იხილეთ ჟურნალის ელექტრონული გამოცემა თქვენს IPHONE-სა IPAD-ზე
სტატიები >
უძველესი ნამგალი
01.04.17
დავით ლორთქიფანიძე
მირიან კილაძე

ნეოლითი (ახალი ქვის ხანა) კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პერიოდია, სწორედ ამ დროს, დაახლოებით 10-12 ათასი წლის წინ, დაიწყო მონადირე- შემგროვებლობიდან მწარმოებლურ ეკონომიკაზე გადასვლა. ცხოველების მოშინაურების, მცენარეების გაკულტურებისა და ქვისა და ძვლის დამუშავების ახალი ტექნოლოგიების დახვეწასთან ერთად განვითარდა არქიტექტურა – გორდონ ჩაილდმა ამ პერიოდს ნეოლითური რევოლუცია უწოდა.

ყველაზე სრულყოფილად ადრეული ნეოლითის კვალი ახლო აღმოსავლეთში, ნაყოფიერი ნახევარმთვარის სახელით ცნობილ (თანამდეროვე ირანი, ერაყი, თურქეთი, სირია, პალესტინა) ტერიტორიაზეა წარმოდგენილი, სადაც, სავარაუდოდ, მნიშვნელოვანი მარცვლეული მცენარეების გაკულტურება უნდა მომხდარიყო. ვფიქრობთ, რომ კავკასია ამ არეალის გარკვეულ გაგრძელებას წარმოადგენს და, სავარაუდოდ, საკვები მცენარეების სახეობების გაკულტურებისა და გამრავლების ასევე უძველესი ცენტრია. ამის საფუძველს იძლევა კულტივირებული მცენარეების მრავალფეროვნება და ფორმები, რომლებიც კავკასიიდან მომდინარეობს. ქვემო ქართლი განსაკუთრებით მდიდარია ნეოლითური ძეგლებით. არქეოლოგიური გათხრების შედეგად (რომელსაც ჯერ გამოჩენილი მეცნიერი ალექსანდრე ჯავახიშვილი, ხოლო შემდეგ თამაზ კიღურაძე ხელმძღვანელობდა), მდინარე ხრამის მარჯვენა სანაპიროზე, სოფლებს – ყაჩაღანსა და თაქალოს შორის აღმოჩნდა ძვ.წ. VI ათასწლეულით დათარიღებული ნამოსახლარი. ველი მდიდარია ნეოლითის პერიოდის შესასწავლად უმნიშვნელოვანესი არტეფაქტებით, თუმცა, ამჯერად გადავწყვიტე თქვენთვის ცხოველის რქისგან დამზადებული ნამგლის ბუდე წარმომედგინა, რომელშიც ნეოლითის ადამიანი კაჟისგან დამზადებულ პირებს ამაგრებდა და მკიდა. ეს ნივთი კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ საქართველო სოფლის მეურნეობის განვითარების ერთ-ერთი უძველესი კერაა.

ალიზზე აღბეჭდილი ხორბლის თავთავი და ცხოველის რქის ნამგალი ხრამის დიდი გორიდან. ნანა რუსიშვილის კვლევებმა დაადასტურა, „რომ კულტივირებული ხორბლის კვალი საქართველოში 8 ათასი წლით თარიღდება და ერთ-ერთი უძველესია მსოფლიოში“.

ჟურნალის გამოწერისთვის დააჭირეთ აქ.
თეგები: 
სტატიები
გამოიწერეთ
სიახლეები
© 2012-2015 ყველა უფლება დაცულია. ჟურნალსა და ვებგვერდზე გამოქვეყნებული
მასალების ნაწილობრივი ან სრული გამოყენება რედაქციის ნებართვის გარეშე აკრძალულია