იხილეთ ჟურნალის ელექტრონული გამოცემა თქვენს IPHONE-სა IPAD-ზე
ბლოგები >
არწივით მონადირეებთან ერთად
ტარიკ იაზიდის ფოტოჟურნალი
12.07.17
ჩრდილო-დასავლეთ მონღოლეთში, ალტაის მთების მიუვალ ადგილებში დარჩენილმა ბაზიერებმა მოახერხეს, რომ არწივით ნადირობისა და ცხენოსნობის ტრადიციები შემოენახათ. მათ თოფითაც შეუძლიათ ინადირონ, მაგრამ მტაცებელი ფრინველებით ნადირობის ტრადიციას ინარჩუნებენ.

დასავლეთ მონღოლეთში მდებარე დაიანის ტბა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მწირედ დასახლებული ადგილია. ეს მყინვარებითა და ხრიოკი ველებით გარშემორტყმული ტერიტორიაა, სადაც ერთ-ორ ხეს თუ ნახავთ და ტემპერატურა -400C-ზე დაბლა ეცემა. უაღრესად რთულ პირობებში ცხოვრობენ მომთაბარე ოჯახები, რომელთა ძირითადი საქმიანობა მესაქონლეობაა.

ასევე, ის ერთ-ერთი იშვიათი ადგილია, სადაც ყაზახ არწივებით მონადირეებს იხილავთ. ოქროსფერი არწივის მელიებზე, თაგვებზე და მგლებზე დაგეშვის უძველეს ხელობას უკვე 4000 წელია მისდევენ და ამ ხელობის მიმდევარი ოჯახებისთვის ის დღესაც ყოველდღიურობის ნაწილი და გადარჩენის საშუალებაა.

არწივებით ნადირობა ერთადერთი ტრადიცია არ არის, რომელსაც ყაზახი მომთაბარეები სწრაფად ცვალებად მონღოლეთში ინარჩუნებენ. მომთაბარეთა ამ ოჯახებს საკუთარი ენა, სამოსი და ტრადიციები აქვთ და დაუწერელი კოდექსის მიხედვით ცხოვრობენ, რომელიც მკაცრ, მაგრამ თვალწარმტაც გარემოში მათ არქაულ ცხოვრების წესს აწესრიგებს.

ფოტოგრაფი ტარიქ ზაიდი კვირების განმავლობაში ცხოვრობდა მომთაბარე ყაზახ ოჯახებთან და მათ ყოფას ეცნობოდა.

13 წლის აიშოლპანი ლეგენდარული ყაზახი არწივებით მონადირის ქალიშვილია. დღეს მხოლოდ ჩვიდმეტი არწივებით მონადირეა დარჩენილი, რომელიც ამ ხელობას ცოცხლად ინახავს, აიშოლპანი კი, დიდი ალბათობით, ერთადერთი ქალი არწივებით მონადირეა.

შოხანისა და მისი ოჯახისთვის დღე ადრე იწყება. „ხშირად 7 საათზე ვიღვიძებდი და ვხედავდი, რომ კაცები უკვე ნადავლით ბრუნდებოდნენ, რადგან გარიჟრაჟზე წავიდნენ სანადიროდ, - ამბობს ზაიდი, - ისინი დიდ სიამოვნებას იღებენ არწივებით ნადირობისგან, მაგრამ ნადირობა მნიშვნელოვან ფუნქციასაც ასრულებს, რადგან მელა და მგელი მათ საქონელზე ნადირობენ. არწივით მონადირეები მესაქონლეები არიან და პირველ რიგში, საკუთარ საქონელზე ზრუნავენ“.

არწივი ოჯახის საუნჯედ ითვლება; „ფრინველი მათი ოჯახის წევრივითაა, მას სახელიც აქვს და სხვებთან ერთად სახლში ყოფნის უფლებაც. არწივი შინაურ ფრინველზე მეტია, ის სტატუსის სიმბოლო და, რა თქმა უნდა, გადარჩენის მნიშვნელოვანი საშუალებაა“.

ქალები ყოველდღე წველიან ძროხებს

როდესაც კაცები ნადირობენ ან საძოვარზე არიან გასული, ქალები ძროხებს წველენ, რძეს ადუღებენ, დღვებენ და კარაქისა და ყველის კეთებას იწყებენ. პროდუქტები დიდხანს უნდა ინახებოდეს, რადგან მაცივრები არ აქვთ: „მათი დამზადებული ყველის ერთ-ერთი სახეობა, ქვასავით მაგარია და თვეობითაა საჭმელად ვარგისი“, - ამბობს ზაიდი.

სადილის მომზადების შემდეგ, ქალები საწვავზე ზრუნვას იწყებენ. აქ ხე არ იზრდება, ამიტომ ისინი ნაკელს აგროვებენ და წვავენ. „ისინი მთლიანად საკუთარ ცხოველებზე არიან დამოკიდებული - საჭმელ-სასმელით თუ გათბობის საშუალებებით“.

ცხენოსნობა მათი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და ყველა არწივით მონადირე სრულყოფილად ფლობს. ისინი მუდამ ამხედრებულნი ნადირობენ, რადგან ხშირად, ცხენი სანადირო ადგილამდე მისაღწევი ერთადერთი საშუალებაა.

შეიძლება ვინმე ცხოველებს არ უვლიდეს, მაგრამ ის მაინც მუდამ შრომობს: „შოხანი გასაოცრად ხელმარჯვეა, ოჯახის წევრებს ფეხსაცმელს საბურავებისგან უმზადებს ან ნალებს ჭედავს. როდესაც რაიმე ფუჭდება, ახლის ყიდვაზე არავინ ფიქრობს, რადგან ყველაფერი შეკეთებას ექვემდებარება და თავიდან გამოიყენება. ყაზახი მომთაბარეები სატვირთოსა და მოტოციკლის გარდა, სხვა მანქანა-დანადგარს იშვიათად იყენებენ. მათ არც გენერატორები აქვთ, ამიტომ ჩქარობენ, ყველაფერი მზის ჩასვლამდე მოასწრონ, რადგან მერე ძალიან ცივა“.

მიუხედავად იმისა, რომ ელექტროენერგია, ტელევიზორი და მაცივარი არწივით მონადირეთა ოჯახების ყოველდღიურობის ნაწილია, მათი შეხედულებები და წეს-ჩვეულებები კვლავ ტრადიციულია.

საღამოს 6 საათისთვის კაცები საძოვრებიდან ბრუნდებიან და სავახშმოდ იკრიბებიან ტყავით დაფარულ იურტაში.

„საოცარია, როგორი ურთიერთობა აქვთ შვილებთან. მათი თქმით, „ჩვილი ღმერთია და ყველაფერი მისთვს კეთდება; მოზარდები მონები არიან, ყველაფერი მათ უნდა გააკეთონ. ზრდასრულ ასაკში კი ისინი მეგობრები ხდებიან“. ზუსტად ამგვარი დამოკიდებულების მომსწრე გავხდი.“ - ამბობს ზაიდი.

გოგონები დაკლული თხის შიგნეულს ასუფთავებენ, შოხანი კი ხორცს კიდებს

ქალები ხორციან სადილს ამზადებენ. რადგან მიწა ყინულივით მაგარია და წყალი თითქმის არაა და ბოსტნეულის მოყვანას ვერ ახერხებენ. იმ მცირე შემოსავლით, რასაც საქონლის გაყიდვისგან იღებენ, მხოლოდ ფქვილს, შაქარს, სუნელ-სანელებლებსა და ხანდახან არაყს ყიდულობენ.

მეჯოგეებში დაწესებული იერარქია, ყველაზე კარგად სუფრასთან ჩანს, ზაიდი ამბობს, რომ: „სახლის პატრონი მამაკაცი ყოველთვის პირველი ჭრის ხორცს და სტუმარს საუკეთესო ნაჭერს სთავაზობს. შემდეგ უხუცესები მიირთმევენ, შემდეგ ქალები, ბოლოს - ბავშვები. დანა-ჩანგალი არ აქვთ, ყველა ხელით ჭამს“.

ქალებს ყოველთვის აქვთ საქმე.

მათ არყის სმის რიტუალიც აქვთ. „დამსწრეებიდან, ჯერ ყველაზე ხნიერი ამბობს სადღეგრძელოს. შოხანის სახლში ეს მამამისი, ტაბისია. შემდეგ ასაკით მომდევნო სვამს არაყს და ასე ატარებენ წრეზე. ქალებსა და ბავშვებს დალევის უფლება არ აქვთ, გარდა იმ შემთხვევისა, თუ მეხუთე წრეზე რომელიმე უხუცესი არ ჰკითხავს ცოლს, სადღეგრძელოს თქმა ხომ არ გსურსო და თუ ქალი არ გაიცინებს და არ იტყვის: „ნუ ხარ ასეთი სულელი მთვრალი!“

დედა ზრუნავს შვილის, არწივით მონადირის შვილიშვილის უსაფრთხოებაზე.

მთელი ოჯახი ერთ ოთახში, საწოლზე ან იატაკზე დაფენილ ტყავებზე იძინებს. „კაცები, რომლებიც ცხოველებს უვლიდნენ, ყველაზე დაღლილი არიან, ამიტომ საწოლში ისინი წვებიან. ვინც ფერმაში დარჩა - იატაკზე იკავებს ადგილს. თუკი ოჯახში ახალდაქორწინებულია, მათი საწოლი ფარდითაა გამოყოფილი. ეს განმარტოების ერთადერთი საშუალებაა.

მელის მონადირებას მთელი თემი ზეიმობს, ტყავს მონადირეები და მათი ოჯახები ჯილდოს სახით ატარებენ. ის მათ ყინვისგანაც იცავს.

ახალ საძოვარზე საქონლის გადასაყვანად, ყოველ 3-4 თვეში ერთხელ, აიშლებიან და ხეობას მიუყვებიან. „აქლემებს საპალნედ იყენებენ და თუ სატვირთო მანქანის ყოლის ფუფუნება აქვთ, ბავშვები და მოხუცები მასში სხდებიან. შოხანს საქონელი მოჰყავს“. გადასვლის პროცესი დღეზე ნაკლებ დროში გრძელდება. „საცხოვრებლებს რამდენიმე საათის განმავლობაში შლიან და კეცავენ, რადგან დანიშნულების ადგილას დაბნელებამდე უნდა მიაღწიონ. ამიტომ ყაზახებს ასეთი ჩვეულება აქვთ: თუ დაინახავ, რომ ვინმე იურტას შლის, უნდა შეჩერდე და დაეხმარო, სანამ ისინიც გზას დაადგებიან.

საგსაი, ჩრდილოეთ მონღოლეთი

თუმცა მეჯოგეს იშვიათად შეხვდებით. „დედამიწის ამ მხარის ხიბლი სწორედ სიცარიელეშია - შეიძლება მთელი დღე იაროთ და არავის გადაეყაროთ. ზუსტად ამიტომ შეძლეს ყაზახებმა ტრადიციების შენარჩუნება“.

 

არწივით ნადირობა მსოფლიოს ერთ-ერთი საფრთხის ქვეშ მყოფი კულტურული ტრადიციაა. 2010 წელს UNESCO-მ ნადირობის ეს მეთოდი ცოცხალი კულტურის ძეგლთა ნუსხაში შეიტანა.

თეგები: 
სტატიები
გამოიწერეთ
სიახლეები
© 2012-2015 ყველა უფლება დაცულია. ჟურნალსა და ვებგვერდზე გამოქვეყნებული
მასალების ნაწილობრივი ან სრული გამოყენება რედაქციის ნებართვის გარეშე აკრძალულია