იხილეთ ჟურნალის ელექტრონული გამოცემა თქვენს IPHONE-სა IPAD-ზე
ბლოგები >
სიცოცხლის იდეალური მექანიზმი
თამუნა ბაღაშვილი
11.10.16
უნიკალური ჯიშებისა და მათი გადაშენების შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერების ასამაღლებლად ფოტოპროექციები მსოფლიო მასშტაბით ეწყობა. ცნობილი მასპინძლები გაეროს შენობა, ნიუ იორკის ცათამბრჯენი და რომში წმ. პეტრეს ტაძარი იყო. „ფოტო-კიდობნის“ შემქმნელს - ჯოელ სარტორეს სურს ტყვეობაში მყოფი ყველა იშვიათი სახეობა ფირზე აღბეჭდოს.

ჰარუკი მურაკამის „ნორვეგიული ტყის“ კითხვა რომ დავიწყე, წარმოდგენა არ მქონდა რომ არც წიგნი იყო მაინცდამაინც ნორვეგიასა და ტყეზე, და არც ის რომ ზუსტად ერთი წლის შემდეგ შემეცნებას სკანდინავიური წიწვოვნების ქვეშ გავაგრძელებდი. ნორვეგიის ერთ-ერთი ციცაბო და კლდოვანი ფიორდის - ოკსეფიორდის ყურეში, რიგითი სკანდინავიური საზღვაო ქალაქია მოკალათებული. თვედესტრანდის ვიწრო ქუჩების ჰარმონიულობას კოხტად ჩამწკრივებული ფერადი სახლაკების რიგი ასრულებს. თითოეული მათგანი დეკორისა და დიზაინის ჟურნალის ყდიდან გაცოცხლებულ მაკეტს ჰგავს. ესთეტიკას აქ დიდი ყურადღება ექცევა. ცენტრიდან უახლოესი გამწვანებული გორაკისაკენ გავწიე, გზად დილის საუბარს ვიხსენებდი ჩემს ნორვეგიელ მეგობრებთან. ინგოლფი, მოყვარული მონადირე და ფოტოგრაფი, ცხენ-ირემზე სანადიროდ წაყვანის პერსპექტივით მნუსხავდა. თან მიხსნიდა, რომ ნადირობის დროებითი პრივილეგიის მიუხედავად, ნორვეგიის ბუნების წიაღში ადამიანები მხოლოდ დროებითი სტუმრები ვართ. ესპენი კი მადისაღმძვრელი დეტალებით აღმიწერდა, თუ როგორი გემრიელია ველურ ბუნებაში გაზრდილი ირმის ხორცი... სულ 5 წუთი იქნებოდა გასული, რაც ცენტრალურ ქუჩებს დავშორდი და ბუჩქებში მივიკვლევდი გზას, როდესაც მოულოდნელად ფოთლების შარიშური მომესმა. შევჩერდი და გავირინდე. ბუჩქნარიდან ის გამოვიდა, ოთხ წერწეტა ფეხზე მედიდურად აზიდული, თავზე გაფურჩქნილი რქების გვირგვინითა და ღრმა თვალებით. ზერელე მზერა მოავლო არემარეს, მეც ისე მიმათვალა თითქოს კუნძი, ქვა ან ენდემური ფლორის რაიმე ნაწილი ვყოფილიყავი და თავდაჯერებული ნაბიჯით თავისი მსვლელობა განაგრძო. გავოგნდი, რადგან მიჩვეული ვარ, ჩემს სამშობლოში ადამიანის გამოჩენისას ნადირი, როგორც წესი, ფრთხება და უმალ გარბის. ეს სხვა შემთხვევა იყო. ისიც გასაგებია იმ მომენტში რომელს უფრო გვქონდა ნადირის გამომეტყველება. თავი მართლაც სტუმრად ვიგრძენი...

ნორვეგიის ერთ-ერთი ციცაბო და კლდოვანი ფიორდის - ოკსეფიორდის ყურეში, რიგითი სკანდინავიური საზღვაო ქალაქია მოკალათებული. ესთეტიკას აქ დიდი ყურადღება ექცევა. ისევე როგორც ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებას...

სამშობლოში დაბრუნებული ჩავფიქრდი, ნეტა სად დგას საქართველო ბიომრავალფეროვნების რუკაზე? ან გრძნობენ კი ფაუნის წარმომადგენლები თავს ისევე მშვიდად საქართველოს ველურ ბუნებაში, როგორც ის, მედიდური ნორვეგიელი ირემი თვედესტრანდში?

პასუხმა არ დააყოვნა და არც თუ ისე სასიამოვნო გზავნილად მომევლინა გრანდიოზულ ეკრანზე: „ბრაკონიერობა გვანადგურებს: ირემი გადაშენების ზღვარზეა!“...

22 მაისს მსოფლიო ბიომრავალფეროვნების დღეს აღნიშნავდა და ამ მოვლენას არც საქართველო გამოაკლდა. თბილისის შუაგულში, ლეღვთახევის კლდოვანი ფერდები რამდენიმე საათით სიურრეალისტურ კანვად იქცა. ფაუნის ნაირფერი წარმომადგენლების პროექტორით გაშუქებულ ფოტოებს მონაცვლეობით გადავყავდით ხან აფრიკაში, ხან ამაზონის ჯუნგლებში, ხანაც საქართველოს მთებში. ეს National Geographic საქართველოს მიერ ორგანიზებული ფოტოპროექცია იყო. ლეღვთახევის ბუნებრივ „ეკრანზე“ ფოტოგრაფ ჯოელ სარტორეს პროექტი - Photo Ark გააშუქეს. ამ მრავალწლიან პროექტს აღსაქმელად მარტივი, შესასრულებლად კი საკმაოდ რთული მიზანი აქვს. „ფოტო-კიდობნის“ შემქმნელს სურს ტყვეობაში მყოფი ყველა იშვიათი სახეობა ფირზე აღბეჭდოს და დააფინანსოს მათი გადარჩენის პროექტები. უნიკალური ჯიშებისა და მათი გადაშენების შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერების ასამაღლებლად მსგავსი ფოტოპროექციები მსოფლიო მასშტაბით ეწყობა. ცნობილი მასპინძლები გაეროს შენობა, ნიუ იორკის ცათამბრჯენი - ემპაიერ სტეიტ ბილდინგი და რომში წმ. პეტრეს ტაძარი იყო. „ყოველდღიურად ასობით სახეობა ქრება ამ პლანეტიდან. მინდა, რომ ადამიანებს შეუყვარდეთ ცხოველები, იზრუნონ და იმოქმედონ“ - ამბობს ფოტოგრაფი ჯოელ სარტორე. პროექტის დასრულებისას, მას ცხოველთა 12 000 სახეობის ფოტო ექნება.

თბილისის შუაგულში, ლეღვთახევის კლდოვანი ფერდები რამდენიმე საათით სიურეალისტურ კანვად იქცა. ფაუნის ნაირფერი წარმომადგენლების ფოტოებს მონაცვლეობით გადავყავდით ხან აფრიკაში, ხან ამაზონის ჯუნგლებში, ხანაც საქართველოს მთებში...

თბილისის ღონისძიებაზე გაშუქებული ერთი-ერთი სლაიდი გვაუწყებდა, რომ სახეობების მრავალფეროვნებით კავკასია (და საქართველო) მსოფლიოს 200 ყველაზე მნიშვნელოვან რეგიონს შორისაა. ბიომრავალფეროვნების გლობუსზე საქართველოს მოძებნაში ლევან ბუთხუზი დამეხმარა. ლევანი ბიოლოგი, National Geographic-ის მთავარი რედაქტორი და ლეოპარდების დიდი მოყვარულია.

„25-დან ერთ-ერთი“. მივიღე პასუხი ჩემს სკეპტიციზმზე - ნუთუ მართლაც ამდენად მნიშვნელოვან გარემოში ვცხოვრობთ. „მთელ გლობუსს რომ დავხედოთ, არის უზარმაზარი ფართობი, სადაც ბიომრავალფეროვნების მაღალი მნიშვნელობის მხოლოდ 25 წერტილია. თვითონ ის ფაქტი რომ საქართველო 25-დან ერთ-ერთია, მიანიშნებს მაღალ მნიშვნელობაზე. თუმცა საქართველოს შემთხვევაში ორი პარამეტრი - მაღალი სახეობრივი სიმდიდრე და გადაშენების მაღალი საშიშროება ერთმანეთს ემთხვევა“.

ბიომრავალფეროვნება, რომელიც გულისხმობს ყველა ცოცხალი ორგანიზმის ერთობლიობას, ათვლის რაიმე ერთეულში, მაგალითად დედამიწა, ტყე, ტბა, ოკეანე, მდინარე და ა.შ., იდეალური მექანიზმია დედამიწის ცოცხლად შესანარჩუნებლად. ბიომრავალფეროვნების ქსელის შესწავლა, შენარჩუნება და დაცვა ადამიანებისთვის იმპერატიული მნიშვნელობისაა, რადგან თავად ადამიანი სიცოცხლის ამ ფართო ქსელის განუყოფელი ნაწილია, ისევე როგორც მისი აქტიური მომხმარებელი.

„გარდა იმისა რომ თითოეული სახეობა თავისთავად მნიშვნელოვანია, ისინი ცხოვრობენ ეკოსისტემებში - ტყე, უდაბნო, ოკეანე და ა.შ, და ის სერვისები რასაც ეკოსისტემა აწვდის ადამიანს, არის ფუნდამენტური - ეს არის წყალი, ჰაერი, ხარისხიანი ნიადაგი. ბიომრავალფეროვნების რღვევა იწვევს ეკოსისტემების მოშლას. შესაბამისად, ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება არავითარ შემთხვევაში არ არის ფუფუნების საგანი, ეს საჭიროებაა“.

ჩვენ ასევე გავლენას ვახდენთ ბიომრავალფეროვნებაზე მოსახლეობის სწრაფი ზრდა-გაფართოებით, რესურსების მოხმარებით, ასევე დაავადებების გავრცელებით. ადამიანის ჩარევას ხშირად არაერთმნიშვნელოვანი და შეუქცევადი შედეგებიც შეიძლება მოჰყვეს: უწესრიგო ნადირობის გამო, მე-20 საუკუნეში საქართველოდან სამუდამოდ გადაშენდა ლეოპარდი.

22 მაისს მსოფლიო ბიომრავალფეროვნების დღის აღსანიშნავად National Geographic საქართველომ, GIZ-თან თანამშრომლობით უჩვეულო პოტოპროექცია მოაწყო. „მსოფლიოშო ბიომრავალფეროვნების მაღალი მნიშვნელობის მხოლოდ 25 წერტილია. საქართველო 25-დან ერთ-ერთია.“- ლევან ბუთხუზი, ბიოლოგი, National Geographic-ის მთავარი რედაქტორი.

თუმცა უკანონო ქმედებასა და ბუნების თავგამოდებულ ქომაგობას შორის, ნებადართული ზღვარი არსებობს - ნადირობა. ამგვარი ეგზოტიკური აქტივობები კანონით რეგულირდება. ერთი მხრივ, ადამიანს გარკვეულ თავისუფლებას აძლევს, მეორე მხრივ კი უზრუნველყოფს, რომ ზიანი არ მიადგეთ ისედაც საფრთხის ქვეს მყოფ ცხოველებს.

ალბათ, ჩემს მედიდურ ქორბუდა მეგობარს ნორვეგიაში, სწორედ ამგვარი კანონი იცავდა. ესპენი ნორვეგიის გარემოს პოლიციაში მუშაობს, მის ქვეყანაში ურთიერთსაჭიროება ადამიანსა და ბუნებას შორის კარგად ესმით. 20 წლის წინ ცხენ-ირმის ჭარბი რაოდენობის გამო, ხელისუფლება პერიოდულად დროებითი ნადირობის ნებართვებს გასცემს. დღესდღეობით დადგენილი აქვთ სახეობები, რომლებსაც სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვთ ეკოსისტემის შენარჩუნებისთვის. გონივრული და რეგულირებადი ნადირობით ბალანსს იცავენ. „ვმუშაობ რომ დავიცვა კანონი და დავიჭირო ის, ვინც არ იცავს მას. ვამოწმებთ ლიცენზიებს, აღჭურვილობას, სახელმწიფო თუ კერძო კომპანიებს და მათ პროექტებს“. თუმცა ნადირობა თავად ესპენსაც უყვარს, ბევრი ნორვეგიელი ამჯობინებს ჯანსაღ და თავისუფალ გარემოში გაზრდილი ნადირის ხორცს.

თავად მონადირეებსაც აქვთ ნადირობის დაუწერელი კანონები, რომელსაც ყველა ჭეშმარიტი მონადირე ემორჩილება, კანონებს, რომლის დარღვევითაც ზიანი ადგება ცხოველებს, რომლებიც ისედაც საფრთხის ქვეშ ან გადაშენების პირას არიან. სამწუხაროდ, საქართველოში უკანასკნელი ჯეირანის ბრაკონიერობის შედეგად გაწყვეტას, არც დაწერილმა და არც დაუწერელმა კანონმა შეუშალა ხელი.

„ლეგალურ დონეზე კანონმდებლობა, ხარვეზებით, მაგრამ მაინც საკმაოდ გამართულია, თუმცა პრაქტიკაში ის არ მუშაობს“. აღნიშნავს ლევანი. „დაცული ტერიტორიები ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პუნქტია. საქართველოში არის უნიკალური დაცული ტერიტორიები და ყველა ის ეკოსისტემა, რომლის გამოც 25 ცხელ წერტილში ვართ შესული, არის გარკვეული კატეგორიის დაცვის ქვეშ. ადამიანმა - რეინჯერმა, რომელსაც კანონით ევალება ამ ტერიტორიის პატრულირება და დაცვა, თვეში 370 ლარად უნდა მოიაროს ურთულესი გეოგრაფიული რეგიონები და ბრაკონიერთან, ფაქტიურად მკვლელთან შეხვედრის შემთხვევაში უნდა შეუშვიროს შუბლი ტყვიას, იმისთვის რომ დაიცვას, ვთქვათ ირემი... კანონის დონეზე ყველაფერი გაწერილია, თუმცა აღსრულების მექანიზმებია გაუმართავი. არაეფექტური აღსრულებისა და, ზოგადად, ხელისუფლების ნების გარეშე, კანონი უსარგებლოა. საქართველოში კი ჯერ არ ყოფილა მთავრობა, რომელიც ამ საკითხს სერიოზულად აღიქვამდა.“

ნორვეგიაში 20 წლის წინ ცხენ-ირმის ჭარბი რაოდენობის გამო, ხელისუფლება პერიოდულად დროებითი ნადირობის ნებართვებს გასცემს. გონივრული და რეგულირებადი ნადირობით ბალანსს იცავენ.

ნადირობა და გაფართოება ზოგადად კაცობრიობის ხასიათსა და ჩვენს კულტურაშიც ოდითგანვე იდო. თუმცა დღეს, ისე როგორც არასდროს, აუცილებელია ვიცოდეთ სად გავჩერდეთ. ნადირის გაფრთხილების სურვილიც თითოეულ მოქალაქეს შინაგანად უნდა უღვივდებოდეს. ამისთვის განათლებას, ბუნებასთან მეგობრულად აღზრდასა და ცნობიერების ამაღლებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

„ამდენი რეფორმის ფონზე, ვერაფრით ვერ მოხერხდა გარემოსდაცვითი განათლების სასწავლო პროგრამაში ინტეგრირება. არის გამუდმებული მცდელობა, რომ ეს გამოყონ ცალკე საგნად, რაც არის აბსურდი. მსოფლიოში აპრობირებული და მიღებული ხერხია რომ ეს თემა იყოს სხვადასხვა საგანში ინტეგრირებული. მისი ჩართვა მათემატიკაშიც კი შეიძლება - ამოცანის პირობებს ბავშვი შეიძლება გარემოსდაცვითი თემებით გაეცნოს.“

კაცობრიობა ვითარდება, ადამიანთა რაოდენობა და მათი საქმიანობის გეოგრაფიული არეალი ფართოვდება. ჩვენ სულ უფრო ღრმად ვიჭრებით უწინ ველური ბუნების წიაღში, ეკოსიტემებს კი თავისი სივრცე სჭირდებათ შეუფერხებელი და გამართული ფუნქციონირებისთვის. ცხადია, საქართველო არც პირველია და არც უკანასკნელი ვინც ამ პრობლემას შეეჩეხა. გარკვეულმა ქვეყნებმა შეძლეს გაეკაფათ გზა ადამიანისა და ბუნების ჰარმონიული დიალოგისათვის. ასე მაგალითად, სულ ცოტა ხნის წინ ნორვეგია მსოფლიოში პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც ტყის ჩეხვის ნულოვან მაჩვენებელზე დაყვანის რეგულაციას მიაღწია. მუშავდება რიგი კანონმდებლობები და პროგრამები, ხორციელდება პროექტები და ინერგება ახალი სტანდარტები, ნაბიჯ-ნაბიჯ ხდება ცნობიერების ზოგადი ამაღლება.

თუმცა ბიომრავალფეროვნების დაცვაზე ზრუნვა მხოლოდ პროფესიონალებისა და ხელისუფლების პრეროგატივა როდია. მოქალაქეობრივი ჩართულობისთვისაც ბევრი შესაძლებლობაა. დიდი დაგეგმარება და ინტელექტუალურ-ფინანსური რესურსი არ სჭირდება იმას, რომ სადგურში მიხვიდე და უახლოესი დაცული ტერიტორიისკენ აიღო გეზი. მაგალითად, თუ ხორისარისკენ გასწიე და მუხლის ძალაც არ დაინანე, არაგვის სათავესთან მიხვალ. ნისლით შებურულ სალ კლდეებში, შეიძლება, მასიური, ჩახვეული რქები დაინახო. თავდახრილი ჯიხვი მწვერვალიდან ჩამომდნარ იმ პირველშობილ წვეთებს ეწაფება, რამდენიმე კილომეტრში მრისხანე მდინარედ რომ მოგუგუნებს ხმაურიან კალაპოტში. დიდია ალბათობა იმისა, რომ ბუნების ასეთი აღსარების ნახვის შემდეგ, თვითმხილველი არასოდეს გახდება ბრაკონიერი. სხვათაშორის, ოდესღაც ჯიხვი საქართველოს ჩვეული მშვენება იყო, დღეს კი მისი პოპულაცია განუხრელად მცირდება...

ჯოელ სარტორე Photo Ark-ით თავის მოღვაწეობას აგრძელებს. გადასაღები და გადასარჩენი კიდევ ბევრია. ვიმედოვნებ, მის ფოტოობიექტივში საქართველოს ირემი არ მოხვდება. იქნებ ოდესმე, ქართველი ქორბუდაც ისევე უსაფრთხოდ იგრძნობს თავს, როგორც ის - მისი შორეული და მედიდური, თვედესტრანდის ბუჩქნარში მშვიდად მობინადრე ნათესავი.

თეგები: 
სტატიები
გამოიწერეთ
სიახლეები
© 2012-2015 ყველა უფლება დაცულია. ჟურნალსა და ვებგვერდზე გამოქვეყნებული
მასალების ნაწილობრივი ან სრული გამოყენება რედაქციის ნებართვის გარეშე აკრძალულია