იხილეთ ჟურნალის ელექტრონული გამოცემა თქვენს IPHONE-სა IPAD-ზე
ბლოგები >
ცხვარი ეკოლოგიური წონასწორობისთვის
სოფო აფციაური
shutterstock
06.12.16

“ერთხელ, ერთმა თუშმა კაცმა მითხრა, არ იცი, ცხვართან თუშ ხალხს სოციო-გენეტიკური კავშირი რომ გვაქვსო? და თვითონვე გაეცინა”, - მიყვება დედოფლისწყაროში, ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიაზე სიარულისას, ჩემი ერთი თანამგზავრი. ეს ისეთი ხუმრობაა, არც ერთ თუშს რომ არ სწყინსო, დააყოლა.

გენეტიკურისა რა გითხრათ, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ ასეთივე მჭიდრო ისტორიული და სოციოეკოლოგიური კავშირი აქვს თუშსა და მის ცხვარს იმ საძოვრების ეკოსისტემასთან, რომელიც საუკუნეებია ცხოველს კვებავს და ასეთივე ხანგრძლივ თუშურ ტრადიციას თვითმყოფადს ხდის. ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების ტრადიციული გამოყენების საძოვრები, თუში მეცხვარეებისთვის აგერ უკვე ორ საუკუნეზე მეტია, ზამთრის ერთადერთი თავშესაფარია. მეთვრამეტე საუკუნეში ერეკლე მეორეს, სამეფო სიგელით(ახლა ალბათ ვიტყოდით, პრეზიდენტის განკარგულებით) ალვანის ველები თუშებისთვის გადაუცია. ამავე “დოკუმენტით” მეფეს უთქვამს - აიკრძალოს ამ ტერიტორიის სახნავ-სათეს მიწებად გამოყენება ან მასზე რამის აშენება! და ასეც მოხდა. მართალია, ამ ფაქტმა ზოგიერთი კუთხის ხალხის უკმაყოფილება გამოიწვია, თუმცა ერეკლე მეორემ კარგად იცოდა, რასაც აკეთებდა. თუშები ომში შეუდარებლები არიანო და მათ ძალას მართლაც დიდი ხნის განმავლობაში ცდიდა ბრძოლაში.

წინაპრების მიერ მიღებული “საჩუქრით” ახლა მათი შთამომავალი თუში მეცხვარეები სარგებლობენ და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიის ნაწილზე საძოვრები(18 000ჰექტარი) და ფერმები აქვთ მოწყობილი. საბჭოთა დროს, ეს მიწები სახელმწიფომ კერძო მესაკუთრეებს 50-წლიანი იჯარით გადასცა. ამიტომ, მესაკუთრეობრივი ტრადიცია მალევე მოისპო და დღეს თუშები მეფის მიერ გადაცემულ მიწაში ფულს იხდიან. მიწაში, რომელიც დეგრადაციისა და გაუდაბნოების საფრთხის წინაშეა. გაეროს განვითარების პროგრამის კვლევის მიხედვით (ამაზე წინა ბლოგშიც ვწერდი და თუ დაგაინტერესებთ, შეგიძლიათ, ამ ლინკზე წაიკითხოთ), ამ საძოვრების 20% ეკოლოგიურად ღარიბია. ამ ტერიტორიებისთვის დამახასიათებელი სტეპური, უდაბნოს, ნახევრად-უდაბნოს, არიდული მეჩხერი ტყეებისა და ფოთლოვანი ტყის ზონებით დაფარული ლანდშაფტი განსაკუთრებულად მოწყვლადია კლიმატური ცვლილებების მიმართ, მაგრამ გახშირებული გვალვიანობა და ნალექების ნაკლებობა არაა საძოვრებზე ბალახის შემცირებისა და ეკოსისტემის მორღვევის ერთადერთი მიზეზი. გაეროს განვითარების პროგრამის კვლევის(ვაშლოვანის ეროვნულ პარკის საძოვრების შეფასება. 2014), ავტორები ამბობენ, რომ არამდგრადი ძოვების პრაქტიკამ, რომელიც ადამიანის მრავალწლიანი ზემოქმედების შედეგია, შესაძლოა, მალე ვაშლოვანის ეკოსისტემა მძიმე მდგომარეობამდე მიიყვანოს.

ცხვარს, როგორც ზემოთ ვთქვი, ვაშლოვანთან მრავალწლიანი ტრადიციული და სოციალურეკონომიკური კავშირი აქვს. თუმცა, აქ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია - ცხვარი, როგორც ეკოსისტემის ნაწილი.

ძალიან დიდი ხნის განმავლობაში, სანამ ვაშლოვანში მეცხვარეობა განვითარდებოდა და მიწებს ცხვრები დაიკავებდნენ, დაცული ტერიტორიის ეკოსისტემა გარეული ცხოველების ძოვაზე იყო დამოკიდებული, ანუ ბალახის მჭამელი ამ ეკოსისტემის ნაწილი იყო, ისევე, როგორც მაგალითად, ნიადაგი, მცენარეული საფარი, ფლორა. მაშინ მრავლად იყო ქურციკი, შველი, ჩალის ტერიტორიაზე ირმის არსებობაც დასტურდება. ეს ბალახისმჭამელები გარკვეულ როლს თამაშობდნენ ეკოსისტემის ჩამოყალიბებასა და არსებობაში. მაგრამ ადამიანის ზემოქმედების შედეგად, გარეული ცხოველების რაოდენობა ნელ-ნელა შემცირდა. ამ ტერიტორიაზე მეცხოველეობის განვითარების შემდეგ კი, გარეული ბალახისმჭამელები ცხვარმა ჩაანაცვლა და ეკოლოგიური წონასწორობის დაცვის ფუნქციაც მანვე იკისრა.

რას ნიშნავს ეკოლოგიური წონასწორობა და ცხვარი როგორ შეიძლება ამის ნაწილად მოვიაზროთ? ძოვების დროს, ცხვარს თავისი პრიორიტეტები აქვს, ზოგი სახეობის მცენარეს ჭამს, ზოგს იწუნებს. ამიტომ, ყოველ ზამთარს, ვაშლოვანში ძოვების პროცესის პარალელურად, სახეობრივი და ეკოსისტემური მრავალფეროვნების დაბალანსება ხდება. თუ ცხვარი ამ სისტემიდან ამოვარდა და ბალახისმჭამელის ფაქტორი გაქრა, შესაძლებელია, ერთი სახეობის მცენარემ მეორე დაჯაბნოს, მასზე იბატონოს და ბოლოს საერთოდ გააქროს. მცენარეული მრავალფეროვნების შემცირება ვაშლოვანის ეროვნული პარკის ეკოლოგიისთვის კი არც ისე სახარბიელო წარმოსადგენია. მცენარეს უნდა მიეცეს ყველა სეზონზე გარკვეული ვადა, რომელ პერიოდშიც გაზრდას მოახერხებს, მან უნდა განავითაროს ფოთოლი, აუცილებელია ფოტოსინთეზის პროცესი.

თუმცა, ჭარბი ძოვების გამო, ბიომრავალფეროვნებით გამოწვეული ეკოსისტემის სპექტრი, შესაძლოა, სამუდამოდ დავკარგოთ; დღევანდელი მეცხვარეობა და ის ზეწოლა, რაც ეკოსისტემაზე ბუნებრივად უნდა ხდებოდეს, ერთმანეთს არ ემთხვევა. გადაძოვება და მიგრაციები, რომელიც გადასარეკ ტრასებზე, დასაწყურებელ ლოკაციამდე მისასვლელად ხდება, უცხოა ეკოსისტემისთვის და დამატებით მიწის დეგრადაციას იწვევს. შეიმჩნევა ისეთი ბალახოვანის მასის მატება, რომელიც დაუმორჩილებელი ხანრძრების შემთხვევებს ახშირებს.

ამიტომ, პირველი ნაბიჯები, რომელიც სახელმწიფომ ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების ეკოსისტემის მრავალფეროვნების შესანარჩუნებლად უნდა გადადგას, ჭარბი ძოვების კონტროლი და ამ პროცესში თავად მეცხვარეების აქტიურად ჩართვაა.

გაეროს განვითარების პროგრამის ფარგლებში, საქართველოს გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების და დაცული ტერიტორიების სააგენტოს ჩართულობით, ამ პრობლემის მოსაგვარებლად გარკვეული ნაბიჯები უკვე გადაიდგა. შეფასდა საძოვრების მდგომარეობა და გაიცა რეკომენდაციები, რომელ ტერიტორიას რამდენი ცხვრის დატევის პოტენციალი აქვს.

“მეცხვარეები თანამშრომლობაზე მზადყოფნას გამოთქვამენ”, - მეუბნება სახეობათა კონსერვაციის ცენტრის “ნაკრესის” თანამშრომელი თემურ პოპიაშვილი. ის და პროექტში ჩართული სხვა სპეციალისტები მეცხვარეებს დეტალურად უხსნიან, რა უნდა გაკეთდეს ეკოსისტემის გადასარჩენად, მიწის დეგრადაციის პროცესის შესამცირებლად და, რაც თუშებისთვის ყველაზე მეტად მნიშნელოვანია, ცხვრებისთვის ადეკვატური პირობების შესაქმნელად. მაგალითად, ტერიტორიების განაყოფიერება და სარეველების წათიბვა მცირე ძალისხმევას მოითხოვს, რომ მათ გარშემო არსებული გარემო დაიცვან.

ფაქტია, რომ თუში მეცხვარეები პრობლემებს თვითონაც ძალიან კარგად ხედავენ. გასულმა წელმა აჩვენა, რომ ცხვარს ვაშლოვანის ეროვნული პარკის ბალახი არ ყოფნის და დამატებით, ქერი ეძლევა.

“ჩვენ გვინდა ვუთხრათ მეცხვარეებს, რომ ბოლომდე არ ამოწურონ რესურსი, რასაც ბუნება გვაძლევს, ერთ წელს თუ პირწმინდად მოვიხმართ ბალახს, მეორე წელს შეიძლება იმ ადგილზე აღარაფერი დაგვხვდეს”, - ამ მესიჯით თემურ პოპიაშვილი თუშ მეცხვარეებს მიმართავს.

თუმცა, ჭარბ ძოვებაზე პასუხისმგებლობის მხოლოდ მეცხვარეებისთვის დაკისრება არასწორია. ეს არის სისტემური პრობლემა, რომლის მოსაგვარებლადაც, თუშ მეცხვარეებთან ერთად, სახელმწიფოსაც მოუწევს ძალისხმევა.

თეგები: 
"კვლევები ამ ბლოგის მომზადებისათვის ჩატარდა ევროკავშირის დაფინანსებით მიმდინარე პროექტის "საძოვრების მდგრადი მართვა საქართველოში ადგილობრივი თემებისათვის კლიმატის ცვლილების შერბილებისა და მასთან ადაპტაციის სარგებლისა და დივიდენდების დემონსტრირების მიზნით" ხელშეწყობით, რომელიც ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამის მიერ"
სტატიები
გამოიწერეთ
სიახლეები
© 2012-2015 ყველა უფლება დაცულია. ჟურნალსა და ვებგვერდზე გამოქვეყნებული
მასალების ნაწილობრივი ან სრული გამოყენება რედაქციის ნებართვის გარეშე აკრძალულია