იხილეთ ჟურნალის ელექტრონული გამოცემა თქვენს IPHONE-სა IPAD-ზე
სტატიები >
ყურთმაჯიანი კაბა-ახალუხი
01.07.17
დავით ლორთქიფანიძე

სამოსის ისტორია არამხოლოდ მეცნიერების, საზოგადოების დიდი ინტერესის საგანსაც წარმოადგენს. ჩვენამდე მოღწეული არქეოლოგიური მასალა და ისტორიული წყაროები საინტერესო ინფორმაციას გვაძლევს ჩვენი წინაპრების ჩაცმულობის შესახებ. სხვადასხვა კულტურის გავლენა საკუთარი იდენტობის შენარჩუნებით, დამახასიათებელია ქართული სამოსისთვის: „ქართველი მეფენი და დიდებულნი, პოლიტიკური ორიენტაციის მიხედვით, ხან ბიზანტიურად იმოსებოდნენ და ხან სპარსულად... ასე იცვამდნენ საზეიმო და საპარადო ცერემონიების დროს... ხოლო ოჯახში, ნადირობისა და ლაშქრობის დროს, რა თქმა უნდა, სულ სხვაგვარად იქნებოდნენ შემოსილნი“, – წერს ეთნოგრაფი ივანე ციციშვილი.

„სულ სხვაგავარად“ შემოსვაში ციციშვილი ტრადიციულ ქართულ სამოსს გულისხმობს, რომლის ერთ-ერთი უძველესი ნიმუში, ჩოხის წინაპრად მიჩნეული, ყურთმაჯიანი, ანუ ენიანი კაბაა. ყურთმაჯა/ენა ცრუ სახელოა და მას მხოლოდ ესთეტიკური და სიმბოლური დანიშნულება აქვს – თუ უმცროსი უფროსს შეხვდებოდა, პატივისცემისა და მორჩილების ნიშნად, მხრებიდან ყურთმაჯებს ჩამოიშვებდა; მათი ერთი მხრიდან მეორეზე გადაგდებ-გადმოგდება, დაშვება ან მხრებზე შეყრა არშიყობას ნიშნავდა; ქეიფის დროს, სუფრაზე გაჯიბრებული ვაჟკაცებიც გადააბამდნენ ერთმანეთს ყურთმაჯებს და ისე ცვლიდნენ სადღეგრძელოებს, ხოლო ჯირითის დროს ყურთმაჯების ფრიალი სანახაობის შემადგენელი ნაწილი იყო. იმისთვის, რომ მოძრაობის დროს ლამაზად გამოჩენილიყო, ყურთმაჯებს შიდა მხრიდან განსხვავებული ფერის ძვირფას ნაჭერს უდებდნენ სარჩულად. ყველა ქართველს უნდა ჰქონოდა თითო ენიანი კაბა მაინც, რათა დღესასწაულებზე ჯეროვნად გამოწყობა შეძლებოდა.

საქართველოს ეროვნული მუზეუმის ფონდებში სხვა ეთნოლოგიურ მასალასა და საეკლესიო სამოსთან ერთად უხვად არის დაცული ქართული ტრადიციული საერო სამოსი, ამ ფოტოზე წარმოდგენილი ყურთმაჯიანი კაბა მე-18 საუკუნისაა და ამ ტიპის სამოსის იშვიათ ნიმუშს წარმოადგენს. სულ ცოტა ხნის წინ ეთნოგრაფიის განახლებულ გამოფენაზე ქართული სამოსის პატარა გამოფენა მოეწყო, სადაც დამთვალიერებელს ბევრი საინტერესო ნიმუშის ხილვა შეუძლია.

ჟურნალის გამოწერისთვის დააჭირეთ აქ.
თეგები: 
სტატიები
გამოიწერეთ
სიახლეები
© 2012-2015 ყველა უფლება დაცულია. ჟურნალსა და ვებგვერდზე გამოქვეყნებული
მასალების ნაწილობრივი ან სრული გამოყენება რედაქციის ნებართვის გარეშე აკრძალულია