იხილეთ ჟურნალის ელექტრონული გამოცემა თქვენს IPHONE-სა IPAD-ზე
სტატიები >
ეგვიპტის პირველი რევოლუციონერი
01.07.17
პიტერ ჰესლერი
რენა ეფენდი

ეხნატონი ძვ.წ. 1353-1336 წლებში მართავდა ეგვიპტეს; სახეს უცვლიდა რელიგიას, ხელოვნებასა თუ მმართველობის სისტემას. ეხნატონმა უდაბნოში დააარსა ქალაქი ამარნა და დედაქალაქად აქცია. ის მისთვის იყო მომავლის ქალაქი. „არავის ურჩევია ამ ადგილას დედაქალაქის დაარსება“, ამაყად წერდა მბრძანებელი თავის ახალ სატახტო ქალაქზე, რომელიც ნილოსის აღმოსავლეთი ნაპირის „ქალწულებრივი“ უდაბნოს ზოლზე მდებარეობდა და ჯერ არც ერთი ღმერთის თაყვანისცემით იყო შებღალული.

მემკვიდრეები მეტწილად მხოლოდ გესლს ანთხევდნენ. ტუტანხამონიც კი აკრიტიკებდა მამის მმართველობის პერიოდს:. „მიწა გამოიფიტა; ღმერთებმა მიატოვეს ეს მიწა“. მომდევნო დინასტიის ეპოქაში ეხნატონს ეწოდა „დამნაშავე“და „მეამბოხე“. ფარაონების ბრძანებით, დაამსხვრიეს მისი ქანდაკებები და წაშალეს გამოსახულებები. ცდილობდნენ, მისი სახელი სრულიად ამოეშალათ ისტორიის ფურცლებიდან.

მაგრამ ათასწლეულების შემდეგ, არქეოლოგებმა, ფაქტობრივად, თავიდან აღმოაჩინეს ის - „კაცობრიობის ისტორიაში პირველი მმართველი, გამოკვეთილი ინდივიდუალობით“ - 1905 წელს ჩაწერილი ეს ფრაზა ეგვიპტოლოგ ჯეიმს ჰენრი ბრესტედს ეკუთვნის. მისთვის და მრავალი სხვა მკვლევრისთვის ეხნატონი რევოლუციონერია. ფიქრობენ რომ მისი იდეები, განსაკუთრებით, მონოთეიზმის კონცეფცია იმ დროისათვის ნამდვილად პროგრესული იყო.

სწორედ ამ სარკიდან ირეკლება ეხნატონის რადიკალურად განსხვავებული სახეები: პროტო-ქრისტიანი, მშვიდობისმოყვარე, გარემოს დამცველი, ღია ჰომოსექსუალი და დიქტატორი. ნაცისტები თუ აფროცენტრული მოძრაობა, ყველა ერთნაირი ენთუზიაზმით იღებდა და ითავისებდა ამ პიროვნებას. თომას მანი, ნაჯიბ მაჰფუზი, ფრიდა კალო... ეხნატონმა მათ შემოქმედებაშიც იპოვა ადგილი.

კაირო. 2014 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისას, მოვაჭრე აბდელ ფათაჰ ელ-სისის ნიღბებს ყიდის. სამხედრო გადატრიალების შემდეგ, გენერალმა არჩევნებზე ხმების 97% მოიპოვა. სისიმ მალევე ბრძანა კაიროს აღმოსავლეთით ახალი დედაქალაქის დაარსება – 300-მილიარდ დოლარიანი პროექტი, რომელიც ძალიან ჰგავს ეხნატონის ამარნას. ანა სტივენსის აზრით, ისტორია მეორდება; „სისი მოსწონთ, რადგან ის ძლიერი მამაკაცია“.

ბერლინი „ნოიეს მუზეუმში“, კირქვის სტელაზე გამოსახულია ეხნატონი და ნეფერტიტი სამ ქალიშვილთან ერთად. ზემოდან ატონი დაჰყურებთ. ასეთ სტელებს ამარნის წარჩინებულთა აკლდამებში ვხვდებით, მაგრამ მსგავსი არაფერია უბრალო ხალხის სამარხებზე. ეს ნიშნავს, რომ მასისთვის ახალი რელიგია ჯერ კიდევ უცხო იყო.

ჟურნალის გამოწერისთვის დააჭირეთ აქ.
თეგები: 
სტატიები
გამოიწერეთ
სიახლეები
© 2012-2015 ყველა უფლება დაცულია. ჟურნალსა და ვებგვერდზე გამოქვეყნებული
მასალების ნაწილობრივი ან სრული გამოყენება რედაქციის ნებართვის გარეშე აკრძალულია