უმ ხორცს მივირთმევ. თეთღი დათვები ამით ცხოვრობენ. ის მსუყეა, როგორც ზეთში გაჟღენთილი საქონლის ღვიძლი, მაგრამ ისეთ შეგრძნებას გიტოვებს, თითქოს კუჭში ცეცხლი გინთია.

თეგები: 
0
25.06.13
zaza144
უკანასკნელი მოწმე
მარკო გრობი
ნილ შეი

ჯეიმს ნახტვეი კოლეჯის შემდეგ სავაჭრო ფლოტში შევიდა და მოგვიანებით შეისწავლა ფოტოგრაფია. 30-წლიანი კარიერის განმავლობაში მან მსოფლიოს ყველაზე სახიფათო ადგილები მოიარა და კაცობრიობის უდიდესი ბრძოლები აღბეჭდა.

ეს სამუშაო ხომ სახიფათოა.

შეიძლება ყველაფერი სწორად მოიმოქმედო და მაინც მოგკლან. რამდენჯერმე ჩემთან ახლომყოფ ადამიანებს ესროლეს, ზოგჯერ მოკლეს, თუმცა მე ეს არ შემხებია. ფიზიკური საფრთხეების გარდა, უამრავი ტრაგედიის მოწმეც გავხდი. ეს არის ტვირთი, რისი ტარებაც მიწევს.

თქვენ ხელყუმბარით მძიმედ დაიჭერით ერაყში. და მაინც დაბრუნდით.

ვფიქრობდი, რომ ჩვენმა თანამემამულეებმა უნდა იცოდნენ და პატივი მიაგონ ჩვენს დაღუპულ სამხედროებს, ასევე უნდა გაიგონ ომის ნამდვილი ფასი და დასვან მართლზომიერი კითხვები მის შესახებ.

თვლით თუ არა სამხედრო ფოტოგრაფიას კვლევად?

მე ისტორიას რეალურ დროში გადმოვცემ. ასე, რომ ეს არის რაღაც უცნობის კვლევა. მე საშიშ ადგილებზე დავდივარ. მუდმივად ვშთანთქავ მგრძნობიარე ინფორმაციას და ზოგჯერ სამკვდრო-სასიცოცხლო მნიშვნელობის გადაწყვეტილებებს სწრაფად ვიღებ.

თეგები: 
0
25.06.13
zaza145
60 წელი მწვერვალზე
მაშო სამადაშვილი
მამუკა კიკალიშვილი (კიკალა)

შოთა მირიანაშვილი - 77 წლის მთამსვლელი, საქართველოს მთამსვლელთა ფედერაციის პრეზიდენტი. ტრავერსების კლასში საბჭოთა კავშირის ჩემპიონი, არაერთგზის ჩემპიონი სასიმაღლო, კლდოვან და ტექნიკურ კლასებში. საერთაშორისო მასშტაბით ორ ათეულზე მეტი ექსტრაკლასის მარშრუტის ავტორი, 100-ზე მეტი ალპინიადის ხელმძღვანელი. აილამა, შხარა, ჯანღა, უშბა, წურუნგალა, პამირისა და ტიანშანის მთიანეთი... - ეს მის მიერ დალაშქრული მწვერვალებია.

პირველად როდის წახვედით მთაში?

17 წლის ვიყავი. უნივერსიტეტის ალპინიზმის კლუბიდან ყელის ტბის სათავეებთან წავედით. იქ დაუპყრობელ მწვერვალზე ავედით და მას “თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი” დავარქვით.

მას შემდეგ 60 წელია მთაში დადიხართ…

ასეა. ამ პერიოდში ჩემს მეგობართან, საუკეთესო ალპინისტ დიმიტრი დანგაძესთან ერთად 15 ათასზე მეტი ადამიანი წავიყვანე მთაში, მგონი რეკორდიც კია. მახსოვს, 2003 წელს ჩემმა მოსწავლემ ამერიკული ალპინისტური ჟურნალი ჩამომიტანა, რომელშიც ვრცელი სტატია იყო მსოფლიოს რთული მარშრუტების შესახებ: კავკასიონზე ყველაზე რთულ მწვერვალად შხარა იყო დასახელებული; იქ აღწერილი შვიდი ექსტრაკლასის მარშრუტიდან სამი ჩემი დალაშქრული იყო. ბოლო ინფორმაცია არ ჰქონდათ, რადგან ამასობაში ორი კიდევ უფრო რთული მარშრუტი დავამატე.

რისკიანი პროფესია გაქვთ, რა არის ალპინიზმში ყველაზე რთული?

ამ 60 წლის მანძილზე მთაში 40-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. 1980 წლის ექსპედიციაში ოთხი კაცი დამეღუპა, სავარაუდოდ, დაშვებისას მოწყდნენ... 70 მეტრიღა ჰქონდათ დარჩენილი. ბევრჯერ გავმწარებულვარ და მითქვამს: ეს ჩემი ბოლო მწვერვალი იქნება-მეთქი, მაგრამ როდესაც ჩამოდიხარ, თითქოს, ყველაფერი დავიწყებას მიეცემა და სეზონის მოახლოვებას ისევ გულისფანცქალით ელოდები...

რომელიიყო ყველაზე ძნელი მარშრუტი?

1979 წელს საბჭოთა კავშირის ჩემპიონატისთვის პამირში 6800-მეტრიანი მწვერვალი შევარჩიე. ეს მარშრუტი სასიკვდილოდ სახიფათოდ მიიჩნიეს და უარი მითხრეს. მწვერვალზე მაინც ავედით. გუნდის ერთ-ერთ წევრს პალოების ამოხრახნისას გული წაუვიდა და სამი ადამიანი ჰაერში აღმოვჩნდით. კიდევ კარგი არ თოვდა. ნამქერში ჩავცვივდით. საოცარია! გადავრჩით.

წელსაც აპირებთ მთაში წასვლას?

რა თქმა უნდა. წელს ქართული ალპინიზმისთვის საიუბილეო თარიღია: 1923 წელს ქართველ მთამსვლელთა ჯგუფი პირველად ავიდა მყინვარწვერზე. აგვისტოში 100-კაციანი ჯგუფით ისტორიულ მარშრუტს გავიმეორებთ.

თეგები: 
0
25.06.13
zaza146
სახიფათო ფრენები
ჯერემი ბერლინი
მარკო გრობი

ჩონ შექარჯოღლი ორნითოლოგია. მისი საქმიანობაა ფრინველთა გადაშენების პროცესის დოკუმენტირება და პრევენცია. აშშ-ის პროფესორი მშობლიურ თურქეთში კონსერვაციონისტთა ჯგუფს ხელმძღვანელობს. ერთდროულად რამდენიმე დავალებისთვის თავის გართმევა დიდ რისკთანაა დაკავშირებული.

რატომ აკეთებთ იმას, რასაც აკეთებთ? ვინ იყო თქვენი შთაგონების წყარო?

ბუნება ყოველთვის მიტაცებდა. როცა სხვები ფეხბურთს თამაშობდნენ, მე სახლში ცხოველები მომყავდა. დედამ ბავშვთა ფსიქიატრთან მიმიყვანა! ჩემი ყველაზე დიდი შთაგონება ჩემი უსაყვარლესი მამაა. რთულ ეკონომიკურ პერიოდში, მან ბუღალტრის საქმე მიატოვა და თურქეთში პირველი მოდელ-თვითმფრინავების კომპანია შექმნა.

რა ფიზიკური ხიფათი ახლავს თან თქვენს სამუშაოს?

ყოფითით დაწყებული, ეგზოტიკურით დამთავრებული. ფრინველების კვლევის დროს ალასკაზე გრიზლი დამესხა თავს, ტანზანიაში კი - სპილო. უგანდაში გველგესლასთან მქონდა პრობლემები. სამხედროებსა და ტერორისტებს ჯაშუში ვეგონე, კოსტა-რიკაში ბრბო მაჩეტეებით გამომეკიდა... გულწრფელად რომ გითხრათ, ადამიანების უფრო მეშინია, ვიდრე ველური ბუნების.

როცა თურქეთში გარემოს დამცველი ხარ, ეს პოლიტიკურად რთულია?

დიახ, როცა ვაკრიტიკებ იმ ინსტიტუციებს, რომლებიც კვლევებისთვის ლიცენზიებს მაძლევენ. სახელმწიფო ლაპარაკობს კონსერვაციაზე, თუმცა მისი პრიორიტეტი ბუნებისგან სარგებლის მიღებაა. ტყის მასივებს აღადგენს და თან ძველ ტყეებს ჩეხავს. მდინარეებს ჯებირში აქცევენ. ვცდილობ, ერთი ასეთი ჯებირის აშენება შევაჩერო, რომელიც მდინარე არაქსის იმ ჭარბტენიან ტერიტორიებს გაანადგურებს, სადაც თურქეთის ფრინველთა სახეობების ნახევარი ბინადრობს.

თუმცა, თუ ბევრ რამეს ვიტყვი, დავისჯები, ერთი შეხედვით, ოფიციალური, კანონიერი მიზეზების საფუძველზე. სამაგიეროს გადახდა თურქეთში ხშირად არაპირდაპირ სახეს ატარებს.

ადვოკატირება თქვენს აკადემიურ კარიერას ხომ არ უშლის ხელს?

ზოგი აკადემიკოსი ამას ხელშემშლელად მიიჩნევს. ჯერ-ჯერობით, ჩემი სკოლა - იუტის უნივერსიტეტი ამ საკითხს ძალიან გაგებით ეკიდება, მაგრამ ოქროს შუალედისა ოქროს შუალედის დაცვა საჭიროა.

არასდროს გაშინებთ ყველა ის რისკი, რომელიც თქვენ წინაშე იჩენს თავს?

ვერ გეტყვით, რომ რისკებს აქტიურად ვეძებ. მაგრამ არც გავურბივარ. რისკზე წასვლა ნიშნავს, რომ შეიძლება, რაღაც არ გამოგივიდეს. თუმცა, რაღაც თუ არ გამოგივა, ეს ნიშნავს, რომ სულ თუ არაფერი, ცადე მაინც. ცდა კი ყველაფერია, რაც შემიძლია, გავაკეთო. თუ ბოლოს არაფერი გამომივა, ეს ბრძოლით მოხდება.

თეგები: 
0
25.05.13
zaza139
44 ათასი კილომეტრი ჰაერში
პეტ უოლტერსი
მარკო გრობი

ბარინგტონ ირვინგი 2007 წლის 27 ივნისს (23 წლის ასაკში) მაიამიში დაეშვა. მას შემდეგ ისყველაზე ახალგაზრდა (და პირველი აფროამერიკელი) მფრინავია, რომელიც სამყაროს გარშემო სოლო-ფრენებს ახორციელებს. სკოლაში ამერიკული ფეხბურთის ვარსკვლავი იყო. ჯერ სულ რაღაც ერთი წელი იყო, რაც ავიაციას სწავლობდა, რომ უკვე სპონსორების ძიება დაიწყო ერთძრავიანი თვითმფრინავის დასამზადებლად, რომლითაც 44 000 კილომეტრს გაივლიდა. ირვინგი ამბობს, რომ თავისი მოგზაურობით ახალგაზრდების შთაგონება სურდა, რათა მათ საკუთარი უნარი გამოეცადათ და უფრო ძლიერები გამხდარიყვნენ. დღეს ის პილოტიცაა და მასწავლებელიც: საკუთარ გამოცდილებას ფლორიდელ ბავშვებს უზიარებს და მოსწავლეებს ეხმარება, ცაში თავიანთი აღმოჩენები გააკეთონ.

რატომ დაფრინავთ?

ფრენისკენ ზეცასა და მიწას შორის ყოფნის განცდა მიზიდავს. შენი სიცოცხლე ცასა და დედამიწას შორისაა გამოკიდებული. სხვა რა შეიძლება იყოს ისეთი, რაც ადრენალინს ასე ძლიერად მოგიზღვავებს და ამხელა სიმშვიდესაც მოგიტანს.

იქნებ გაიხსენოთ ის დრო, როდესაც ასეთი შერეული ემოციები გქონდათ...

ყოველ ჯერზე, როცა ამ ამბავს ვყვები, მბურძგლავს. ჩრდილო იაპონიიდან წამოვედი და ალასკას პაწაწინა კუნძულ შემიაზე უნდა გავფრენილიყავი. ძლიერი ტურბულენტობა იყო, ქარის სიჩქარე 70-დან 110-მდე კვანძი. ბოლო სამ საათში კი სერიოზული ყინულის შტორმიც დაიწყო. ავიახაზების პილოტები რადიოგადამცემით მიკავშირდებოდნენ: მანდ რა ჯანდაბას აკეთებ, უკან უნდა შეტრიალდეო, - მეუბნებოდნენ. მე კიდევ ჰაერში ვიყავი გამოკიდებული ამ ერთძრავიანი თვითმფრინავით. უკან მოსაბრუნებელი საწვავი არა მაქვს-მეთქი, - ვუთხარი. ჰოდა, ამ ადამიანებმა მშობლების სახელი და ტელეფონის ნომერი გამომართვეს, სხვა გამოსავალი არ არისო. კუნძულ შემიაზე დაშვებისას, ავზში 12 წუთის სამყოფი საწვავი მესხა. მაშინ მივხვდი, რომ რასაც ვაკეთებ, ჩემი მოწოდება და ვალია.

თქვენ გაქვთ სკოლა, სადაც ბავშვები მეცნიერებასა და საინჟინრო საქმეს ეუფლებიან...

მოწაფეებს თვითმფრინავი დავამზადებინეთ. ,,მგონი შემეშალა”, ,,ამაში დახმარება მჭირდება!” - ხშირად მესმოდა მათგან მუშაობის პროცესში. თვითმფრინავი რომ დავძარი, თავში დამკრა: ეს ხომ ბავშვების დამზადებულია! ნეტავ, რა მოხდება, ძრავმა რომ მიმტყუნოს?

მაგრამ ხომ გაფრინდა?

კი, რა თქმა უნდა. მშვენივრად გაფრინდა.

თეგები: 
0
25.04.13
zaza138
ყინულოვან წყალში მყვინთავი
პეტ უოლტერსი
მარკო გრობი

რიან უოლერი 10 წლის განმავლობაში იკვლევდა ღრმა წყლის მარჯნებს. საბორტო ილუმინატორების მეშვეობით ვიდეოგამოსახულების მიღება ოკეანის ფსკერზე (დაახლოებით 1000 მ-ის სიღრმეზე) მყოფი რობოტი წყალქვეშა ნავების პირდაპირი ვიდეო-გადმოცემების საშუალებით ხდებოდა. მარჯნები იმ ეკოსისტემის საძირკველია, რომელსაც თევზსაჭერი ბადეები სულ უფრო მეტად აზიანებს; მეცნიერებმა ცოტა რამ თუ იციან სიცოცხლის იმ ფორმების შესახებ, რომლებიც ძალიან ნელა იზრდებიან, რადგან მათთან მიახლოება ძალიან რთულია. რამდენიმე წლის წინ მარჯნის სახეობები ალასკის ფიორდების წყალმარჩხ ადგილებში აღმოჩნდა. თხელ წყალში ყვინთვა შესაძლებელი იყო. მეინის უნივერსიტეტის 34 წლის ზღვის ბიოლოგი ერთადერთი პრობლემის წინაშე დადგა: მან ყვინთვა არ იცოდა.

აკვალანგით ყვინთვისათვის გაყინული წყალი საუკეთესო ადგილი არ უნდა იყოს...

დიახ, ეს მეტისმეტია. წყალი ხშირად +10C-ს არ აღემატება; წყალში ჩასვლიდან ხუთ წუთში უკვე ვეღარ გრძნობ გაშეშებულ თავსა და ხელებს. ზაფხულში, როცა ყინული დნობას იწყებს, ძალიან სწრაფი დინებები იცის. ყინულებიდან წამოსული ნალექი კი ხილვადობას ამცირებს.

ფაქტობრივად გაყინულ წყალში ყვინთავთ, არ გეშინიათ?

ძალიან ვფრთხილობ. თუმცა მოგატყუებთ, თუ გეტყვით, რომ არ მქონია მძიმე წუთები. ერთხელ რომ ჩავყვინთე, ისეთი ცუდი ხილვადობა იყო, რომ საკუთარ იდაყვსაც ვერ ვხედავდი. ჩემი პარტნიორის ჟანგბადის ბალონზე ხელჩაჭიდებული, ფიორდის ვერტიკალური კედლის გასწვრივ ჩავდიოდი. ამ დროს სინჯების შესაგროვებელი ჩანთის ასაღებად გავტრიალდი, პარტნიორს ხელი გავუშვი. ერთ წამში ის უკვე აღარ ჩანდა. უცებ თვალებში მთლად დამიბნელდა, ვერც კედელს ვხედავდი და ვერც საკუთარ ხელ-ფეხს. ყურები დამიგუბდა. ისღა დამრჩენოდა, წყლის ზედაპირზე ამომავალი ბუშტუკების მიმართულებაზე დაკვირვებით მეპოვა გზა.

მაგრამ გიღირთ გარისკვა?

რა თქმა უნდა. მიჭირს იმ შეგრძნებების გადმოცემა, რომელიც ღრმა წყლის სახეობებს შორის ცურვისას მეუფლება. აქამდე ისინი მხოლოდ ეკრანზე მენახა: ხედავ კედლიდან გამოჩრილ, მასიურ, თითქმის ორი მეტრი სიმაღლის ამ წითელი მარჯნის ხეების კოლონიებს, ათვალიერებ პოლიპებს, რომელთა საცეცები ხელით შეხებისთანავე უკან იხევენ... ვფიქრობდი, რამხელა ეკოლოგიური სამუშაო ჩატარდებოდა, ერთსა და იმავე ადგილას ორჯერ ჩასვლა რომ შეგეძლოს. მაგრამ ოკეანის სიღრმეში ეს გამორიცხულია. ჯერ კიდევ ვუკირკიტებ მონაცემებს, თუმცა, როგორც ჩანს, ამ მარჯნების დიდ ნაწილს გამრავლებისთვის გაცილებით უფრო ხანგრძლივი დრო სჭირდება, ვიდრე გვეგონა; ეს კი მათ (შესაბამისად, ეკოსისტემას) ადამიანის ჩარევისადმი კიდევ უფრო მოწყვლადს ხდის.

თეგები: 
0
25.03.13
zaza137
კრიზისთა კარტოგრაფი
პეტ უოლტერსი
მარკო გრობი

პატრიკ მაიერი მედფორდში (მასაჩუსეტსი) თავის სახლში იჯდა, როცა 2010 წლის იანვარში ჰაიტი მიწისძვრამ შეაზანზარა. ტაფტსის უნივერსიტეტის 35 წლის დოქტორანტმა სახლიდან გაუსვლელად დაიწყო მიწისძვრით დაზარალებულთა დახმარება. მოხალისეების მობილიზებას შეუდგა, რომლებსაც Twitter-იდან, sms-ებიდან, გაეროს ანგარიშებიდან და სხვა წყაროებიდან საჭირო მონაცემები უნდა ამოეკრიფათ და მუდმივად განახლებადი ონლაინ-რუკა შეექმნათ. ამით მოქალაქეებს, ჰუმანიტარული დახმარების მუშაკებსა და გაეროს სანაპირო დაცვას ეხმარებოდა. ექსპერტების აზრით, ასობით სიცოცხლე იხსნა. დღეს მაიერი (აფრიკაში გაზრდილი შვედეთის მოქალაქე) მთელი მსოფლიოს მასშტაბით ადგენს კრიზისის რუკებს.

რატომ გაგაკრიტიკათ გაერომ ჰაიტის ამბების შემდეგ?

გაეროს ზოგიერთი სააგენტო ნელა რეაგირებდა. მობილიზაციაც ნელა მიმდინარეობდა. თოვლიან ბოსტონში კი მოხალისეთა გუნდმა მიწისძვრის ზიანის რუკა თითქმის მიწისძვრის კვალდაკვალ შექმნა და პროფესიონალებს უახლესი ინფორმაცია მიაწოდა.

როგორ დაინტერესდით კარტოგრაფიით?

12 წლის ვიყავი, სპარსეთის ყურის პირველი ომი რომ დაიწყო. ახლო აღმოსავლეთის დიდ რუკაზე ახალ-ახალ ინფორმაციას ვამატებდი.

თქვენს გუნდთან ერთად რა კრიზისებს შეჭიდებიხართ?

ყველაფერი ჰაიტით დაიწყო. ერთი თვის შემდეგ ჩილეში მოხდა მიწისძვრა. იმავე ზაფხულს – პაკისტანის წყალდიდობა, ივლისში – ხანძარი რუსეთში. იანვარში ბრისბენი (ავსტრალია) დაიტბორა. თებერვალში იყო დიდი მიწისძვრა ქრაისტჩერჩში (ახალი ზელანდია). შევადგინეთ კრიზისის რუკები ეგვიპტესა და ტუნისში. გაერომ გვთხოვა, ლიბიის კრიზისის რუკაც გაგვეკეთებინა.

საომარი ზონის მონაცემები არასასურველ პირებთან რომ მოხვდეს, არ გეშინიათ?

რა თქმა უნდა. ამ რუკების საშუალებით სიკეთეც შეიძლება გააკეთო და ცუდი მიზნებისთვისაც გამოიყენო. თუ ვთქვათ, გაერო ხარ, ლიბიაში, ამ რუკას სამაშველო ოპერაციებისთვის გამოიყენებ. თუ კადაფისადმი ლოიალური ხარ, ჰუმანიტარულ რაზმს იპოვი, რათა მასზე იერიში მიიტანო. ამიტომ ამ რუკას პაროლი დავუყენეთ. ასეთი რუკების შექმნით რეალურ რისკზე მიდიხარ და კარგად უნდა დარწმუნდე, რომ ადამიანებს საფრთხეს არ შეუქმნი.

ოდესმე თუ ყოფილა მეტისმეტად სარისკო ასეთი რუკის შექმნა?

სირიაში მუშაობაზე უარი უმიზეზოდ არ გვითქვამს. კიბერ-მეთვალყურეობის თვალსაზრისით, ლიბიისგან განსხვავებით, სირიას ძალიან გამოცდილი მთავრობა ჰყავს. გავაკეთეთ დანახარჯისა და მოგების ანალიზი და უარი ვთქვით.

თეგები: 
0
25.02.13
zaza131
ექიმი ომის ზონაში
პეტ უოლტერსი
მარკო გრობი

ჯილ სიმენი მრავალი წლის განმავლობაში ცდილობდა, სამხრეთ სუდანში ალყაში მყოფ ადამიანებამდე თანამედროვე მედიცინა მიეტანა. ის 1989 წელს ჩავიდა აფრიკაში გამძვინვარებული ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ეპიდემიის, ვისცერალური ლეიშმანიოზისა (ხორცისმჭამელა პარაზიტული დაავადება, სახელად „კალა-აზარი“) და სასტიკი სამოქალაქო ომის დროს. დღეს ომი დასრულებულია, სამხრეთ სუდანმა დამოუკიდებლობა გამოაცხადა და ეპიდემიაც დაცხრა. მაგრამ ძალადობა, ავადმყოფობები და შიში კვლავ ანადგურებს რეგიონს, რომელიც სიმენის მეორე სამშობლოდ იქცა.

რა ვითარება იყო მაშინ, როდესაც ჩახვედით?

ნახევარზე მეტი მოსახლეობა რეგიონში უკვე დაღუპული იყო. ისეთ სოფლებში მოხვდებოდი, სადაც ერთ ცოცხალ ადამიანსაც კი ვერ გადაეყრებოდი. დაინახავდი ხანძრისგან დარჩენილ ფერფლს. შეიძლება ძვლებზეც კი გაგევლო. იქ არავინ იყო. სიჩუმე სუფევდა, ეს შემზარავი იყო და დამთრგუნველი.

სიკვდილის ყველა მიზეზს უნდა შებრძოლებოდით. მტრის აღწერა შეგიძლიათ?

„კალა-აზარი“ ფლებოტომუსის (ლეიშმანიოზის გადამტანი მწერი) ნაკბენით გადადის, გეწყებათ ციებ-ცხელება, სისუსტე, ელენთა დიდდება. მრავალი კვირის მერე კვდები. 1989 წელს, როცა სამხრეთ სუდანში ჩავედი, უდაბნოში მცხოვრებ პაციენტებს არავინ მკურნალობდა. საჭირო გახდა კვლევა, რათა უდაბნოს პრიმიტიულ ქოხებს გარეთ მაღალტექნოლოგიური დიაგნოსტირება და მკურნალობა ჩაგვეტარებინა. ჩვენი კვლევების უმეტესობა სწორედ ამ საკითხებისადმი იყო მიმართული.

თუმცა ბოლო ოცი წლის განმავლობაში დაავადების აღმოფხვრა მოახერხეთ...

მთლად ასეც არაა. მაშინდელ ეპიდემიას დღევანდელს ვეღარ შეადარებ, რადგან ჯანდაცვა არსებობს. მაგრამ ბოლო სამი წლის მანძილზე კიდევ ერთი აფეთქება გვქონდა. გასულ წელს 2500 პაციენტს ვუმკურნალეთ. ეს დიდი რიცხვია.

დაბომბვისას თქვენი კლინიკა დაიწვა. და მაინც ამბობთ, რისკიანი არ ვარო...

არა ვარ. სერიოზულად გეუბნებით. ჯანდაცვის საკითხებისა და სუდანის მიმართ განსაკუთრებულად სათუთი დამოკიდებულება მაქვს. ბევრი თავზარდამცემი ამბის მოყოლა შემიძლია. ჩვენგან ჩრდილოეთით მდებარე ქალაქში ხოცვა-ჟლეტას რამდენიმე საათში ალბათ 200 ადამიანი შეეწირა. ხალხს უბრალოდ ესროდნენ – ესროდნენ ქალებს, რომლებიც სარეცხს რეცხავდნენ. მაგრამ ეს არაა ჩემი აქ ყოფნის მიზეზი.

მაგრამ თქვენ იქ ხართ და ეს სარისკოა. ასე არაა?

საქმე ისაა, რომ რისკზე მე არ მივდივარ. რისკზე ყველამიდის. ცხოვრება რისკია. ყველამ, ვინც იქ ცხოვრობს, იცის, რომ სიცოცხლე ერთ საათში შეიძლება დამთავრდეს. მიუხედავად ამისა, ისინი ცხოვრობენ და ხარობენ. მე კი მილიონობით ადამიანთან მაქვს შეხება და იმედია, მათ ვეხმარები. ბედმა ამაზე მეტად როგორ უნდა გამიღიმოს?

თეგები: 
0
25.01.13
zaza132
კატის დეტექტივი
პეტ უოლტერსი
მარკო გრობი

იაროსლავ ფლეგრმა 1990 წელს აღმოაჩინა, რომ Toxoplasma gondii-ით იყო დაინფიცირებული. ეს არის პარაზიტი, რომელიც ჩვეულებრივ ცხოვრობს (და მრავლდება) კატებში. ჩეხმა ევოლუციის ბიოლოგმა შეისწავლა და აღმოაჩინა, რომ პარაზიტი „კატის ტუალეტიდან“ ხშირად ადამიანზე გადადის. დაავადება დაბინძურებული წყლითაც ვრცელდება. იაროსლავი კიდევ უფრო განცვიფრებული დარჩა იმით, როცა გაიგო, თუ როგორ გადადის ის კატიდან კატაზე: ამისათვის პარაზიტი ვირთაგვებს იყენებს. როდესაც „ტოქსო“ დააინფიცირებს ვირთაგვას, ის მის ტვინს უტევს და ამის გამო ვირთაგვა უფრო აქტიური და რისკიანი ხდება. საოცარია, მაგრამ მათში კატის შარდი სქესობრივ აღგზნებას იწვევს. საბოლოო ჯამში, უფრო მეტი შანსია იმისა, რომ ვირთაგვა შეჭმას ვერ გადაურჩება. ამ მიგნებამ ფლეგრს რადიკალური გადაწყვეტილება მიაღებინა: გამოეკვლია, ხომ არ აკონტროლებდა ტოქსო მის ტვინსაც. გიჟი ხარო, - უთხრეს კოლეგებმა. როგორც ირკვევა, მისი ეჭვი გამართლდა.

რატომ იფიქრეთ, რომ ტოქსო გაკონტროლებდათ?

ვიფიქრე, რომ ეს ჩემს უცნაურ ქცევებს გარკვეულწილად ახსნიდა, ქცევებს, რომლებიც ჩემთვის არაადაპტურია, თუმცა ადაპტურია პარაზიტისთვის, რომელსაც სჭირდება, რომ ახალ მასპინძელში შეაღწიოს. ქუჩაზე გადასვლისას მანქანების სიგნალებს ყურადღებას არ ვაქცევდი და განზე არც კი გავდიოდი. აღმოვაჩინე, რომ ტოქსოთი დაინფიცირებული ადამიანები 2,6-ჯერ უფრო მეტი ალბათობით ხვდებიან ავარიაში.

ანუ ტოქსო რაღაც ისეთს უშვრება ტვინს, რაც ხალხს უფრო დაუდევარს ხდის?

აღმოვაჩინეთ, რომ ადამიანებში ის რეაქციას ანელებს, რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს საგზაო შემთხვევების რისკზე. დაინფიცირებული ხალხი ლეთარგიულობისკენაცაა მიდრეკილი. ხოლო ჩვენმა საცდელმა მამრობითი სქესის ობიექტებმა კატის შარდის სუნი საკმაოდ სასიამოვნოდ მიიჩნიეს.

მეცნიერებმა დღეს თქვენი თეორია მიიღეს, მაგრამ თავიდან ხალხს სიგიჟე ეგონა.

ბევრისთვის რთული იყო ამ ფენომენის დაჯერება. თავიდან მეც კი გამიჭირდა იმის დაჯერება, რომ რასაც ვაკვირდებოდი, რეალური იყო. მაგრამ ეს ასეა. პოტენციურად ტოქსო წელიწადში ასობით სიკვდილზეა პასუხისმგებელი (შესაძლოა, შიზოფრენიის არაერთ შემთხვევაზეც). თუმცა, მკურნალობის მეთოდი ჯერ არ არსებობს.

კონტრინტუიციური ჰიპოთეზა თქვენი საფირმო ნიშანია. რა გამოწვევები გაქვთ?

როცა სტატიებს ჟურნალებში ვაგზავნი, ხშირად განხილვის გარეშე, უარი მომდის. საინტერესო მტკიცებულებების საფრთხე ისაა (მაგალითად, ვთქვი: დარვინის თეორია მთლად სწორი არაა და შეიძლება მისი გაუმჯობესება), რომ სერიოზულ მეცნიერად არ ჩაგთვლიან. მოლეკულური ინტერაქციების შესწავლით, შესაძლოა, სახელი უფრო გამეთქვა. მაგრამ მე გამოუკვლეველი პრობლემების შესწავლა მომწონს. კმაყოფილი ვარ იმით, რასაც ვაკეთებ.

თეგები: 
0
25.01.13
zaza133
ყინულის მკვლევარი
პეტ უოლტერსი
მარკო გრობი

ლონი თომპსონი ბოლო 38 წელია მყინვარების მწვერვალებზე (პერუდან ჩინეთამდე) დაცოცავს და ყინულის სიღრმეებიდან უმნიშვნელოვანესი კლიმატური მონაცემები ამოაქვს. ასობით მეტრის სისქის მყინვარი შეიძლება ათასწლოვან ინფორმაციას შეიცავდეს: თოვლისა და მშრალი სეზონის მტვრის შრეებს. ზოგიერთის თქმით, თომპსონს 5500 მეტრის ზემოთ უფრო მეტი დრო აქვს გატარებული, ვიდრე სხვა ნებისმიერ ადამიანს, უკანასკნელი დათვლებით - 1099 დღე. მისი მონაცემებით, ჩვენი პლანეტა უპრეცედენტო სისწრაფით თბება. შედეგად დნება ყინული. მისი სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე სახიფათო საქმე კი ახალ, უაღრესად საჭირო დატვირთვას იძენს. თომპსონი ახლა ტიბეტისკენ მიეშურება. სჯერა, დედამიწაზე უძველეს ყინულს იქ აღმოაჩენს, შესაძლოა მილიონი წლის ყინულსაც კი.

უამრავი ადამიანი ადის 5500 მეტრის ზემოთ, მაგრამ თქვენ იქ კვირებს ატარებთ.

როცა ჰიმალაიზე დასუოპუს მყინვარი გავხვრიტეთ, იქ ექვს კვირას გავჩერდით, 7000 მეტრზე. მთამსვლელები ასე არ იქცევიან.

ბევრი გამოწვევა უნდა გქონდეთ...

ექვსი ტონა დასაბანაკებელი და გასაბურღი აღჭურვილობის ატანა 7000 მეტრზე. ეს ერთი პრობლემა, მეხი – მეორე. ანუ იმის თქმა მინდა, რომ ზემოთ ატანილი გაქვს ბურღი, რომელიც პრაქტიკულად ყველაზე დიდი მეხამრიდია მსოფლიოში. მქონია შემთხვევა, როცა ჩემ წინ 3 მეტრში მეხი ჩამოვარდა. კიდევ არის ზვავები, შტორმები, ქარი. შეიძლება სამი-ოთხი დღით სადმე გაეჩხირო ან ქარმა კლდიდან გადაგაგდოს. ვგრძნობ, რომ გამიმართლა, რაკი 64 წლამდე მოვაღწიე.

გასულ წელს გული გადაგინერგეს.

მთები რომ არ დამელაშქრა, გულის პრობლემები მაინც მექნებოდა? ვინ იცის?! მამაჩემი გულის შეტევით გარდაიცვალა, ეს გენეტიკურია. იქნებ ამდენ ხანს იმიტომ ვცოცხლობ, რომ მთებზე დავძვრები.

რატომ არ წყვეტთ მუშაობას?

როცა პერუში კველკაიაზე ვბრუნდები, სადაც 26-ჯერ ვარ ნამყოფი, ისეთი შეგრძნება მიჩნდება, თითქოს კიბოთი მომაკვდავ პაციენტს მოვინახულებ. მოგეხსენებათ, უიმედო ვითარებაა, უყურებ, როგორ დნება სანთელივით. ჩემი სამუშაო გადარჩენის უიმედო მცდელობაა. ისღა შემიძლია, ისტორიას შემოვუნახო „პაციენტის“ ბოლო წამები.

ერთხელ თქვით, რომ მხოლოდ მონაცემები ადამიანის ქცევას ვერ შეცვლის.

ადამიანის ბუნებაა, რომ მხოლოდ დღევანდელი პრობლემა დაინახოს. როცა ხანძრების, გვალვების, ტორნადოების შედეგად ადამიანები თავიანთ სახლებსა თუ მოსავალს კარგავენ, როცა იმ ყველაფერს კარგავენ, რისთვისაც უშრომიათ, – მხოლოდ მაშინ ამბობენ, ვაიმე, ეს რა ხდებაო. არადა, უკვე დავზარალდით. იმედია, ეს მიდგომა სწრაფად შეიცვლება. შეიძლება ერთ ღამეშიც კი შეიცვალოს...

თეგები: 
0
25.01.13
zaza134
გველებზე მონადირე
პეტ უოლტერსი
მარკო გრობი

ზოლტან ტაკაჩი გველებით ბავშვობაში დაინტერესდა უნგრეთში და ეს გატაცება დღემდე გამოჰყვა. ტაკაჩს, ტოქსინების ექსპერტს, ასზე მეტ ქვეყანაში უმოგზაურია, ათასობით რეპტილია დაუჭერია, შეუგროვებია და შეუსწავლია მათი შხამი, რათა ენახა, შესაძლებელია თუ არა შხამის გადაქცევა სიცოცხლის მხსნელ წამლად. თავად ზოლტანი შხამზე ალერგიულია.

მგონი, თქვენ სიკვდილი გინდათ...

იცით რა, ცხოვრებით კმაყოფილი ვარ და სიკვდილი არ მინდა. მყავს ოჯახი, რომელიც ძალიან მიყვარს. ფრთხილად უნდა ვიყო, რადგან ჩემი სამი კოლეგა გველის ნაკბენს შეეწირა. სულაც არ მინდა, რომ ერთ მშვენიერ დღეს შინ არ დავბრუნდე.

როდისმე გველს თუ უკბენია თქვენთვის?

ექვსჯერ, მაგრამ ყოველთვის ჩემი ბრალი იყო. პირველად რომ მიკბინა, 15 წლის ვიყავი. სულ ბოლოს 2008 წელს მიკბინა ბრაზილიაში, ამაზონზე. ამ ყოვლად უდაბურ, ცივილიზაციისგან მოწყვეტილ ადგილას არც თუ ისე ძლიერი შხამიანი გველის ნაკბენმა საშინელი ალერგიული რეაქცია მომცა.

როგორ ფიქრობთ, რატომ ღირს რისკზე წასვლა?

ჩემი საბოლოო მიზანი შხამის სამედიცინო დანიშნულებით გამოყენებაა. ტოქსინებით სადღაც ათი-თორმეტი მედიკამენტია შექმნილი. ზოგი მათგანი ნამდვილი სიცოცხლის მხსნელია. გულის შეტევისას არჩევანი სამ წამალს შორის კეთდება, აქედან ორი რეპტილიის შხამისგან მზადდება. არსებობს სხვადასხვა შხამიანი ცხოველის 100 000 სახეობა 20 მილიონი სხვადასხვა ტოქსინით. წარმოიდგინეთ, რამდენი პოტენციური მედიკამენტის აღმოჩენა შეიძლება.

როგორია ერთი ჩვეულებრივი დღე ველზე?

ჩვეულებრივი დღე არ არსებობს. დედამიწის შორეულ კუთხეებში მივფრინავ, ვყვინთავ, ტყეში ან უდაბნოში მძინავს. დაბრკოლებები განსხვავებულია: ნიანგები, ინფექციები, სამოქალაქო ომები, მეწყერები და მეკობრეები. ციხეშიც ვმჯდარვარ, სპილოც გამომდევნებია და კობრასაც შემოუშხაპუნებია შხამი თვალებში.

ამასთან შედარებით ლაბორატორიული სამუშაო მოსაწყენი უნდა იყოს.

ვერ ვიტყოდი. ლაბორატორია მნიშვნელობას ანიჭებს იმას, რასაც მე ვაკეთებ. პირველი ადამიანი ხარ, ვინც ხედავს, რას აკეთებდა ბუნება ასობით მილიონი წლის განმავლობაში. ამას შევისწავლით და მედიცინაში ვიყენებთ.

თუმცა, პირველ რიგში უნდა წახვიდეთ და ეს შხამები მოიპოვოთ.

მართალია. თვითმფრინავში თუ არ ჩაჯექი, ტროპიკულ ტყეში თუ არ იმოგზაურე და ღამით გველების ძებნა თუ არ დაიწყე, სხვაგვარად არაფერი გამოგივა.

თეგები: 
0
25.01.13
zaza135
ექსტრემალი კაიაკისტი
პეტ უოლტერსი
მარკო გრობი

ტრიპ ჯენინგსმა არაერთი კონტინენტის მდინარე გამოიკვლია. 2008 წელს კი პირველად დაეშვა საბედისწერო ტურბულენტობით განთქმული მდინარე კონგოს ქვედა ტერიტორიებზე. დღეს 30 წლის ორეგონელი ფეხით, მოტოციკლეტით, თვითმფრინავით მოგზაურობს და შორეულ მხარეებში მიეშურება: კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში სპილოს ექსკრემენტებს აგროვებს, რათა სპილოს პოპულაციათა დნმ-ის რუკა გააფართოვოს. ასეთ რუკას ბრაკონიერების მიერ გაყიდული სპილოს ძვლის წყაროს კვალის დასადგენად იყენებენ; ხოლო გასულ ზაფხულს მან საფრთხის წინაშე მყოფი ორაგულის მიგრაცია დოკუმენტურად აღწერა.

ქვირითობის დროს ორაგულის მიგრაცია იმ თვითმფრინავიდან გადაიღეთ, რომელსაც მკვლევარი მაიკ ფეი მართავდა...

მაიკი წარმოუდგენლად ნიჭიერი, მაგრამ შეშლილი პილოტია. მდინარის თავზე 3 მეტრის სიმაღლეზე დავფრინავდით, 60-მეტრიანი ხეების შუაგულში ეს შემაძრწუნებლად საშიშია. მთელი გზა iPad-ს დავცქეროდი, რომელიც თვითმფრინავზე დამონტაჟებული კამერების მიერ დაფიქსირებულ ინფორმაციას მაჩვენებდა. ხანდახან მეგონა, ვიდეო-თამაშის გმირები ვიყავით. როცა ჩემი კაიაკით დავცურავ, სხვა თუ არაფერი, კონტროლის ილუზია მაინც მაქვს.

კაიაკითა თუ მის გარეშე თქვენ გაუკვალავ გზებზე დადიხართ...

ძალიან მნიშვნელოვანია, ჩახვიდე იმ ადგილებში, რომელთაც ადამიანის ხელი არ შეხებია (ასეთი ადგილების რიცხვი ძალიან მცირეა) და მოახდინო მათი დოკუმენტირება, აჩვენო დანარჩენ სამყაროს იმ იმედით, რომ ეს ადგილები ასეთივე დარჩება.

ეს ყოველთვის ადვილი საქმე არაა...

კონგოში იარაღი მომაბჯინეს, თავი ქვიშაში მქონდა ჩარგული. ბოლოს რომ ვიყავი, უმაღლესი სარდალი სიკვდილით დაემუქრა ამ ტერიტორიაზე მომუშავე ყველა კონსერვაციონისტს.

ხომ არ გეშინიათ, რომ რომელიმე მოგზაურობის შეიძლება სიცოცხლეს გამოესალმოთ?

მგონი სიკვდილის არ მეშინია, თუმცა ექსპედიციაში სიკვდილი არ მინდა. მინდა, მოხუცებული მოვკვდე ჩემს ლოგინში და არა თვითმფრინავში, უდაბურ ადგილას ან ბრაკონიერის ტყვიით.

თეგები: 
0
25.01.13
zaza136
გამოიწერეთ
სიახლეები
© 2012-2015 ყველა უფლება დაცულია. ჟურნალსა და ვებგვერდზე გამოქვეყნებული
მასალების ნაწილობრივი ან სრული გამოყენება რედაქციის ნებართვის გარეშე აკრძალულია