სტატიები >
ოპიზის რელიეფი
01.02.18
დავით ლორთქიფანიძე
ბრაიან უიტნი

სიმონ ჯანაშიას საქართველოს მუზეუმის გამოფენაზე „შუა საუკუნეების საგანძური“ ყურადღებას იპყრობს მხატვრული ღირებულებითა და ისტორიული მნიშვნელობით გამორჩეული ქვის რელიეფები ოპიზის იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესიიდან.

ოპიზის მონასტერი დღევანდელი თურქეთის ტერიტორიაზე, ართვინის პროვინციაში, მდინარე იმერხევის მარჯვენა სანაპიროზე მდებარეობს. ოპიზა საქართველოს ისტორიული პროვინციის, კლარჯეთის უძველესი და ყველაზე ვრცელი მონასტერია. იგი 750 წელს დაარსდა და XVI საუკუნემდე ამ მხარეში განათლების უმნიშვნელოვანეს კერას წარმოადგენდა. ჩვენთვის საინტერესო რელიეფური გამოსახულებანი ტაძრის სამხრეთ ფასადს ამკობდა. ისინი ადგილზე იხილა და პირველმა აღწერა ისტორიკოსმა გიორგი ყაზბეგმა 1874 წელს. მას შემდეგ მონასტერი მოინახულეს მეცნიერებმა: დიმიტრი ბაქრაძემ, ნიკო მარმა, ექვთიმე თაყაიშვილმა და სხვებმა. IX საუკუნის დასაწყისით დათარიღებული ფილები XIX საუკუნის მიწურულს საქართველოში ჩამოიტანა დიმიტრი ერმაკოვმა.

ქვიშაქვის ორ სწორკუთხა ფილაზე წარმოდგენილია ერთიანი კომპოზიცია, რომლის ფიგურულ გამოსახულებებს ასომთავრულით შესრულებული განმარტებითი წარწერები ახლავს. მარცხენა ფილაზე გამოსახულია მავედრებელი ქტიტორი გუმბათიანი ეკლესიის მოდელით ხელში, წარწერით „აშოტ“ – აშოტ I კურაპალატი (786826 წწ.), ბაგრატიონთა დინასტიის მამამთავარი, რომელიც ამ მხარეს 826 წლამდე მართავდა, ხოლო, მარჯვენა ფილაზე გამოსახულია აღსაყდრებული მაცხოვარი მაკურთხებელი მარჯვენით და მარცხენა ხელში გაშლილი წიგნით. მის მარჯვნივ მამაკაცის ფიგურას ახლავს წარწერა „დავითი“ – ეს ბიბლიური მეფე და წინასწარმეტყველი დავითია.

ტაოკლარჯეთში სამონასტრო მოღვაწეობის დიდი შემწე და ოპიზის მეორედ მაშენებელი აშოტ დიდი კურაპალატი ოპიზის ეპიგრაფიკულ მასალაში რამდენჯერმეა მოხსენიებული. ერთერთ ფრესკულ წარწერაში პირდაპირ იკითხება: „აშოტ კურაპალატი მეორედ მაშენებელი ოპიზისა და წმიდისა ამის საყდრისასა“. გიორგი მერჩულე

მაცხოვარი მაკურთხებელი მარჯვენით და წინასწარმეტყველი დავითი. ოპიზის იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესიის რელიეფი, IX საუკუნის დასაწყისი.

„გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში“ ასე მიმართავს მას: „დავით წინასწარმეტყველისა და უფლის მიერ ცხებულისა შვილად წოდებულო ხელმწიფეო! მეფობაი და სათნოებანიცა მისნი დაგიმკვიდრენ ქრისტემან ღმერთმან“. ასე რომ, ეს კომპოზიცია ქრისტეს მიერ ეკლესიის კურთხევის სცენაა, ხოლო დავით წინასწარმეტყველის გამოსახულების ჩართვა მასში კომპოზიციის სიმბოლურ ახსნასაც გვაწვდის – რადგან, გადმოცემის თანახმად, ქართველი ბაგრატიონები დავით წინასწარმეტყველის ჩამომავლებად ითვლებიან, ხაზი ესმება ამ დინასტიის ღვთაებრივ წარმოშობას.

ოპიზის რელიეფი ისტორიულსიმბოლური მნიშვნელობით და მხატვრული ღირებულებებითაც ქართული ხელოვნების ისტორიის უმნიშვნელოვანესი ეტაპის გამორჩეული ნიმუშია.

ჟურნალის გამოწერისთვის დააჭირეთ აქ.
თეგები: 
სტატიები
გამოიწერეთ
სიახლეები
© 2012-2015 ყველა უფლება დაცულია. ჟურნალსა და ვებგვერდზე გამოქვეყნებული
მასალების ნაწილობრივი ან სრული გამოყენება რედაქციის ნებართვის გარეშე აკრძალულია