იხილეთ ჟურნალის ელექტრონული გამოცემა თქვენს IPHONE-სა IPAD-ზე
სტატიები >
საქართველო - ღვინის სამშობლო
01.12.17
დავით ლორთქიფანიძე
მირიან კილაძე

არქეოლოგიური მონაცემებით, ქართველების ვაზთან და ღვინოსთან დამოკიდებულება ძალიან ადრეული ეპოქებიდან ჩანს. საქართველოში ღვინის დასაყენებლად ფართოდ გამოყენებული ქვევრი ნეოლითის ჭურჭლის მსგავსია, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ამ რეგიონში ღვინის კულტურას ღრმა ისტორიული ფესვები აქვს და მის უწყვეტობას უსვამს ხაზს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მხოლოდ ერთი ეპიზოდი კი არა, მთლიანი სურათი გვაქვს – უძველეს დროში დავიწყეთ ღვინის წარმოება და დღემდე ვაგრძელებთ მას.

საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ს. ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმის ექსპედიციების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ნეოლითური ხანის (ძვ.წ. VI ათასწლეული) ძეგლების კვლევა XX საუკუნის 60-იან წლებში დაიწყო. სხვადასხვა დროს მას ხელმძღვანელობდნენ ალექსანდრე ჯავახიშვილი, ოთარ ჯაფარიძე და თამაზ კიღურაძე. სწორედ ამ ძეგლებზე იქნა აღმოჩენილი უძველესი ღვინის ჭურჭელი, რომელიც სამეცნიერო საზოგადოებას ჯერ კიდევ XX საუკუნის 60-იანი წლებიდან აძლევდა იმის ფიქრის საბაბს, რომ საქართველო ღვინის სამშობლო იყო.

1999 წელს ლონდონში ღვინის ქალაქი „ვინოპოლისი“ გაიხსნა, სადაც კომპანია GWS-ის ხელმძღვანელების, ლევან გაჩეჩილაძის და თამაზ კანდელაკის ინიციატივითა და საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით საქართველოს კუთხე შეიქმნა, რომელსაც „საქართველო – ღვინის სამშობლო“ ეწოდა. „ვინოპოლისის“ საგამოფენო დარბაზში საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში დაცული სამუზეუმო ასლებით წარმოდგენილი იყო ქართული ღვინის ისტორია. მოგვიანებით აკადემიკოსმა ლევან ჭილაშვილმა ამ თემას წიგნი-ალბომიც მიუძღვნა.

ვარაუდი იმის შესახებ, რომ საქართველო ღვინის სამშობლოა, საერთაშორისო ლიტერატურაში ცნობილმა მწერალმა, ჰიუ ჯონსონმა გამოთქვა თავის წიგნში „ღვინის ისტორია“, რომელიც 1989 წელს გამოიცა. მოგვიანებით იგივე ვარაუდი გამოთქვა ღვინის ისტორიის აღიარებულმა მკვლევარმა,

გამოფენა „საქართველო მეღვინეობის აკვანი“, ბორდო, საფრანგეთი, ღვინის ქალაქი. ფოტო: ფერნანდო ხავიერ ურკიხო

პენსილვანიის უნივერსიტეტის პროფესორმა პატრიკ მაკგოვერნმაც, რომელმაც 1998 წელს იმოგზაურა საქართველოში. 2003 წელს კი გამოსცა წიგნი „უძველესი ღვინო“, სადაც კავკასია ღვინის სავარაუდო სამშობლოდაა მოხსენიებული.

ეს ვარაუდები ძირითადად ემყარებოდა ზემოხსენებული არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოჩენილი ყურძნის წიპწების კვლევას, თუმცა, სამწუხაროდ, მაშინ საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოება მათ არ აღიარებდა, რადგან ვერ ხერხდებოდა აბსოლუტური დათარიღება.

ღვინის თემას 2006 წელს დავუკავშირდი, როდესაც ეროვნულ მუზეუმს „ვინოპოლისში“ გამოფენის განახლება დაევალა. ამ დროიდან ღვინის თემატიკის კვლევა და შედეგების საერთაშორისო საზოგადოებისთვის გაზიარება ჩვენს ერთ-ერთ ძირითად მიმართულებად იქცა. ამ პერიოდიდანვე განახლდა გათხრები ნეოლითის ხანის არქეოლოგიურ ძეგლებზე, ხოლო სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან, რომლის პრეზიდენტი ჯემალ ინაიშვილი გახლდათ, შეიქმნა ღვინის ისტორიის ფონდი, რომლის მიზანი ღვინის კულტურის კვლევის ხელშეწყობა იყო. მის სიმბოლოდ საქართველოს ეროვნულ მუზეუმში დაცული ძვ.წ. VII საუკუნის „თამადის“ ქანდაკება შეირჩა ვანიდან.

2008 წელს პროფ. პატრიკ მაკგოვერნი კვლავ ეწვია საქართველოს და წაიკითხა ლექცია უძველესი ღვინის ქიმიური შესწავლის საკითხებთან დაკავშირებით. რამდენჯერმე ჩატარდა ღვინის თემისადმი, მათ შორის ქვევრისადმი, მიძღვნილი სიმპოზიუმიც. თუმცა, ამ ყველაფერს ფრაგმენტული ხასიათი ჰქონდა და მხოლოდ 2014 წლიდან, ასოციაციის „ქართული ღვინო“ ინიციატივით და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, ღვინის ეროვნული სააგენტო, ლევან დავითაშვილის ხელმძღვანელობით, ჩაუდგა სათავეში საერთაშორისო მულტიდისციპლინარულ პროექტს „ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის კვლევა“.

მასში, ქართველ მეცნიერებთან ერთად, პენსილვანიის, მონპელიეს, მილანის, კოპენჰაგენის, ტორონტოს უნივერსიტეტების, ისრაელის ვაისმანის ინსტიტუტისა და მონპელიეს აგრარული კვლევების ეროვნული ინსტიტუტის (INRA) თანამშრომლები მონაწილეობენ.

პროექტის ფარგლებში, პენსილვანიის უნივერსიტეტის პროფესორის –

ღვინის ჭურჭელი ყურძნის მარცვლების რელიეფური გამოსახულებით. ხრამის დიდი გორა, ძვ.წ. VI ს. ფოტო: მირიან კილაძე

პატრიკ მაკგოვერნის ხელმძღვანელობით ჩატარებული ბიომოლეკულური კვლევების შედეგად მარნეულის რაიონში მდებარე ნეოლითის პერიოდის „გადაჭრილი გორის“ და „შულავერის გორის“ არქეოლოგიურ ძეგლზე უკანასკნელი პერიოდის გათხრების დროს აღმოჩენილი თიხის ჭურჭლის კედლებზე ღვინისათვის დამახასიათებელი ორგანული მჟავების (ღვინის მჟავა, ვაშლმჟავა, ქარვამჟავა და ლიმონმჟავა) არსებობა დადასტურდა, რაც Vitis vinifera-ს ვაზის ჯიშისგან დამზადებული ღვინის მარკერია. საქართველოს ეროვნული მუზეუმის მეცნიერების ელისო ყვავაძისა და ნანა რუსიშვილის მიერ მუზეუმში ჩატარებულმა პალეობოტანიკურმა კვლევებმა ცხადყო, რომ ადრეული ნეოლითის ხანაში ამ რეგიონში ვაზის კულტურა ფართოდ იყო გავრცელებული. მილანის უნივერსიტეტის მკვლევრებმა ოსვალდო ფაილას ხელმძღვანელობით აღადგინეს ძვ.წ. VI ათასწლეულის კლიმატი და დაადასტურეს, რომ ქვემო ქართლში 8000 წლის წინ ვაზის კულტივირებისთვის შესაბამისი პირობები იყო, ხოლო ისრაელის ვაისმანის ინსტიტუტში ელიზაბეტა ბოარეტოს ხელმძღვანელობით განხორციელებული ლაბორატორიული კვლევების შედეგად, C14-ის დათარიღების მეთოდით ნიმუშების ასაკი ძვ.წ. 6000-5800 წლებით განისაზღვრა, რაც 600 წლით უფრო ძველია, ვიდრე აქამდე უძველესად მიჩნეული ღვინის კვალი ზაგროსის მთიანეთიდან (ირანი).

მიმდინარე წლის ნოემბერში, აშშ-ის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სამეცნიერო ჟურნალში PNAS გამოქვეყნდა სტატია სახელწოდებით „საქართველოს ადრეული ნეოლითური ღვინო სამხრეთ კავკასიიდან“, რომელიც აღწერს ჩატარებულ კვლევას და მის შედეგებს და ადასტურებს, რომ აქ მოსახლე ტომები ღვინოს ჯერ კიდევ ძვ.წ. 6000-5800 წლებში, ე.ი. 8000 წლის წინ აყენებდნენ.

სტატიას წინ უძღოდა ქართული ღვინის 8000-წლოვანი ისტორიის ამსახველი გამოფენა საფრანგეთის ქალაქ ბორდოში, სადაც „ღვინის ქალაქმა“ (La Cité du Vin) საქართველოს ეროვნული მუზეუმის კოლექციებში დაცულ არქეოლოგიურ და ეთნოგრაფიულ ექსპონატებს, არტეფაქტების ასლებსა და ფოტომასალას უმასპინძლა და საქართველო წარდგა როგორც პირველი „მოწვეული ვენახი“.

„მოწვეული ვენახი“ გამოფენათა ციკლის ნაწილია, რომლის ორგანიზებაც ბორდოში ახალგახსნილმა ღვინის ცივილიზაციათა და კულტურის ცენტრმა, იგივე „ღვინის ქალაქმა“, ითავა. საგამოფენო კონცეფცია ფართო ქრონოლოგიურ ჭრილში ღვინის კულტურასთან დაკავშირებული არტეფაქტების ჩვენებას გულისხმობდა არა მხოლოდ დიდი წარსულით, არამედ ათასწლეულების განმავლობაში მისი უწყვეტობით. გამოფენის ამოსავალი წერტილი მეღვინეობის საწყისი ეტაპის – ნეოლითის ეპოქის სწორედ ის არქეოლოგიური აღმოჩენები იყო, რითაც ქართული ღვინის ასაკი 8000 წლით განისაზღვრა, პროექტის „ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის კვლევა“ ფარგლებში.

თანამედროვე სამეცნიერო საზოგადოება სულ უფრო მეტი დამაჯერებლობით აღიარებს საქართველოს „ღვინის სამშობლოდ“. ამას, ერთი მხრივ, მოწმობს ვაზისა და ღვინის კულტურასთან დაკავშირებული უძველესი არქეოლოგიური მასალა და, მეორე მხრივ, არქეობოტანიკური მონაცემები. მსოფლიო სამეცნიერო საზოგადოება თანხმდება, რომ მეღვინეობის უძველესი კვალი სწორედ საქართველოს ტერიტორიაზე იქნა აღმოჩენილი, საიდანაც ის შემდეგ გავრცელდა მთელ მსოფლიოში და უდიდესი გავლენა იქონია სოფლის მეურნეობის, ხალხთა კულტურის, ბიოლოგიის, მედიცინისა და, ზოგადად, ცივილიზაციების ჩამოყალიბებაზე.

ჟურნალის გამოწერისთვის დააჭირეთ აქ.
თეგები: 
სტატიები
გამოიწერეთ
სიახლეები
© 2012-2015 ყველა უფლება დაცულია. ჟურნალსა და ვებგვერდზე გამოქვეყნებული
მასალების ნაწილობრივი ან სრული გამოყენება რედაქციის ნებართვის გარეშე აკრძალულია