იხილეთ ჟურნალის ელექტრონული გამოცემა თქვენს IPHONE-სა IPAD-ზე
სტატიები >
აღმაშენებლის ანდერძი
06.02.17
დავით ლორთქიფანიძე
მირიან კილაძე

ექსპონატებით მოყოლილი საქართველოს ისტორია.

გასულ წელს საქართველოს ეროვნულ მუზეუმში, კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრთან ერთად, ახალი საგამოფენო დარბაზი გავხსენით – „შუა საუკუნეების საგანძურის“ წინაქრისტიანული და შუა საუკუნეების ქართული ხელოვნების ნიმუშები იმ კულტურული ტრადიციების ერთიანობასა და უწყვეტობას ასახავს, რომელთა საფუძველზე ქართული სახელმწიფოებრიობა და ეროვნული თვითშეგნება ჩამოყალიბდა.

გამოფენაზე ხატების, მოზაიკის, ქვასა და ხეზე კვეთის, ფრესკებისა და ნაქარგობის ბრწყინვალე ნიმუშებთან ერთად წარმოდგენილია სასულიერო და საერო ხელნაწერები. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორის, ზაზა აბაშიძის უშუალო მონაწილეობით საზოგადოებას პირველად წარვუდგინეთ ისეთი უნიკალური ნიმუშები, როგორებიცაა მდიდრულად შემკული ვარძიის ოთხთავი (XII-XIII სს.) „საზეიმო“, რომელიც, სავარაუდოდ, თამარ მეფეს ეკუთვნოდა; ქართული მედიცინის ისტორიის კლასიკური პერიოდის ერთ-ერთი უადრესი ძეგლი, ენციკლოპედიური ნაშრომი „უსწორო კარაბადინი“ (XIII-XIV სს.) და სხვა. გამოფენაზე ექსპონატების პერიოდული ცვლა მიმდინარეობს, რათა მაქსიმალურად შევძლოთ ეპოქის წარდგენა.

2016 წლის მიწურულს საქართველოს ეროვნულ მუზეუმსა და ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს ეროვნული არქივიც შეუერთდა და მისი ხელმძღვანელის, თეონა იაშვილის ინიციატივით საშუალება მოგვეცა განახლებულ გამოფენაზე დავით IV აღმაშენებლის ანდერძის ჩვენამდე მოღწეული ერთადერთი ორიგინალის ფრაგმენტი წარმოგვედგინა. ანდერძი შარვანში გალაშქრების წინ 1123-1124 წლებში დაიწერა. მას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ქართული სამართლისა და დიპლომატიის ისტორიისთვის. საბუთს თავსა და ბოლოში ჰქონდა დართული დავით აღმაშენებლის ავტოგრაფული წარწერები. მათი პალეოგრაფიული პირები, რომლებიც სარგის კაკაბაძემ 1911 წელს დაამზადა, ასევე ჩავრთეთ ექსპოზიციაში.

XX საუკუნის დასაწყისამდე სიგელი სრული სახით იყო დაცული: იგი 5 კეფისგან შედგებოდა და მისი თავდაპირველი ზომა 2 მეტრს აღემატებოდა. 1915 წელს, პირველი მსოფლიო ომის დროს, ფრონტის ხაზთან სიახლოვის გამო, ანდერძი დანარჩენ საბუთებთან და საარქივო მასალასთან ერთად ჩრდილოეთ კავკასიაში – რომანოვსკში „გახიზნეს“. 1919 წელს საბჭოთა ჯარების მიერ ამ ტერიტორიების დაკავების შემდეგ, აქ დაცული 3000 ქართული სიგელ-გუჯარი ერთიანად განადგურდა. დავით აღმაშენებლისა და გიორგი II-ის ანდერძების ფრაგმენტები 1923 წელს სარგის კაკაბაძემ დააბრუნა საქართველოში. სწორედ მას ეკუთვნის ანდერძის პირველი კვლევა. დედანის ფოტო კი ალექსანდრე როინაშვილმა გადაიღო. მას უდიდესი ღვაწლი მიუძღვის ჩვენი ქვეყნის ეროვნული მემკვიდრეობის შენარჩუნების საქმეში – ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი „ერმაკოვის კოლექციის“ უდიდესი ნაწილის ავტორი, სწორედ ალექსანდრე როინაშვილი გახლავთ.

ნეგატივი (N15869, N5992) საქართველოს ეროვნული მუზეუმის კოლექციაშია დაცული და დღეს უკვე ფასდაუდებელ დოკუმენტს წარმოადგენს, რადგან მხოლოდ მისი საშუალებით შეგვიძლია შევისწავლოთ იმ მეფის ანდერძი, რომლის როლი ქართული სახელმწიფოებრიობისა და ეროვნული თვითშეგნების განვითარებაში განუზომელია.

დაბოლოს, შუა საუკუნეების გამოფენა თვალსაჩინო მაგალითია იმისა, რომ ეროვნული მუზეუმი, ეროვნული არქივი და ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი ეროვნული მემკვიდრეობის მთავარი მცველები არიან და აქ დაცული კოლექციები ერთად ქმნიან ცოდნის არქივს.

ჟურნალის გამოწერისთვის დააჭირეთ აქ.
თეგები: 
სტატიები
გამოიწერეთ
სიახლეები
© 2012-2015 ყველა უფლება დაცულია. ჟურნალსა და ვებგვერდზე გამოქვეყნებული
მასალების ნაწილობრივი ან სრული გამოყენება რედაქციის ნებართვის გარეშე აკრძალულია