იხილეთ ჟურნალის ელექტრონული გამოცემა თქვენს IPHONE-სა IPAD-ზე
ბლოგები >
ჩაისუნთქე, ღრმად!
თამარ ბაღაშვილი
თამარ ბაღაშვილი
31.05.17

“ფართომასშტაბიანმა გაუტყევებამ ნიადაგის ეროზია გამოიწვია, ბუნებრივი რეგენერაცია საკმარისი არ აღმოჩნდა, რათა ნიადაგი და ადგილობრივი ჰაბიტატი აღდგენილიყო. ბიომრავალფეროვნების განადგურებამ მეურნეობისა და კვების ჯაჭვი დაარღვია. ხალხი შიმშილობდა. თვითგადარჩენის უკანასკნელი მცდელობისას, ისინი კაციჭამიები გახდნენ”…

სმარტფონში გახსნილი პროფესორ ტერი ჰანტის ჩანაწერები დავხურე - რაპა ნუის ტომის (აღდგომის კუნძული) ეკოკატასტროფის მიმოხილვა სახალისო საკითხავი სულაც არ აღმოჩნდა. თვალი მთებზე შეფენილი წაღვერისა და დაბის ტყისკენ გამექცა. უფრო კი იმ ადგილისკენ, სადაც ეს ტყე მეგულებოდა. ცხადია, აქაურობას კაციჭამიობის ნიშანწყალიც არ სცხია, სამაგიეროდ სახეზეა გაუტყევებული მთის მასივები, მოშიშვლებული ნიადაგი და ეროზია. რამდენად რეალურია ხეების გარეშე არსებობა? ალბათ, პასუხი იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენ ხანს გავძლებთ ჩასუნთქულ მდგომარეობაში.

სხვადასხვა ბუნებრივი კატაკლიზმა, მათ შორის სიცხისგან გაჩენილი ხანძარიც ყოველწლიურად, მწვანე საფარის ათასობით ჰექტარს ანადგურებს. ამგვარი სტიქიური უბედურების პანაცეა ჯერაც არ მოუგონიათ. თუმცა მსგავსი მოვლენა, ალბათ, ორმაგად დასანანი და გაუმართლებელი ხდება, როდესაც ბუნება არაფერ შუაშია და აალება ხელოვნურია. 2008 წელს, ჩრდილოეთიდან მოქროლილი მეზობლური მავნებლობა ბორჯომის ტყეს, უფრო სწორად, მთელ საქართველოს ძვირად დაუჯდა. არც ჭურვები იყო ორგანული წარმოშობის და არც ცეცხლი - სტიქიური შემთხვევითობა, რომელმაც მაღალი ეკოლოგიური ღირებულების წიწვოვანი და ფოთლოვანი ხეებით დაფარული 950 ჰექტარი დააზიანა და 250-მდე ჰექტარი ტყის საფარი მთლიანად გაანადგურა.

საზოგადოებამ ასე თუ ისე ცხოვრება განაგრძო, ბორჯომის ტყემ კი - ვერ. აღმოჩნდა, რომ ზარალთან მიმართებაში, ტყის თვითრეგენერაცის უნარი, რათა დაზიანებული უბნები ბუნებრივად განახლებულიყო, არ იყო საკმარისი. მიზეზ-შედეგობრივი პროცესით დამძიმდა ეროზიული ფონი და გაუარესდა ჰაერის ხარისხი, ორივე ფაქტორი კი საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს. მოვარდნილმა წყალმა, შესაძლოა, გამოიწვიოს მეწყერი, წარმოშვას ღვარცოფი. სოფლების სანიაღვრე სისტემები კი არ არის გათვლილი წყლისა და შლამის ასეთ ნაკადებზე, ამ დროს შენობებიც და სამეურნეო სავარგულებიც საფრთხის ქვეშ დგება.

ბორჯომის რეგიონი ეკოლოგიური სისუფთავის პარამეტრებით გამოირჩევა. ხშირად, ადამიანები სწორედ ბორჯომის ეკოსისტემის, მისი სუფთა ჰაერისა და ტყის “სერვისების” აქტიური მომხმარებლები არიან. შესაბამისად, დაზიანებული ტყის მასივი მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემა არ არის.

2008 წლიდან არაერთი კვლევა ჩატარდა; შეაფასეს ვითარება, დათვალეს ზარალი, განსაზღვრეს რისკებიც, თუმცა რეგიონს რეალური ცვლილება 2017 წლის 6 მაისს, ნიჩბებისა და მხიარული გადაძახილების ფონზე დაეტყო. პროექტი “აღადგინე” დაიწყო… საინიციატივო ჯგუფს სათავეში სტარტაპი “თრიფექსი” და ბიზნესინფორმაციის სააგენტო უდგას. დიდი წვლილი GIZ-ს მოწვეულ ექსპერტებს, ეროვნულ სატყეო სააგენტოს, ადგილობრივ მოსახლეობას, კერძო სექტორსა და ენთუზიასტებსაც მიუძღვით. გეგმაში 750 ათასი ხის დარგვაა, ეს სწორედ ის რაოდენობაა, რომელიც დაზიანებული ტყის მასივის აღსადგენადაა საჭირო.

მოწვეულმა ექსპერტებმა სტელან კარლსონმა (შვედეთი) და დიტერ მიულერმა (გერმანია) დასარგავ სახეობად ფიჭვის კონტენერული ნერგები შეარჩიეს, რადგან მათ გადარჩენის მაღალი მაჩვენებელი გააჩნია. შესაბამისად, პირველ რიგში, დაირგვება კავკასიური ფიჭვი, მაღალმთის მუხა, მაღალმთისა და მინდვრის ნეკერჩხლები, ხოლო, მომავალში სოჭი და ნაძვიც შეერევა. ციებ-ცხელება 6 მაისიდან 8 აგვისტომდე გაგრძელდება. სამუშაოების მეორე ეტაპი კი 1 სექტემბრიდან 20 ნოემბრამდეა დაგეგმილი. პროცესში კერძო კომპანიები, მათი თანამშრომლები და უბრალოდ, ბუნების მეგობრები მონაწილეობენ. რადგან მოსალოდნელი შედეგები საყოველთაო, მდგრადი და ეკოლოგიურად სუფთა უნდა იყოს, ჩართულობის საშუალებაც ნებისმიერ რაციონალურად მოაზროვნე მოქალაქეს ეძლევა. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია საკუთარი წვლილის შეტანა - მინიმუმ, 10 ლარის გადარიცხვა. პრინციპში, ეს სიმბოლური თანხაა. ერთი ხის საფასურია და დაახლოებით იმდენი, რამდენსაც ყოველი ჩვენგანი კაფეში, კინოთეატრის ბილეთში ან მეგობარი გოგონას ყავაზე დასაპატიჟებლად ხარჯავს. კომპანიების კორპორატიული წვლილის მინიმუმი 100 ხის დარგვით იწყება, რაც თავმოყვარე და საზოგადოებაზე მზრუნველ კომპანიას ალბათ, არ გააღარიბებს.

პროექტი “აღადგინე” ენთუზიაზმისა და კომერციის გონივრული ნაზავია, რომელიც საბოლოო მიზნად საზოგადოებისთვის აუცილებლის შექმნაზეა ფოკუსირებული. “გარემოსდაცვითი პროექტები უნდა იყოს კომერციული. როგორც კი ამას კერძო სექტორი გაიაზრებს, ორმხრივი სარგებელიც მეტი იქნება - საზოგადოებისთვისაც და კომპანიებისთვისაც”, - ამბობს სტარტაპ “თრიფექსის” თანადამფუძნებელი ლაშა კვანტალიანი. კომპანია წლებია ხეების დარგვითაა დაკავებული და მისი საქმიანობა სასარგებლოსა და მომგებიანის შერწყმაა - მომხმარებელი ყიდულობს რაიმე ნივთს, რომელსაც Treepex-ის ლოგო ახლავს, შედეგად კი, საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე კიდევ ერთი ხე ირგვება მის სახელზე. “რაც შეეხება პროექტს “აღადგინე”, დარგული ხეების მოვლას პირველი 3 წლის განმავლობაში ჩვენი კომპანია უზრუნველყოფს, ხოლო შემდეგი 2 წლის განმავლობაში - ეროვნული სატყეო სააგენტო. ხეების მოვლის საქმეში ენერგიულად ერთვება ადგილობრივი მოსახლეობა, რომელმაც უკვე გაიარა შესაბამისი გადამზადება ხის დარგვისა და ტყის აღდგენის მიმართულებით”. „თრიფექსი“ ხეების აღრიცხვასაც, ე. წ. “დაპინვას” აკეთებს. GPS მონაცემები და ფოტო თითოეულ იმ ადამიანს ეგზავნება, რომელიც რეგისტრირდება და ხეს რგავს. ამგვარად, შეტანილი წვლილი გაზომვადია, შედეგი კონკრეტული, ზეგავლენა - პირდაპირი. ონლაინ კალკულატორი იმასაც გატყობინებთ, რამდენ ნახშირორჟანგს შთანთქამს თქვენ მიერ დარგული ხეები.

მათთვის ვინც თვლის, რომ ეკოლოგიისთვის მხოლოდ სოციალურ-ეკონომიკური საკითხების მოგვარების შემდეგ უნდა მოვიცალოთ, პროექტი “აღადგინე” შეხსენებაა, რომ ეკოლოგია ეგზისტენციალური საკითხი არ არის; ის ძალიან კონკრეტულ ციფრებსა და სტატისტიკაში გამოიხატება, შედეგიც პირდაპირპროპორციული და ცალსახაა თითოეული ადამიანისთვის. და თუ თქვენ სუნთქვის რაიმე ახალი მექანიზმი არ შეგიმუშავებიათ, რომელიც ჩასუნთქულ მდგომარეობაში უსასრულოდ გაცოცხლებთ, დროა იმოქმედოთ, რათა ხვალ ჩასასუნთქი ჟანგბადი დაგხვდეთ.

სალომე კუკავას, ბიზნესინფორმაციის სააგენტოდან, ბუნებასთან ურთიერთობის თავისი ისტორია აქვს: “10-დან 7-მდე სამსახურში ვარ, სახლში ერთი ყვავილიც არ გამიხარებია. მაგრამ მაწუხებს ჰაერის ხარისხის გაუარესება და გარეთ გამოსულს შესუნთქვა რომ მიწევს. კორპორატიული საქმიანობის ფარგლებში, ყოველ წელს სხვადასხვა პროექტს ვახორციელებთ. მორიგი დაგეგმარების პროცესში, ბორჯომის ტყის პრობლემა გავიხსენეთ და როცა მასშტაბები გავაანალიზეთ, 750 ათასი ხის ცოტა შეგვეშინდა. თუმცა არ არის აუცილებელი ყველაფერი მარტომ აკეთო, ჩვენი ორგანიზაციის ბაზაში 1200 მსხვილი კომპანიაა. მერე ხალხი ავიყოლიეთ და მივხვდით, რომ გაცილებით მეტნი ვართ, ზოგი ენთუზიასტია, ზოგი პასუხისმგებლობას გრძნობს, ზოგი PR-ისთვის ირჯება, მოკლედ, მოტივაციას მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია, ხალხი საქმეში ჩაებას“.

სტატისტიკასა და მაღალფარდოვან მისწრაფებებს თავი რომ დავანებოთ, 6 მაისს ბევრი ადამიანის გამოძახილი ისმოდა: “გადამწვარი მთები უნდა გადავაბარო შვილებს? - ტეხავს.” ან ასეთი: “ნეტავ, თბილისშიც გააკეთონ ასეთი რამ, თორემ მართლა ასფალტი ვჭამოთ და ვისუნთქოთ?!“... ადგილობრივებთან საუბრისას დავრწმუნდი, რაპა ნუის ტომის ბედის გაზიარებას აქ არავინ აპირებს, არც დამძიმებულ ეროზიასა და მოშიშვლებულ ნიადაგის მასივებს ნებდებიან. დარჩა სულ რაღაც 724535 დასარგავი ხე… შესაძლოა, ვიღაცისთვის ეკოლოგია ჯერ კიდევ მეორადი საკითხია, სკეპტიკუტად უყურებს 750 ათასი ხის გახარებას ან სულაც ეძვირება 10 ლარი თითო ნერგში… თუ ასეთი მოქალაქე გეგულებათ, შესთავაზეთ, ღრმად ჩაისუნთქოს. შემდეგ კი ჰკითხეთ - რამდენ ხანს გაძლებ?

თეგები: 
სტატიები
გამოიწერეთ
სიახლეები
© 2012-2015 ყველა უფლება დაცულია. ჟურნალსა და ვებგვერდზე გამოქვეყნებული
მასალების ნაწილობრივი ან სრული გამოყენება რედაქციის ნებართვის გარეშე აკრძალულია