იხილეთ ჟურნალის ელექტრონული გამოცემა თქვენს IPHONE-სა IPAD-ზე
სტატიები >
ქურციკის დაბრუნება
01.10.17
ბოგდანა ვაშჩენკო
ნიკა წიკლაური

ქურციკი (ანუ ჯეირანი) ფართოდ იყო გავრცელებული არაბეთის ნახევარკუნძულიდან, ახლო აღმოსავლეთიდან და ცენტრალური აზიიდან მონღოლეთსა და ჩინეთამდე. დღეს კი წითელ ნუსხაშია შეყვანილი, როგორც „მოწყვლადი“.

ქურციკი (Gazella Subgutturosa) მცირე ზომის წყვილჩლიქოსანი ცხოველია, თეთრი მუცლითა და ჩალისფერი ზურგით, რომელიც უდაბნოებსა და ნახევარუდაბნოებში ბინადრობს, დაახლოებით 18-33 კგ-მდე იწონის და 80 კმ/სთ-მდე სიჩქარის განვითარება შეუძლია. ადვილი ამოსაცნობია შავი კუდითა და ქნარივით რქების წყალობით, რომლებიც მამრის თავს ამშვენებს და თითოეულ ინდივიდს თავისებური აქვს. ჩვეულებრივ, მდედრებს ან საერთოდ არ აქვთ რქები, ან ძალიან პატარა აქვთ - სულ რამდენიმე სანტიმეტრი. ზოგჯერ ქურციკს გარეულ თხადაც მოიხსენიებენ, არადა ძროხისებრთა ოჯახის სრულიად სხვა გვარს ეკუთვნის.

მე-19 საუკუნის საქართველოში, მწვანედ მობიბინე საძოვრებზე ათასობით ქურციკი იყო და მათი არეალი რუსთავამდე აღწევდა. თუმცა, გასული საუკუნის 50-იან წლებში ეს მშვენიერი ცხოველი თითქმის სრულად გაუჩინარდა. საბჭოთა ხელისუფლება მიიჩნევდა, რომ გარეული წყვილჩლიქოსანი ცხვარს უწევდა კონკურენციას და თვალს ხუჭავდა მათ ულმობლად ხოცვაზე. სამწუხაროდ, რაც არ უნდა სწრაფი ყოფილიყო ეს „გარეული თხა“, ტყვია მაინც ეწეოდა. უკანასკნელი ქურციკი 1990-იან წლებში ჩვენს ქვეყანაშიც ეს სახეობა მთლიანად განადგურდა.

2006 წელს ვაშლოვანის ეროვნულ პარკში დაცული ტერიტორიების სააგენტომ, „ნაკრესთან“, თბილისის ზოოპარკთან და სხვა ორგანიზაციებთან ერთად, ექვსი ცხოველი შემოიყვანა თურქეთიდან. სამწუხაროდ, გადმოსახლების პროცესი წარუმატებელი აღმოჩნდა: რამდენიმემ ტრანსპორტირების სტრესს ვერ გაუძლო, ერთს კი გიურზამ უკბინა.

ამას მოჰყვა მეორე მცდელობაც. WWF-მა ივრის ხეობაში გაუშვა ეს ცხოველები და ამჯერად - წარმატებულად: ქურციკებმა ახალ ადგილას მოიკიდეს ფეხი და გამრავლდნენ. ამ მცდელობას კიდევ რამდენიმე მოჰყვა და 2017 წელს ეროვნულ პარკში ქურციკების რიცხოვნობა 45 ინდივიდამდე გაიზარდა.

რადგან ქურციკების რიცხვი კვლავ შეზღუდულია და არავინ უნდა დაიკარგოს, ცხოველებს რადიოსაყელურები უკეთიათ, რომლებიც თანამგზავრს გადასცემს სიგნალს. ამგვარად, ვაშლოვანის ეროვნული პარკის რეინჯერებმა ყოველთვის იციან, სად და როგორ არის ჯოგი.

ჟურნალის გამოწერისთვის დააჭირეთ აქ.
თეგები: 
სტატიები
გამოიწერეთ
სიახლეები
© 2012-2015 ყველა უფლება დაცულია. ჟურნალსა და ვებგვერდზე გამოქვეყნებული
მასალების ნაწილობრივი ან სრული გამოყენება რედაქციის ნებართვის გარეშე აკრძალულია