იხილეთ ჟურნალის ელექტრონული გამოცემა თქვენს IPHONE-სა IPAD-ზე
სტატიები >
მუზეუმი მთვარეზე
01.08.17
ბრედ სკრაიბერი
NASA

მთვარეზე გაფრენის კერძო ბიზნესი სწრაფად ვითარდება. ისტორიული ძეგლების დამცველები კი ცდილობენ გაუფრთხილდნენ იმ ადგილებს, სადაც ადამიანმა პირველად დადგა ფეხი.

ბანაკში, რომელსაც სრული დღე არც კი უმუშავია, სტუმრებმა ბევრი რამ დატოვეს: მაღალტექნოლოგიური ხელსაწყოები და ხომალდის ნაწილი, კოვზები, სასწორი, ბიდონები, საბჯენები და ორი წყვილი ფეხსაცმელი. წარმატებული მისიის ნარჩენები, დღესაც ზუსტად იმავე მდგომარეობაშია, როგორც დატოვეს.

 „სიმშვიდის ბაზაზე“, სადაც არც ქარია, არც წყალი, არც განაშენიანება და არც ომები, 48 წლის შემდეგაც სიმშვიდეა.

 „ეს არქეოლოგის ოცნებას ჰგავს“, – ამბობს ნიუ-მექსიკოს უნივერსიტეტის მკვლევარი, ისტორიული ძეგლების დამცველი ბეთ ო'ლირი. მისი აზრით, ეს ადგილი ისევე უნდა დავიცვათ, როგორც ნებისმიერი ისტორიული ძეგლი დედამიწაზე.

Google Lunar XPrize-ის კონკურსმა ოთხი მილიონი დოლარის დამატებითი ჯილდო დააწესა მათთვის, ვინც მთვარეზე „აპოლოს დაჯდომის ადგილს ახლო ხედით გადაიღებდა“. ო'ლირი ღელავდა, რადგან არტეფაქტებთან ახლოს, რობოტებს უნდა ემოძრავათ.

ო'ლირისა და მისი კოლეგების ძალისხმევით ორმა შტატმა აღიარა  „სიმშვიდის ბაზაზე“ დატოვებული ნივთების ისტორიული ასპექტი, ფედერალურმა ორგანომ კი – არა, რადგან ეს შესაძლოა აღქმულიყო, როგორც პრეტენზია თავად მთვარეზე. გაეროს შეთანხმება კოსმოსის შესახებ, რომელიც 1967 წლიდან არეგულირებს მთვარის შესწავლასა და გამოყენებას, კრძალავს რომელიმე ქვეყნის მიერ მასზე საკუთრების პრეტენზიას.

ამ ადგილის დაცვაში, თუ ეს საერთოდ საჭირო გახდა, ბევრი ქვეყანა უნდა ჩაერთოს, მათ შორის ისინიც, რომელთა კოსმოსურმა ზონდებმა ფიზიკური კვალი დატოვეს მთვარეზე.

მთვარეზე ფეხი მხოლოდ 12-მა ადამიანმა დადგა, მაგრამ ამას მე-20 საუკუნის ორი მოპაექრე ზესახელმწიფოს უდიდესი ძალისხმევა დასჭირდა. უამრავმა ადამიანმა შეიტანა წვლილი ამ საქმეში, ზოგიერთმა სიცოცხლის ფასადაც კი. „დაცემული ასტრონავტი", 8,5სმ-იანი ალუმინის ქანდაკება იმ 14 ასტრონავტსა და კოსმონავტს განასახიერებს, რომლებიც კოსმოსურ რბოლაში დაიღუპნენ. აპოლო 15-ის მისიის დროს, დევიდ სკოტმა მთვარის ზედაპირზე დადგა სტილიზებული „კოსმოსში მოგზაური“ და ლითონის ფირფიტა აპოლო 15-ის მისიის მონაწილეების სახელებით.

ჟურნალის გამოწერისთვის დააჭირეთ აქ.
თეგები: 
სტატიები
გამოიწერეთ
სიახლეები
© 2012-2015 ყველა უფლება დაცულია. ჟურნალსა და ვებგვერდზე გამოქვეყნებული
მასალების ნაწილობრივი ან სრული გამოყენება რედაქციის ნებართვის გარეშე აკრძალულია