იხილეთ ჟურნალის ელექტრონული გამოცემა თქვენს IPHONE-სა IPAD-ზე
სტატიები >
ედემის ბაღიდან - მეექვსე ნაწილი
01.12.17
პოლ სალოპეკი
ჯონ სტენმაიერი

აბრეშუმის გზის სულები

წყალი. სუფთა, ანკარა, სასმელი წყალი.
უკვე სამი წელია ვეძებ. მსოფლიოს გარშემო ფეხით დავდივარ. იმ გაუჩინარებულ გზებს მივუყვები, პირველმა ადამიანებმა ქვის ხანაში პლანეტის კვლევა-ძიებისას რომ გაიარეს. მოგზაურობა ეთიოპიაში დავიწყე და აქლემების სარწყულებლებიდან ტალახიან გუბეებამდე, არაბეთის ჰიჯაზის უდაბნოს ოაზისიდან ოაზისამდე ვიხეტიალე. ისეც კი მომხდარა, რომ კავკასიის ცივ მწვერვალებში ტონობით წყლით გარშემორტყმულს მომწყურებია, რადგან ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სითხე ქვასავით გაყინულიყო.

მაგრამ ასეთი არაფერი მინახავს: ვიღაცამ ჩემი დამალული წყლის მარაგი ამოთხარა და მოიპარა ღრმა ორმოდან, რომელშიც 60 ლიტრი ჩემთვის უძვირფასესი წყალი ესხა. ჩემი წყალი. ცარიელ დოქებს თვალს ვერ ვწყვეტ.

ყიზილყუმში ჯინებმა მომპარეს წყალი.

ვინ არიან ჯინები?

სტეპების მომთაბარე ტომების თქმით, მაწანწალა სულები, რომლებიც ცენტრალური აზიის უსასრულო ცისკიდურებში დაძრწიან.

სად არის ეს ყიზილიყუმი?

უდაბნო ყაზახეთიდან უზბეკეთამდეა გადაჭიმული და აბრეშუმის გზაზე — 2200 წლის განმავლობაში მსოფლიოს ყველაზე ცნობილ სავაჭრო მარშრუტზე — მიმავალი ქარავნების შემადგენლობას ამცირებს. მისი მწველი მზე და ეკლიანი ბუჩქები აქ მოგზაურობას დღესაც ართულებს.

ესეც რამდენიმე საჭირო ცნობა აბრეშუმის გზის შესახებ შემორჩენილ მითებზე:

ეს სულაც არ იყო გზა.

სინამდვილეში, ეს იყო მიმოფანტული ქსელი, აქლემთა ათასობით ბილიკი, უღელტეხილთა ვიწრო გასასვლელები, პატარა კოშკების მსგავსი ქარვასლები, მდინარისპირა ბაზრები, ზღვის პორტები და უდაბნოს მარტოსული ქვების გროვები სწორედ ეს ქსელი აკავშირებდა ძველი სამყაროს ორ უდიდეს ეკონომიკურ ცენტრს —ხანის დინასტიის ჩინეთსა და რომაულ ხმელთაშუაზღვისპირეთს. ცენტრალურ აზიაში გეოგრაფიულ გზაჯვარედინზე შუამავალი სამეფოები მდიდრდებოდა, აბრეშუმის გზის საქონელი კი ყველა მხარეს მიედინებოდა:

ისლამბეკ ახმაღამბეტოვი მანგისთაუს სასადილოში საუზმობს. ის ყაზახეთის ნავთობის საბადოდან დაითხოვეს. ნავთობის ფასის დავარდნამ სამუშაო ადგილები მკვეთრად შეამცირა.

ჩრდილოეთით — რუსეთის სამთავროებში; სამხრეთით — სპარსეთსა და ინდოეთში; დასავლეთით — კონსტანტინოპოლში; აღმოსავლეთით — სიანში; სავაჭრო ქსელი ათობით მილიონ ადამიანს აკავშირებდა. ამ გზით აფრიკა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაც უკავშირდებოდა ერთმანეთს. აბრეშუმის გზა სტეპებში აქლემებისგაკვალული ბილიკი არ გეგონოთ. ეს იყო იდეა: გლობალიზაციის პროტოტიპი.

აბრეშუმი კი მხოლოდ და მხოლოდ მისი ბრენდი გახლდათ.

უზბეკეთში, აბრეშუმის გზის გულში მდებარე სამარყანდის რეგისტანი მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლია. მისი რესტავრაცია საბჭოთა დროს დაიწყო და დღესაც გრძელდება.

ჟურნალის გამოწერისთვის დააჭირეთ აქ.
თეგები: 
სტატიები
გამოიწერეთ
სიახლეები
© 2012-2015 ყველა უფლება დაცულია. ჟურნალსა და ვებგვერდზე გამოქვეყნებული
მასალების ნაწილობრივი ან სრული გამოყენება რედაქციის ნებართვის გარეშე აკრძალულია