იხილეთ ჟურნალის ელექტრონული გამოცემა თქვენს IPHONE-სა IPAD-ზე
სტატიები >
40 სებასტიელი მოწამე
01.09.17
დავით ლორთქიფანიძე

ქრისტიანობისთვის წამებული ორმოცი სებასტიელი მეომარი IV საუკუნეში რომის იმპერიის ჯარში მსახურობდა. იმის გამო, რომ მათ რომაელთა წარმართი ღმერთებისთვის მსხვერპლის შეწირვაზე უარი თქვეს, მეომრები გააშიშვლეს და ყინულოვან ტბაში ჩაყარეს. საცდუნებლად კი, იქვე ახლოს აბანო გააჩაღეს. ერთმა მეომარმა ცდუნებას ვერ გაუძლო, აბანოსკენ გაიქცა და გზაშივე მოკვდა.

ამასობაში, ერთ-ერთმა დარაჯმა დაინახა მაცხოვარი, რომელიც ოქროს გვირგვინებით ელოდა მეომრებს ზეცაში. თავადაც გაიხადა ტანსაცმელი და ჩადგა წყალში.

XII საუკუნით დათარიღებულ ამ ხატზე, რომელიც სვანეთის მუზეუმში გიორგი ჩუბინაშვილის მიერ 1948 წელს სოფ. ლატალიდან, იფხის წმ. გიორგის ეკლესიიდან გადმოიტანეს, მოწამეთა ადამიანური განცდების მთელი ემოციური გამა იკითხება: მორჩილება, შიში, სასოწარკვეთა, სიმტკიცე თუ შემართება... ყველაფრის გვირგვინად კი ადამიანური და ღვთაებრივი არსის, მსხვერპლისა და ხსნის იდეის სიმბოლო – თავად მაცხოვარია გამოსახული. ის ორივე ხელით აკურთხებს მოწამეებს და მარტვილთა უკვდავების გვირგვინებს შორის, წითელი მედალიონის ფონზე ციურ ნათებაშია წარმოდგენილი.

სწორედ ქრისტიანობა, დიოფიზიტური (ორბუნებოვანი) მრწამსით, დაედო საფუძვლად შუა საუკუნეების ქართული ქრისტიანული ხელოვნების განვითარებას, რამაც განსაზღვრა ქართული კულტურის კავშირი ევროპულ ფასეულობებთან. სადაც, თავის მხრივ, სწორედ ღვთაებრივ საწყისთან ერთად ადამიანური საწყისის წინ წამოწევა რენესანსის ერთ-ერთი საფუძველი გახდა.

ამ ხატში კი ვხედავთ ქრისტიანობის ოფიციალურ რელიგიად გამოცხადების შემდგომ ბიზანტიურ სამყაროში პოპულარული თემის ინდივიდუალურ გადაწყვეტას – ეს არის ქართული ხატწერის კლასიკური ნიმუში, რომელიც ნათლად წარმოაჩენს საქართველოს კავშირს ევროპულ კულტურასთან.

1979 წლის გაზაფხულზე მუზეუმის გიდმა თეთნულდა ჯაფარიძემ შენიშნა, რომ 40 მოწამის ხატზე, დაფას მოცილებულ ტილოს საღებავი სცვიოდა და ამის შესახებ მუზეუმის მაშინდელ დირექტორს, ციალა ჩართოლანს აცნობა. ცნობილი რესტავრატორი ადოლფ ოვჩევნიკოვი ასაკის გამო საქართველოში ჩამოსვლას ვერ შეძლებდა, ამიტომ ხატის მოსკოვში წაღება გადაწყდა. ოვჩევნიკოვის მოსწავლეებმა გურამ ჭეიშვილმა და მერაბ ბუჩუკურმა ორი თვე თავაუღებლად იმუშავეს მასწავლებლის სახელოსნოში და სვანეთის მუზეუმს 40 სებასტიელი მოწამის გაწმენდილი ხატი დაუბრუნეს. დღეს 40 სებასტიელი მოწამის ხილვა დამთვალიერებელს საქართველოს ეროვნული მუზეუმის მესტიის განახლებულ მუზეუმში შეუძლია.

ჟურნალის გამოწერისთვის დააჭირეთ აქ.
თეგები: 
სტატიები
გამოიწერეთ
სიახლეები
© 2012-2015 ყველა უფლება დაცულია. ჟურნალსა და ვებგვერდზე გამოქვეყნებული
მასალების ნაწილობრივი ან სრული გამოყენება რედაქციის ნებართვის გარეშე აკრძალულია