იხილეთ ჟურნალის ელექტრონული გამოცემა თქვენს IPHONE-სა IPAD-ზე
ბლოგები >
მთავარია, ცხვარი იყოს ჯანმრთელი
სოფო აფციაური
shutterstock
06.12.16

“თუშებს არ გვიყვარს უცხო კაცის ნდობა, მით უმეტეს, თუ საქმე ცხვრის აცრასა და მკურნალობას ეხება, ცოტა ახირებული ხალხი ვართ”, - მეუბნება ჩემი რესპონდენტი, 52 წლის მწყემსი კაცი, დაკოჟრილი და გაუხეშებული ხელებით.

უკვირს გელას, რატომ ვეკითხები, სად და როგორ უწევენ ვეტერინარულ მომსახურებას ცხვარს - “ჩვენზე უკეთ აბა ვინ იცის, რა აცრა და მკურნალობა უნდა ცხვარსა?”.

ზუსტად ასე ფიქრობს თუში მეცხვარეების საკმაოდ დიდი ნაწილი. ამის მიზეზი არაფორმალური სამედიცინო მომსახურების გავრცელებული პრაქტიკაა.

გაეროს განვითარების პროგრამის ფარგლებში ჩატარებულ კვლევაში, რომლის დროსაც ზამთრის საძოვრებზე მყოფი 60-მდე თუში მეცხვარე გამოიკითხა, ვკითხულობ - “მიუხედავად იმისა, რომ მეცხვარეების 96% ცხვრის ინტენსიურ აცრაზე საუბრობს, ვაქცინაცია და მკურნალობა ქაოსურია და ვეტერინარის დაგეგმვის გარეშე ხდება”.

თუმცა, სანამ ამ თემაზე უფრო დეტალურად მოგიყვებით, მანამდე უნდა მოგიყვეთ თუში მეცხვარის მომთაბარე ცხოვრების დეტალები.

ყოველწლიურად, ზამთრის საძოვრებისკენ თუშეთიდან დაახლოებით 97 მეცხვარე, 60-70 ათას ცხვართან ერთად გადაადგილდება. თითოეულ ფარას ორი, სამი, ხანდახან ოთხი მწყემსიც ჰყავს. გზა გრძელია და ხანგრძლივი. 350 კილომეტრის გავლა ხუმრობა არ გეგონოთ. თუშეთიდან კახეთის რეგიონამდე, სადაც ზამთრის საძოვრებია, არ არსებობს მოწესრიგებული გადასარეკი ტრასები - ცხვრის გასაჩერებელი და “დასაპურებელი” საძოვრები, მოსასვენებელი და ღამის გასათევი ან ვეტერინარული პუნქტები. თუშეთის ტერიტორიიდან გასული მეცხვარე, გურჯაანში შესვლისთანავე ადგილობრივების პირისპირ რჩება. როგორ გინდა, რომელიმე მხარე გაამტყუნო ან გაამართლო? ცხვარი მშიერია, მთიდან წამოსული და გამოფიტული. ირგვლივ კი გლეხმა იწვალა - მიწა მოხნა, დათესა, ვაზი გააშენა.

ამიტომ გადასარეკ ტრასაზე ძოვების საკითხი ხშირად ადგილობრივებსა და მეცხვარეებს შორის კონფლიქტის მიზეზი ხდება. ამას ემატება ვეტერინარიის კუთხით არსებული პრობლემებიც. გარდა იმისა, რომ გადასარეკ ტრასაზე დაავადებული ფარა მის შემდეგ მომავალი ცხვრისთვისაა საშიში, ის ადგილობრივ საქონელსაც აავადებს და ეპიდემიის გავრცელების საფრთხეებს ქმნის.

სახელმწიფო აფინანსებს დაავადებებს, რომლებიც ცხოველის სიკვდილის შემდეგ, შესაძლოა, ეპიდემიის გავრცელების მიზეზი გახდეს. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ თუში მეცხვარე ჯილეხზე, ცოფზე, ბრუცელოზსა და ციმბირის წყლულზე თავის ცხვარს ორგანიზებულად, დროულად და სწორი სამედიცინო დაგეგმვით ცრის.

სახელმწიფო მას სთავაზობს მომსახურებას, მაგრამ აღარ ინტერესდება შედეგით. არ ითხოვს ცხვრის ჯანმრთელობის დამადასტურებელ ოფიციალურ საბუთს.

ამიტომ მეცხვარეების უმეტესობა საკუთარ თავში დარწმუნებულია და ჰგონია, რომ ყველაზე კარგად მას შეუძლია მკურნალობა ან ვაქცინაცია.

მაგალითად, ასეთი წრეებიც იქმნება - მეცხვარე კონსულტაციას იღებს სახელმწიფო პროგრამით დასაქმებული ვეტერინარისგან, მაგრამ თავად მკურნალობს ან ნაცნობ ვეტერინარს ეკითხება რჩევას, მაგრამ მაინც თავად მკურნალობს. თუ მდგომარეობა გამოუვალია და ფარა გაურკვეველი სნეულებით მასობრივად ავადდდება, დედოფლისწყაროდან სოფელ ალვანში, ახმეტის რაიონში მიდის და კერძო ვეტერინარი საკუთარი ხარჯით ჩამოჰყავს.

რატომ მაინც და მაინც ალვანიდან? – “ჩვენებური ვეტერინარები გვყავს და მათ ყველაზე მეტად ვენდობით”, - მეუბნება 26 წლის ლაშა დათუნაშვილი, რომელიც 1300-სულიან ფარას მწყემსავს.

თუმცა, ცხვრის ვეტერინარიის პრობლემა მხოლოდ სახელმწიფოს დაფინანსებული მკურნალობით არ წყდება. ჩამოთვლილი ძირითადი დაავადებების გარდა, საქონელში გავრცელებულია სხვადასხვა ინფექციები, სიცხით გამოწვეული დაავადებები, საშვილოსნოს ანთება და ა.შ. რომელთა კონტროლი და მართვა, სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ვაქცინაციის პარალელურად, აუცილებელია.

კერძო ვეტერინარის მომსახურების კულტურის დანერგვის მიზნით, ევროკავშირის დაფინანსებული და გაეროს განვითარების პროგრამის მიერ განხორციელებული პროექტის ფარგლებში, “ასოციაციების მართვის ცენტრი”(AMC) ვეტერინარიული ასოციაციის გახსნას სოფელ ალვანში გეგმავს, სადაც გაზაფხულისთვის თუში მეცხვარეები უკვე შეძლებენ ამ მომსახურების მიღებას და ეს ოფიციალური დოკუმენტით დადასტურდება.

“ვეტერინარული ასოციაცია ცდილობს მეცხვარეებს აუხსნას, რა უნდა გაკეთდეს კერძო მომსახურების ფარგლებში. ისინი დაინტერესებული უნდა იყვნენ, რომ ცხვრის მკურნალობის სისტემა იყოს თანმიმდევრული, სწორად დაგეგმილი და შედეგზე ორიენტირებული. „ჩვენი მთავარი მიზანია, მწყემსების ცნობიერების ამაღლება და ევროპული სტანდარტების დანერგვა. მეცხვარეობა რაც შეიძლება ნაკლები დანაკარგის გარეშე”, - მეუბნება “ასოციაციების მართვის ცენტრის” გენერალური დირექტორი, სერგო თურმანიძე.

მართალია, კერძო ვეტერინარული მომსახურების ხარჯები დოლარის კურსის ცვლილებაზეა დამოკიდებული, მაგრამ ერთი ცხვრის ჯანმრთელობის კონტროლი წელიწადში დაახლოებით 4-5 ლარი ჯდება. შესაძლოა, ამ დროს მეცხვარეების სოციოეკონომიკური პირობები კონტრარგუმენტად გამოვიყენოთ და ვთქვათ, რომ ცხვრის მოვლაზე წვალება, შესაძლოა, უშუალოდ არც უკავშირდებოდეს მათ შემოსავალს. თუმცა, ზემოხსენებული კვლევით დასტურდება, რომ ყველაზე ორგანიზებულ მეცხვარესაც კი, დაახლოებით იმდენივე უჯდება, რამდენსაც ვეტერინარული ასოციაციის მომსახურებაში დახარჯავდა.

კარგით, ჩავთვალოთ, რომ ეს პრობლემები ეტაპობრივად გვარდება. მეცხვარეები აცნობიერებენ, რომ საქონლისთვის თვითორგანიზებული მკურნალობა ცუდია, სამაგიეროდ, კარგია სახელმწიფოსთან თანამშრომლობა და მათგან მეტი სარგებლის მიღება; კერძო, საინტერესო იდეებისა და ინიციატივების შემეცნება და საბოლოოდ, პრაქტიკაში გატარება, მაგრამ აქ კიდევ ერთი დილემა ჩნდება. ქვეყანაში ფაქტობრივად არ გვყავს ვეტერინარები ან საკმაოდ ასაკოვანი ადამიანები არიან და ისევ მოძველებული, ტრადიციული სამედიცინო მეთოდებით მკურნალობენ ცხვარს. ამიტომ, ამ პროფესიის პოპულარიზაცია ახალგაზრდებში ვეტერინარიის კუთხით არსებული პრობლემის კიდევ ერთი დიდი გამოწვევაა.

ყველა ჩამოთვლილი პრობლემა ერთ დიდ სისტემურ ჯაჭვს ქმნის, რომელიც ისევ ცხვრისა და ადამიანის ჯანმრთელობასა და მეცხვარის სოციოეკონომიკურ ფაქტორთანაა დაკავშირებული. მეცხვარეებმა უნდა ირწმუნონ, რომ თვითორგანიზებულ მკურნალობაზე უკეთესი ვეტერინარის დახმარებაა. ცხვრის მოვლის ცივილიზებული პრაქტიკა კი, მომავალში ფერმერებისთვის ნაკლებ ზარალს, ცხვრის სიკვდილიანობის შემცირებას, სურსათის უვნებლობასა და ადამიანის ჯანმრთელობაზე ზრუნვას შეუწყობს ხელს.

თეგები: 
"კვლევები ამ ბლოგის მომზადებისათვის ჩატარდა ევროკავშირის დაფინანსებით მიმდინარე პროექტის "საძოვრების მდგრადი მართვა საქართველოში ადგილობრივი თემებისათვის კლიმატის ცვლილების შერბილებისა და მასთან ადაპტაციის სარგებლისა და დივიდენდების დემონსტრირების მიზნით" ხელშეწყობით, რომელიც ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამის მიერ"
სტატიები
გამოიწერეთ
სიახლეები
© 2012-2015 ყველა უფლება დაცულია. ჟურნალსა და ვებგვერდზე გამოქვეყნებული
მასალების ნაწილობრივი ან სრული გამოყენება რედაქციის ნებართვის გარეშე აკრძალულია