იხილეთ ჟურნალის ელექტრონული გამოცემა თქვენს IPHONE-სა IPAD-ზე
ბლოგები >
ცნობიერება და სუბიექტურობა
 
ზაზა დობორჯგინიძე
Shutterstock
19.12.16
ღამურები სამყაროს ექოლოკაციით აღიქვამენ, ეს ყველა ადამიანური შეგრძნებისგან კარდინალურად განსხვავდება და იმის ნათელი ილუსტრაციაა, რომ სხვა ორგანიზმად ყოფნის სუბიექტური მდგომარეობა ჩვენთვის აბსოლუტურად მიუწვდომელია.

სკოლისკენ მიმავალმა პატარა ბიჭმა დაინახა უსინათლო მოხუცი, რომელიც ქუჩაზე გადადიოდა. მას სატვირთო მანქანა უახლოვდებოდა. ბიჭი გაიქცა, მანქანას გადაუხტა, მოხუცს ხელი ჰკრა და გზიდან გადააგდო. შეშინებულმა მძღოლმა მკვეთრად დაამუხრუჭა, მანქანა გადაბრუნდა. რადიოაქტიური ნარჩენები, რომელიც მას გადაჰქონდა, ბიჭს სახეში შეესხა და მხედველობა დააკარგვინა.

ამ ავარიის შემდეგ, გასაოცრად გაუმახვილდა სმენა და გარემოს სმენით „დანახვა“ დაიწყო. მარველის ფანები ალბათ მიხვდებიან, რომ საუბარი „დეარდევილზე“ მაქვს. დეარდევილი არ იყო განსაკუთრებული სუპერძალით დაჯილდოებული, მაგრამ ამის მიუხედავად, მისი შესაძლებლობების უცნაურობამ ჩემს ბავშვურ წარმოსახვას ფრთები შეასხა.

მაშინ არაერთხელ ვცადე წარმომედგინა, თუ როგორია „ხედავდე სამყაროს სმენით“, „კითხულობდე შეხებით“ „გრძნობდე კილომეტრებით დაშორებული საგნების სუნს“, ანუ „როგორია დეარდევილად ყოფნა“. მაგრამ ჩემი ყველა მცდელობა წარუმატებლად დასრულდა.

ოდესმე გიფიქრიათ, როგორ აღიქვამენ სამყაროს უსინათლო ან ყრუ-მუნჯი ადამიანები? როგორია, იყო გენიალური მათემატიკოსი, ნიჭიერი პიანისტი ან შიზოფრენიით დაავადებული? რა მოხდება, თუკი ერთ დილას შფოთიანი სიზმრების შემდეგ, გაიღვიძებთ და კაფკას ნოველის გმირის მსგავსად აღმოაჩენთ, რომ უზარმაზარ მწერად იქეცით?

წლები გავიდა, უკვე სტუდენტმა წავიკითხე ცნობიერების მეცნიერებაში კლასიკად აღიარებული და ერთ-ერთი ყველაზე ხშირად ციტირებული სტატია - თომას ნეიგელის „როგორია, იყო ღამურა?”-რომელმაც ბავშვობაში განცდილთან დამაბრუნა.

ნეიგელის აზრით, მისი თანამედროვე თეორიები ზედმეტად ამარტივებდა გონებისა და სხეულის ურთიერთმიმართების პრობლემას-როგორ ხდება, რომ ბიოლოგიური ქსოვილი ცნობიერებას წარმოქმნის? რედუქციონიზმისა და ფიზიკალიზმის სახელით ცნობილი თეორიები ამტკიცებდა, რომ გონება იგივეა რაც ტვინი, ამას ფსიქო-ფიზიკური იდენტურობა ეწოდება.

ნეიგელი მიიჩნევს, რომ ცნობიერება ორგანიზმს აქვს მაშინ, და მხოლოდ მაშინ, თუ არსებობს რაღაც ისეთი, რაც ამ ორგანიზმად ყოფნას ნიშნავს თავად ამ ორგანიზმისთვის. გონების მეცნიერულ ახსნაზე პრეტენზიის მქონე ნებისმიერი თეორია უნდა მოიცავდეს ამ ასპექტის ახსნას, წინააღმდეგ შემთხვევაში ის არასრულყოფილი და მცდარია . ამის სადემონსტრაციოდ ნეიგელმა ღამურას მაგალითი მოიყვანა.

ღამურების 950 სახეობიდან ნახევარი, სამყაროს დეარდევილივით საგნებიდან არეკლილი ბგერების მეშვეობით აღიქვამს. მათ, როგორც წესი, სუსტად განვითარებული მხედველობა აქვთ. ცუდი მხედველობის საკომპენსაციოდ, ისინი წარმოქმნიან ადამიანის სმენის დიაპაზონის მიღმა მყოფ ულტრა-ბგერებს, რომლებიც გარემოში არსებულ ობიექტებს ხვდება, აირეკლება და უკან უბრუნდება ღამურას. ამ ბგერებს, ღამურას ზემგრძნობიარე ყურები იჭერს და ტვინს გადასცემს. ხოლო ტვინი „კითხულობს“ მიღებულ ექოს და ამგვარად მოპოვებული ინფორმაციით დაადგენს ობიექტების ზომას, განლაგებასა და ფორმას.

ნეიგელის აზრით, ეჭვს არ იწვევს ის მოსაზრება, რომ ღამურებს აქვთ ცნობიერი აღქმები. ასე რომ, ლეგიტიმურია დაისვას კითხვა, რომლის მსგავსიც ოდესღაც ჩემს ბავშვურ გონებაში გაჩნდა: როგორია ღამურასთვის ღამურად ყოფნა?

ბოლო მონაცემების თანახმად, ცნობიერების ანატომიური კორელატი ტვინის ღეროს ერთ-ერთი ნაწილი და მასთან დაკავშირებული ქერქის ორი სტრუქტურა უნდა იყოს. მაგრამ ეს ცნობიერების ბუნებაზე არაფერს გვეუბნება.

ნეიგელმა სამი მეთოდით სცადა ამ კითხვაზე პასუხის მიღება:

1) წარმოიდგინეთ, რომ ხელებზე აპკები გაქვთ და მათი საშუალებით დაფრინავთ, ფრენისას პირით მწერებს იჭერთ და დღის უმეტეს ნაწილს თავდაყირა დაკიდებული ატარებთ. ამის წარმოდგენა არც ისე რთულია, მაგრამ ერთადერთი, რასაც ასე გავიგებთ არის ის, თუ როგორია ვიქცეოდე ღამურასავით.

2) იქნებ ჩვენ შორის საერთო შეგრძნებების არსებობა დაგვეხმაროს? ღამურებიც და ადამიანებიც გრძნობენ ტკივილს, შიმშილს, წყურვილს, სიცივეს, სითბოს და სხვა. მაგრამ ამის მიუხედავად, ღამურას რეალობა და ადამიანის რეალობა განსხვავდება ერთმანეთისგან. ღამურას გონება კონცენტრირებულია განსხვავებული რაღაცების რეპრეზენტაციაზე. მისი სამყარო სხვა ღამურების, ფრენისთვის მოსახერხებელი მარშრუტების, საკვებად გამოსადეგი მწერების ქცევისა და ადამიანისთვის ჩვეული ყველა შეგრძნებისგან აბსოლუტურად განხვავებული ექოლოკაციური აღქმის სამყაროა. როგორც არ უნდა ვცადოთ იმის წარმოდგენა, თუ როგორია ღამურას ცნობიერების შინაარსი, ეს იქნება ჩვენივე მდგომარეობის განვრცობა, ექსტრაპოლაცია, და არა ღამურად ყოფნის ავთენტიკური განცდა.

3) არ გვიშველის იმის დაშვებაც, რომ მომავლის ტექნოლოგიების წყალობით, შესაძლებელი გახდება ადამიანის ღამურად თანდათანობით გადაქცევა. ასეთი მეტამორფოზის ფანტასტიკურობას რომ დავანებოთ თავი, ეს ჩვენს პრობლემას ვერ გადაწყვეტს. მანამდე, ვიდრე ღამურად გადაიქცევით, თქვენ არ გეცოდინებათ, თუ როგორია ღამურად ყოფნა. ეს მხოლოდ მას შემდეგ გეცოდინებათ, რაც გადაიქცევით, მაგრამ ამას ადამიანებს ვეღარ აუხსნით. თქვენი ხელახლა ადამიანად ტრანსფორმაციაც რომ შევძლოთ, თქვენ ან ვერ გაიხსენებთ, ან ვერბალურად ვერ აღწერთ ღამურად ყოფნის მდგომარეობას.

ოდესღაც ყოველი ჩვენგანი ნაყოფი და ჩვილი იყო, მაგრამ არავის გვახსოვს თუ როგორი იყო ეს. მას მერე ჩვენ მიერ განცდილი გარდასახვა კი გაცილებით ნაკლებად რადიკალურია, ვიდრე ადამიანის ღამურად გადაქცევა.

ღამურა ამ პრობლემის მხოლოდ ეგზოტიკური და ცხადი მაგალითია. ნეიგელი ასევე მიიჩნევს, რომ ადამიანისთვის სხვა სახეობების არსებათა შესახებ ამ ტიპის ცოდნის მიღება პრინციპულად შეუძლებელია, რადგან ეს ჩვენი წარმოსახვის, ენისა და კვლევის მეცნიერული მეთოდების მიღმაა.

ნეიგელის პესიმიზმს დღეს არაერთი მკვლევარი იზიარებს. მათ მიაჩნიათ, რომ ცნობიერების რთული პრობლემა (სუბიექტურობის არსებობა) მარადიულ საიდუმლოდ დარჩება და მას ტვინის სრულყოფილად შესწავლაც კი არ მოჰფენს ნათელს. მათი აზრით, ტვინის თუნდაც სრულყოფილი ცოდნის შემთხვევაში, ჩვენ გვექნება კორელაცია ტვინსა და სუბიექტურ მენტალურ პროცესებს შორის, მაგრამ არ გვეცოდინება თავად სუბიექტურობის ბუნება. ამ პოზიციას მისტერიანიზმი ეწოდება. მოვლენები, რომლებსაც მეცნიერული მეთოდი ხსნის და აღწერს ობიექტური და დაკვირვებადია, შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობის გამოყენებით, ნებისმიერს შეუძლია დააკვირდეს ნერვული იმპულსების გავრცელებას, ბიოქიმიურ პროცესებს, მაგრამ კბილის ტკივილი, შიში და ჰალუცინაცია მხოლოდ პირველი პირისთვის, სუბიექტურად მოცემული ფენომენებია.

ჩვენი ცნობიერი რეალობა, ყოველ მოცემულ მომენტში შექმნილია განსხვავებული ტიპის სენსორული განცდებისგან. როგორ და რატომ ქმნის ობიექტური ტვინი, ფორმის და ფერების ისეთ სუბიექტურ თვისობრივ განცდას, როგორიც ვთქვათ ვან გოგის "ვარსკვლავიან ღამე"-შია? ამ კითხვაზე მომავლის მეცნიერებამ უნდა გაგვცეს პასუხი.

ნეიგელის მიერ ასე მკაფიოდ წამოჭრილი ეს პრობლემა, არც ფილოსოფიური სპეკულაციაა და არც მატერიალიზმის წინააღმდეგ მიმართული ხრიკი. ნეიროფიზიოლოგიაში ნობელის პრემიის ლაურეატი ერიკ კენდელი მხოლოდ ერთ-ერთია იმ ნეირომეცნიერებიდან, რომელიც თავის სახელმძღვანელოში წერს, რომ სუბიექტურობა ცნობიერების ნეიროლოგიური ანალიზის ერთ-ერთი მთავარი დაბრკოლებაა.

ნეიგელის სტატიის გამოქვეყნებიდან 42 წლის შემდეგ, ცნობიერების პრობლემა არა მხოლოდ გადაუჭრელია, არამედ გადაჭრის სავარაუდო გზებზეც არავის აქვს წარმოდგენა. ამ პრობლემის სირთულის ბრალი უნდა იყოს ის, რომ უამრავი მკვლევარი რეალობას გაექცა და აბსურდულ იდეებს მიეკედლა. ამის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია კრისტოფ კოხის მცდელობა, მეცნიერულ თეორიად გარდასახოს პანფსიქიზმი (ფილოსოფიური შეხედულება, რომლის თანახმად ყველაფერი ფიზიკური, იმავდროულად ფსიქიკური და ცნობიერია). ასეთივეა დენიელ დენეტის არადამაჯერებელი აკვიატება, რომ ცნობიერება არ არსებობს რადგან ის ილუზიაა.

ბიჰევიორიზმი დიდი ხნის მოძველებული ფიტულია, უკვე დიდი ხანია ვიცით, რომ a-ს (სტიმული) და b-ს (რეაქცია) შორის არსებობს c (სუბიექტური მენტალური მდგომარეობა), რომლის გათვალისწინების გარეშეც გონების შესწავლა შეუძლებელია. მაგრამ ბიჰევიორიზმს საბოლოოდ მხოლოდ მაშინ დავაღწევთ თავს, როცა „c“ ანუ სუბიექტი, სრულყოფილად მოთავსდება მეცნიერების ჩარჩოებში.

ბოლო მონაცემებით, ცნობიერების ნეიროანატომიური კორელატი უნდა იყოს ტვინის ღეროს ერთ-ერთი ნაწილი Pontine tegmentum-ი ტვინის ქერქის ნაწილებთან Anterior Insula და Anterior Cingulate cortex-თან ერთად. ეს აღმოჩენა მნიშვნელოვანია კლინიკური თვალსაზრისით, მაგრამ ცნობიერების ახსნასთან ჯერ ახლოსაც ვერ მივყავართ, რადგან ცნობიერების მეცნიერებამ უნდა ახსნას არა მარტო ცნობიერების როგორ, რა მექანიზმებით ქმნის ტვინი სუბიექტურ ცნობიერებას, არამედ ცნობიერების რატომ, რატომ ქმნის ტვინი ცნობიერებას არაცნობიერი ბიოლოგიიდან. შესაძლებელია კი ეს საერთოდ?

მეცნიერების ისტორიიდან ურიცხვი დასკვნის გამოტანა შეიძლება, მათ შორის ჩემთვის ყველაზე ნათელი ისაა, რომ თითქმის ყველა დიდ მეცნიერულ გარღვევამდე ( ფარდობითობის თეორია, კვანტური მექანიკა, ევოლუციის თეორია და ა.შ) ფილოსოფოსებსა და მეცნიერებს წარმოდგენა არ ჰქონდათ თუ რა იყო მოსალოდნელი. ცნობიერების ახსნისაკენ მიმავალი გზა წარმომიდგენია როგორც ნეირობიოლოგიაში ემპირიული ინფორმაციის დაგროვებისა და ცნობიერებაზე თეორიული განსჯის პარალელური პროცესები, რომლებსაც მომავლის „დარვინი“ სინთეზურად დაინახავს, ერთი თეორიის სახით ჩამოაყალიბებს და ჩვენს აზროვნებას გარდაქმნის.

თეგები: 
ბლოგი
სტატიები
გამოიწერეთ
სიახლეები
© 2012-2015 ყველა უფლება დაცულია. ჟურნალსა და ვებგვერდზე გამოქვეყნებული
მასალების ნაწილობრივი ან სრული გამოყენება რედაქციის ნებართვის გარეშე აკრძალულია