იხილეთ ჟურნალის ელექტრონული გამოცემა თქვენს IPHONE-სა IPAD-ზე
ბლოგები >
Post Mortem დიზაინისთვის
 
ზურა ჯიშკარიანი
25.05.16

არა, მე მიყვარს სიკვდილი. შეიძლება ითქვას შემჯდარიც ვარ ამ თემაზე, საბედნიეროდ მასალა არ მაკლდება: “ეგვიპტური მკვდრების წიგნი”, “ტიბეტური მკვდრების წიგნი”, ფსიქოდელურ თრიფში სიკვდილთან შეხვედრა, დაოსური “მედიტაცია სიკვდილზე”, თანატოლოგია, სიკვდილი მითებში, სიკვდილი ლიტერატურაში, სიკვდილი მუსიკაში, სიკვდილი სიყვარულში – კაცობრიობა დაარსების დღიდან ფიქრობს სიკვდილზე. ადამიანები ქმნიან ორდენებს, სექტებს, რელიგიებს ამ თემის გარშემო, სიკვდილის ბიზნესი კი მილიარდობით შემოსავალს იძლევა ყოველწლიურად.

გარდა ამისა, აღმოვაჩინე რომ მიყვარს მკვდრები. ჩემი საყვარელი ავტორების უმრავლესობა მკვდარია, ჩემი “კუმირების” უმეტესობა – მკვდარია. როგორც ძველი ბერძენი ფილოსოფოსი ამბობდა, მეგობრობა მკვდართან – როცა გიყვარს ჯილდოს მოლოდინის გარეშე – არის სიყვარულის უმაღლესი ფორმა. გამოდის რომ მკვდრები უფრო დიდ გავლენას ახდენენ ჩემს ფიქრებზე ვიდრე ცოცხლები. ეს გავლენა მხოლოდ ფიქრებს არ ეხება, კაცობრიობას გაცილებით მეტი მკვდარი ყავს ვიდრე ცოცხალი და როგორც ჩანს, ამ ტენდენციას, ამ ბანალურ მოდას, უახლოეს მომავალში არ უწერია გაჩერება: მკვდრები ყოველთვის მეტნი იქნებიან. უფრო მეტიც, მინდა გითხრათ, რომ მათი რიცხვი ყოველდღიურად მატულობს.

მიუხედავად იმისა, რომ ასეთი აღიარება შეიძლება უცნაურად ჟღერდეს, ჩვენ ყველას გვიყვარს სიკვდილი როგორც საზოგადოებას, ჩვენ თითქმის ვცხოვრობთ სიკვდილით – მაგალითად, ბავშვმაც იცის, რომ მკვდარი ავტორი უფრო საინტერესოა ვიდრე ცოცხალი. მკვდრების კულტი ყოველთვის დომინანტური იყო როგორც პალეოლითის ხანის შოუ ბიზნესში ისე ჩვენს დროშიც.

ასევე, ჩვენ გვყავს გამორჩეული მკვდრები: აი, არის ხალხი ვინც ჩვეულებრივი მკვდარია და არის ხალხი ვინც არაჩვეულებრივი მკვდარია. ამიტომ, თუ ადრე სპეციალურად მათთვის პირამიდებს ან მავზოლეუმებს ვაშენებდით, ახლა – პანთეონები გვაქვს და სკოლიდან ბავშვებიც კი დაგვყავს რომ ვანახოთ სად განისვენებენ პატივსაცემი მკვდრები.

ამას დაუმატეთ ყოველწლიური რელიგიური რიტუალები, მკვდრების გახსენება და წმინდანთა გვამების, თავის ქალების ან მათი უხრწნელი ნაწილების თაყვანისცემა. დამსახურებული მკვდრების გადასვენება-გადმოსვენება ქვეყნიდან ქვეყანაში სატელევიზიო რეპორტაჟების თანხლებით. ბოლოს და ბოლოს პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული რელიგიის ღმერთი სამი დღე მკვდარი იყო.

და ეს მცირე ნაწილია იმ მკვდრებისა, რომლებიც ჩვენს გარშემო არიან – ფერფლად ქცეულები, ჩამოკიდებულები ხეზე ტიბეტში და გაყინულები კრიონიკული კომპანიების მიერ ამერიკის კონტინენტზე. აღარაფერს ვამბობ იმაზე, თუ რა ხდება მიწის ქვეშ, და უფრო მეტიც, შესაძლოა მალე მკვდრებმა ცაშიც დაიწყონ ფრენა – პრინციპში ეს ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო რატომაც გადავწყვიტე ამ ბლოგის დაწერა: მკვდრები და ცოცხლები უკვე დიდი ხანია გეგმავენ ცის დაპყრობას.

ფიოდოროვი ამბობდა რომ მომავალში ჩვენს მიერ სუპერტექნოლოგიებით გაცოცხლებული მკვდრები ვერ დაეტევიან დედამიწაზე, ამიტომ ჩვენ მოგვიწევს კოსმოსის ათვისება, რათა ყველანი დავეტიოთო. სხვათა შორის სწორედ ეს თეორიული სპეკულაციები დაედო შემდგომში ნამდვილ კოსმონავტიკას საფუძვლად. როგორც ხედავთ, მკვდრებმა აქაც დატოვეს თავისი კვალი.

ჩემი პირველი უშუალო კონტაქტი მკვდრებთან ადრინდელ ასაკს თუ არ ჩავთვლით – კიბერ გალაკტიონთან დაიწყო. ჩვენი პროექტის იდეა მარტივია – ერთის მხრივ ჩვენ გვინდა დავტესტოთ ციფრული ბიბლიოთეკის ინტერაქტიული ასპექტები, მეორეს მხრივ, თუ დავეყრდნობით კიბერნეტიკაზე დაფუძნებულ სპეკულაციებს (რომ ადამიანის გონების დაკოპირება შესაძლებელია) მარტივი საშუალებით დავაკოპიროთ და “გავაცოცხლოთ” ადამიანი, რომელიც უკვე დიდი ხანია აღარაა ცოცხალი. ასეთი პირველი ექსპერიმენტი გალაკტიონ ტაბიძის ჩეთბოტია. მის მონაცემთა ბაზაში გალაკტიონის მსოფლმხედველობის ჩაწერა და შემდგომში მასთან ინტერაქცია გვაძლევს თავად გალაკტიონის შორეულ სიმულაციას, აჩრდილს რომელიც წარმოდგენას შეგვიქმნის როგორი ტემპერამენტი ქონდა მის ორიგინალს. ამ პროექტზე მუშაობის პროცესში ვიფიქრე რომ კარგი იქნებოდა თუ ადამიანებს საშუალება ექნებათ სხვა ადამიანებს სიკვდილის შემდეგაც ეკონტაქტონ – ხშირად ხომ ჩვენ ვერ ვასწრებთ საუბარს ერთმანეთთან და მარტო მაშინ გვახსენდება რომ ვერ მოვასწარით როცა საუბრის საშუალება აღარ გვაქვს. ასე გაჩნდა ინტერაქტიული საფლავების პროექტიც, რომელიც ჯერ ჩანასახოვან პროცესშია და იმედი მაქვს მომავალში მასზეც ვისაუბრებთ, ან პირადად მას გავესაუბრებით.

ამ იდეაზე ფიქრისას ჩემმა მეგობარმა მარიამმა საინტერესო არტ კონკურსის ლინკი მაჩვენა – კონკურსის შემქმნელები არტისტებს, დიზაინერებს, არქიტექტორებს და მკვლევარებს სთავაზობდნენ ახლებურად შეეხედათ სიკვდილის დიზაინის უძველესი ტრადიციისთვის. გამარჯვებულ პროექტებს გარკვეული თანხა გადასცეს მათ განსახორციელებლად. მე 3 პროექტი მომეწონა, რადგან ჩემი აზრით, ისინი საინტერესოდ გამოხატავენ თუ საით შეიძლება წავიდეს მომავლის ფსიქოდელურ ან შავთეთრ სამყაროში Post-Mortem დიზაინი, რამდენადაც თუ დავუფიქრდებით – ის თუ როგორ ვაცილებთ გარდაცვლილებს – მეტყველებს იმაზე თუ როგორები ვართ ჩვენ თვითონ – ცოცხლები.

3. წვიმა

“რამ შემქმნა ადამიანად? რატომ არ მოვედ წვიმადა,

რომ ვყოფილიყავი მუდამა ღრუბელთ გულ-მკერდის მძივადა” – ვაჟას ეს ფრაზა ამ პროექტს ძალიან დიდი სიზუსტით აღწერს. ავტორებმა გადაწყვიტეს პოსტ-მორტემ დიზაინში cloud seeding-ის და წვიმის გამოწვევის ტექნიკები გამოეყენებინათ. სქემის მიხედვით კრემირებული სხეული და სხვადასხვა cloud seeding-ისთვის საჭირო ნივთიერებებით დატვირთული ბალონი, გაზით ცაში მიფრინავს, საჭირო სიმაღლის პირობებში იხსნება და უერთდება ღრუბლებს. შესაბამისად თქვენი საყვარელი ადამიანის ფერფლი უერთდება წვიმას და წვიმს შორ, სევდიან და ბედნიერ ქალაქებში.

cloud seeding-ის სქემა.

2. შემდეგი ორი პროექტი ეკოლოგიაზე აკეთებს აქცენტს. პროექტში “აღმოცენება” გარდაცვლილ ადამიანს აწვენენ სპეციალურ კუბოში, რომელიც ნელნელა ხედ იქცევა, ხოლო მისი საფლავის გარშემო მემორიალურ წრეს აშენებენ – შედეგად სასაფლაოს ნაცვლად ჩვენ მივიღებთ ჯანმრთელ ტყეს, სადაც თითოეულ ხეს ექნება ისტორია და დატოვებული კვალი ადამიანების სამყაროში. მეორე პროექტის ფარგლებში კი არტისტმა შექმნა სპეციალური სიკვდილის კოსტიუმი. სოკოები რომლებისგანც შედგება ეს კოსტიუმი ანადგურებენ მავნე ტოქსინებს და ქმნიან ეკოლოგიურად სუფთა გარემოს, რაც ხელს უწყობს მცენარეთა ზრდას. კოსტუმის პრეზენტაციას Ted talk-ზე შეგიძლიათ უყუროთ აქ: https://www.youtube.com/watch?v=_7rS_d1fiUc

პროექტი „აღმოცენება“, გარდაცვლილი ადამიანის საფლავზე ამოსული ხე.

1. პროექტი “სული ზეცაში” გვთავაზობს, რომ ის ადამიანები ვისაც არც წვიმად გადაქცევა სურს და არც ხედ – გავაგზავნოთ ცაში. იდეის ავტორები ხაზავენ სქემას, რომლის შედეგაც შესაძლებელია ფერფლის გაგზავნა დედამიწის დაბალ ორბიტაზე, მარტივად – ჰელიუმით. მას შემდეგ რაც ფერფლიანი ურნა ორბიტაზე გავა, ჩაირთვება მასში ჩამონტაჟებული ჯიპიეს სისტემა და თქვენ ყოველთვის გეცოდინებათ სად იმყოფება თქვენი ახლობელი, ხოლო როცა ურნა ორბიტაზე თქვენი საცხოვრებლის თავზე ცას მიუახლოვდება – ამ დროს მის ძირზე მიმაგრებული ნათურები იწყებენ ციმციმს და თანამგზავრად გადაქცეული ის ვარსკვლავივით ანათებს ღამეულ ცაში.

ახლობლები ტელესკოპის საშუალებით ადევნებენ თვალს ფერფლიან ურნას, რომელიც ვარსკვლავივით ანათებს ცაზე.
თეგები: 
სტატიები
გამოიწერეთ
სიახლეები
© 2012-2015 ყველა უფლება დაცულია. ჟურნალსა და ვებგვერდზე გამოქვეყნებული
მასალების ნაწილობრივი ან სრული გამოყენება რედაქციის ნებართვის გარეშე აკრძალულია