იხილეთ ჟურნალის ელექტრონული გამოცემა თქვენს IPHONE-სა IPAD-ზე
სტატიები >
უკანასკნელი იმედი
01.07.17
მერედით კოჰუტი
მერედით კოჰუტი

ვენესუელაში ჯანდაცვის კრიზისის გაღრმავების ფონზე, ხალხი ექიმბაშებს მიმართავს.

ერთ დღეს ჯასმარი დიასმა სამივე შვილი პიკაპის საბარგულში ჩასვა და დანჯღრეული გზით გუარენასიდან ზამორას მთის პატარა ქოხისკენ გასწია. სასოწარკვეთილ ქალს სხვა არჩევანი არ ჰქონდა, ძუძუს კიბო ექიმბაშის დახმარებით უნდა დაემარცხებინა.

წესის თანახმად, ქალი მიწაზე დაწვა და თვალები დახუჭა; მის ირგვლივ თეთრი ცარცით რთული ორნამენტები დაეხატათ და ანთებული სანთლები შემოეწყოთ. თავზე ედგა ედუარდ გიდისე, რომელსაც შიშველ მკერდს ფერადი მძივები და ტახის ეშვების ყელსაბამი უმშვენებდა. ექიმბაში ხმამაღლა ლოცულობდა – უხმობდა მარია ლიონსას რელიგიური კულტის სულებსა და წმინდანებს, რათა სული გამოეგზავნათ, რომელიც სხეულში ჩაუსახლდებოდა და დიასს განკურნავდა.

შემდეგ ჩაიმუხლა, დანის პირი ქალის მკერდზე გადაატარა და ჰიბისკუსის წითელი ყვავილები დააფარა. ხან სიგარის კვამლს უშვებდა, ხან კანზე წითელი სანთლის ცვილს აწვეთებდა; სჯერათ, რომ თამბაქოს კვამლი სნეულებას ისრუტავს და თუ შავი ფერფლი გათეთრდა, მკურნალობა წარმატებულია.

28 წლის დიასი, ათასობით ვენესუელელის მსგავსად, საშველად ექიმბაშებს მიმართავს. ჯანდაცვის სისტემა კრიზისშია. ვენესუელის ფარმაცევტული ფედერაციის მონაცემებით, ძირითადი მედიკამენტების 85%-ის შოვნა შეუძლებელია, აფთიაქებში თაროები ცარიელია, სახელმწიფო საავადმყოფოები პაციენტებს არ იღებენ მარაგების სიმწირის გამო და მთავრობა ჯანდაცვის სტატისტიკას არ აქვეყნებს. ვენესუელური არასამთავრობო ორგანიზაციის „ექიმები ჯანდაცვისთვის“ მიერ 2017 წლის მარტში გამოქვეყნებული ანგარიშით, 92 გამოკითხული სახელმწიფო საავადმყოფოს 78% აცხადებს, რომ წამლები არ გააჩნიათ ან ძალიან ცოტა აქვთ; დადგინდა, რომ საავადმყოფოების 89%-ს არ შეუძლია რენტგენის გადაღება რეგულარულად და სამედიცინო ლაბორატორიების 97% არ

წარსულში, კარაკასში ერთ-ერთი ყველაზე კარგად მომარაგებული, სილვია ლიმარდოს აფთიაქის თაროები ახლა ცარიელია. ანტიბიოტიკები, ტკივილგამაყუჩებლები, ალერგიის, ეპილეფსიისა თუ ჰიპერტენზიის წამლები... ამ მედიკამენტების 85%-ზე მეტი არ იშოვება.

ფუნქციონირებს სრული დატვირთვით.

დიასი მთელი წელი ელოდებოდა მკურნალობას. საავადმყოფოში მამოგრაფი გაფუჭებული იყო, წამლების მარაგი არ ჰქონდათ, სისხლის ანალიზისთვის რეაქტივები არ გააჩნდათ, რენტგენის სურათებს ვერ ამჟღავნებდნენ. დაზღვევის გარეშე კი, მინიმალური შემოსავლით, რასაც სახლების დალაგებითა და ნამცხვრების ცხობით შოულობდა, კერძო კლინიკაში ვერ იმკურნალებდა.

2016 წლის ნოემბერში დიასმა კიბოთი გარდაცვლილი ბებია დაასაფლავა. დიასის დიდი ოჯახის კიდევ ერთი წევრიც კიბომ იმსხვერპლა და ბავშვთა დაცვის სამსახურმა მისი ერთი წლის შვილი წაიყვანა. დიასს თავზარი დაეცა – მის შვილებსაც იგივე ელოდათ.

„მანამდე ამის არასდროს მჯეროდა“, ამბობს დიასი სულებისა და მედიუმების დახმარებით მკურნალობაზე, „თუმცა ერთ დღესაც ვიფიქრე: მეშინია, მაგრამ ვნახოთ, რა იქნება-მეთქი“.

აქ მოდიან გულის, ხერხემლის, ფეხის, მუხლების, თვალის პრობლემებითა და კიბოთი დაავადებული ადამიანები, – ამბობს გიდისე, – უამრავი ღარიბი იტანჯება“.

ექიმბაშთან ვიზიტის შემდეგ, რამდენიმე კვირაში დიასმა თქვა, რომ ტკივილმა გაუარა და ენერგიაც მოემატა. იგი ეჭვით აღარ უყურებს ექიმბაშის მკურნალობას და პროცესს ბოლომდე მიჰყვება: „შეიძლება, უხილავი ხსნა მოულოდნელად მოვიდეს. ქარივითაა – ვერ ხედავ, მაგრამ გრძნობ“.

ექიმბაში ედუარდ გიდისე მკურნალობს ჯასმარი დიასს. ძუძუს კიბოს საოპერაციოდ, პაციენტს თავად უნდა მიეტანა მედიკამენტები, რისი საშუალებაც მას არ ჰქონდა.

ჟურნალის გამოწერისთვის დააჭირეთ აქ.
თეგები: 
სტატიები
გამოიწერეთ
სიახლეები
© 2012-2015 ყველა უფლება დაცულია. ჟურნალსა და ვებგვერდზე გამოქვეყნებული
მასალების ნაწილობრივი ან სრული გამოყენება რედაქციის ნებართვის გარეშე აკრძალულია