იხილეთ ჟურნალის ელექტრონული გამოცემა თქვენს IPHONE-სა IPAD-ზე
სტატიები >
რა არის გენია?
01.05.17
პოლ სალოპეკი

იშვიათი, მოუხელთებელი ნაპერწკალი, რომელიც მხოლოდ ღმერთის რჩეულთა გონებში ელვარებს ბრილიანტივით?

თუ საყოველთაო ნათელი, რომელიც ყველას ეფინება და მათი გავლით ათასგვარ ბრწყინვალე სხივად გარდატყდება? განა გენია არ გამოსჭვივის შაქარა ვაშლის გამხარებელი მებაღის ხელებიდან? განა გენია არ ანათებს დედაბრის სახეს, რომელიც სოფლის მიერ აბუჩად აგდებულ ლოთს შეიფარებს? განა ყველანი ერთგვარი ვირტუოზები არ ვართ – უძლურად, ბრმად, ხშირად, სულელურად რომ მივილტვით საკუთარი პატარ-პატარა მზეებისაკენ? განა ეს არ არის ცხოვრების აზრი?

ლუკა რაზიკაშვილი – ერთი უბრალო ფშაველი მღვდლის შვილი, სოფელ ჩარგლიდან, ალბათ გენიოსთა პირველ რიგს განეკუთვნება, რომელმაც მთელი ცხოვრება მიუძღვნა მეორე ტიპის გენიის შემეცნებასა და ხოტბის შესხმას: ვაჟა-ფშაველამ, როგორც საკუთარ თავს უწოდა, დიდებულმა კავკასიელმა მგოსანმა, ლექსები უძღვნა ფშავ-ხევსურეთის კლდეებში, მერცხლის ბუდეებივით შეკიდული სოფლების მკვიდრი, ჩვეულებრივი მონადირეების, მწყემსებისა და ძლიერი ქალების ღირსებებს. ის იყო ქვითკირის პატარა სახლში დაბადებული პოეტი. პატრიოტი. მოკრივესავით დაკოჟრილხელება პროვინციელი ბიჭი, უბრალო კოსტიუმში გამოწყობილი სტუდენტი, რომელმაც სანქტ-პეტერბურგამდე 2600 კილომეტრი ცხენის ეტლზე აკიდებულმა გაიარა, იურისტი რომ გამოსულიყო. მადლობა ღმერთს, რომ იმ დახუთული აუდიტორიებიდან უსახსრობის გამო წამოსვლა მოუწია.

საქართველოს სათაყვანებელი მთიელი პოეტის გენია დიდებულ ამერიკელ მგოსან უოლტ უიტმანს მაგონებს, რომელიც ქარხნის მუშებს, ნახერხის იატაკიან ხმაურიან ტავერნებს და გზაზე შემხვედრ ღვთაებრივ ფათერაკებს ასხამდა ხოტბას. არაპირმოთნე ვაჟა „ცრუ ცივილიზაციისაგან“ იცავდა ძირძველ ადამიანურ ღირებულებებს. მისი 400-ზე მეტი ლექსი ეთაყვანება ბუნებას და არა მეფეებს, მოგვითხრობს სისხლისმღვრელ შუღლზე და თავისუფალი ადამიანების ცნობიერებას

ვაჟა-ფშაველა მეუღლესთან და შვილებთან ერთად.

უპირისპირებს კონსერვატიულად მოაზროვნეებს.

„ღამის წყვდიადში ჩაფლული,

გამტკნარებულის სახითა,

მოსჩანს ქისტეთის მიდამო

სალის კლდეების ტახტითა.

ბნელს ხევზე მოჰყეფს მდინარე,

გულამღვრეული ჯავრითა.

გადმოხრილიყვნენ მთანიცა,

ხელ-პირს იბანდენ წყალზედა;

ბევრი მომკვდარა მათს მკერდზე,

სისხლს ვერ იხდენენ ტანზედა;

ძმის მკვლელის სისხლი სწყურია,

კაცი რომ მოდის გზაზედა“.

ვაჟას „სტუმარ-მასპინძლის“ ცნობილი შესავალი თავიდანვე განსაზღვრავს პოეტის კურსს: ბედისწერასთან ბრძოლას. თითქოს საქართველოს მთელი ისტორიააო მოკლედ ამოთქმული.

საქართველო ხომ ის ქვეყანაა, რომელიც რითმებით ცხოვრობს. სხვა ერები განადიდებენ საკუთარ გენერლებს, რელიგიურ მქადაგებლებს, დიდებულ ვაჭრებს – მეწარმეებად წოდებულ უცნაურ კასტას. საქართველოში კი თაყვანს პოეტებს სცემენ. სულ რაღაც ხუთმილიონიან ქვეყანას, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთ მცირე ენაზე ლაპარაკობს, მსოფლიო დონის ლიტერატურის განსაცვიფრებელი მემკვიდრეობა აქვს შექმნილი. შოთა რუსთაველის სახელს ატარებს საერთაშორისო აეროპორტი და 10 000 ქუჩა ქვეყანაში. ეროვნულ დღესასწაულებზე ბავშვები ათ-ათი წუთი შეუსვენებლად კითხულობენ მისი პოემის დაზეპირებულ სტრიქონებს. შეყვარებული წყვილები ერთმანეთს „ვეფხისტყაოსნის“ ტაეპებს უძღვნიან. თბილისში ცხენზე ამხედრებული მეფეების ძეგლებსაც ნახავთ, თუმცა უამრავია რუსთაველისა და სხვა, მეოცნებე გამომეტყველების მქონე შემოქმედთა ქანდაკებები – ხელში წიგნებით, ხელნაწერებითა და კალმებით. აკაკი წერეთელი. ილია ჭავჭავაძე. ტიციან ტაბიძე. არც მეტი, არც ნაკლები სამი პოეტია გამოსახული ეროვნულ ვალუტაზე (ლარის დანარჩენ ბანკნოტებზე გამოსახულია: ლინგვისტი, მხატვარი, მუსიკოსი, ორი მონარქი და ერთი მეომარი.)

ჩემს პირად ჩამონათვალში ვაჟას გენია ყველაზე მაღლა დგას.

მის სამშობლოს არც თუ დიდი ხნის წინ ვესტუმრე. ერთმა მშვენიერმა ქალმა მაჩვენა, როგორ იღებავდნენ ტუჩებს კაშკაშა მზისფერი კაკლის წენგოთი ის და მისი მეგობრები, აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში გატარებული ბავშვობის დროს. ვუყურებდი მას

ვაჟა-ფშაველა გმირი ღაჭიაურის მუზარადით ხელში. გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის ფოტოარქივი.

და მის პატარა ლამაზ გოგონას, რომელიც მინდორში დაბმულ შავ ფაშატს ეთამაშებოდა. ვუყურებდი ცხვრის ფარის გრძელ, მატყლიან მწკრივს, სოფლის გზა რომ აამტვერა – ბატკნებს, რომლებსაც სტვენით ერეკებოდნენ ზაფხულის მზეზე დამწვარი გრძელფეხება მეცხვარეები და საპალნე ცხენები. ვხედავდი პიკნიკზე წამოღებულ ხასხასა წითელ პომიდვრებს. ბებერ კავკასიონს, რომელიც გარს გვეკრა უხვი წიწვნარით, გარეული ცაცხვით, თხილით, ტყის ვაშლით. ზარის რეკვა გაისმა და ჰაერში გაიფანტა. რკინის გულისცემას ჰგავდა. და უცებ მივხვდი, რომ ვაჟა-ფშაველას წამი განვიცადე – ვაჟას თანაზიარი გავხდი.

მის პატარა სოფელ ჩარგალში, პოეტის ქოხი სათაყვანებელ ადგილადაა ქცეული. ჰეროიკულად ნაქანდაკები, ოსტატის კოლოსალური თავი, პატარა მუზეუმთანაა აღმართული. თავი სახლის ზომისაა. ალბათ, თანამგზავრიდანაც გამოჩნდება.

და მაინც, პოეტის ჭეშმარიტი გენია ყველგან იგრძნობა, მას ხომ კედლებით ვერ შემოსაზღვრავ. ვაჟას გარდაცვალებიდან მთელი საუკუნის შემდეგ, მე მას ფშავის უსახელო მდელოზე მივაგენი. მისი სინათლე – ჩვენი საერთო სინათლე – იფრქვეოდა ქალის მბზინვარე, ყორნისფერი თმიდან; კამკამა, უღრუბლო ცისფერი ციდან და ბავშვის გაშლილი ხელისგულივით მკრთალი, სოფლის მტვრიანი გზიდან.

ჟურნალის გამოწერისთვის დააჭირეთ აქ.
თეგები: 
სტატიები
გამოიწერეთ
სიახლეები
© 2012-2015 ყველა უფლება დაცულია. ჟურნალსა და ვებგვერდზე გამოქვეყნებული
მასალების ნაწილობრივი ან სრული გამოყენება რედაქციის ნებართვის გარეშე აკრძალულია