იხილეთ ჟურნალის ელექტრონული გამოცემა თქვენს IPHONE-სა IPAD-ზე
სტატიები >
უნდა დავხოცოთ თუ არა ცხოველები მათივე გადარჩენის მიზნით?
01.10.17
მაიკლ პატერნიტი
დევიდ ჩენსელორი

სატროფეო ნადირობა სახეობების დაცვის დაფინანსებას უწყობს ხელს. კრიტიკოსების აზრით კი, დიდი სანადირო ცხოველების ხოცვა, უბრალოდ არაეთიკურია.

ზემოდან დანახულმა აფრიკამ შეიძლება ილუზია შეგიქმნათ: მდიდარი ველდები და რიფტული ხეობები, ვრცელი უდაბნოები და მძვინვარე მდინარეები... თავისუფალი და დაუსახლებელი ველური გარემოს ეს ფართო სივრცეები... სინამდვილეში, დღეს აქ თითოეულ კვადრატულ მეტრზე აცხადებენ პრეტენზიას – ზოგან მონიშნული აქვთ, ზოგან სარგებელს ნახულობენ, ზოგან დავობენ. ველურ გარემოში თავისუფლად მოხეტიალე ცხოველები კი გასაყიდ საქონლად ქცეულან, მათ მარკეტინგულად ფუთავენ და ყიდიან. ნანადირევი აფრიკის ნავთობია და ერთ მშვენიერ დღეს ისიც გამოილევა.

სატროფეო ნადირობა, განსაკუთრებით, აფრიკის ე.წ. „დიდ ხუთეულზე“ (სპილო, ლომი, ლეოპარდი, მარტორქა, აფრიკული კამეჩი), მორალური და ფინანსური სახის უამრავ შეკითხვას ბადებს.

„სროლა სპილოზე ნადირობის ბოლო 5%–ია, – მითხრა მარნევეკემ, - თავს ცუდად ვგრძნობ, როცა სპილო კვდება, მაგრამ ეს სპილოები ხომ დანარჩენი 2500–ის კონსერვაციის ფულს იხდიან. სატროფეო ნადირობა საუკეთესო ეკონომიკური მოდელია აფრიკაში. ბოლოს და ბოლოს, ამან შეიძლება აქაურობა და მასთან ერთად, სპილოებიც გადაარჩინოს“, - ამბობს პროფესიონალი მონადირე ფელიქს მარნევეკე. მსგავს არგუმენტს სხვა მონადირეებისგანაც გაიგონებთ. უამრავი ბიოლოგი და აქტივისტი კი ყველაფერ ამას კრიტიკის ქარცეცხლში ატარებს. იქნებ, მართლაც ასეა ყველაფერი მოწყობილი? ნუთუ შეიძლება 5-ის სიკვდილი 2500-ის გადასარჩენად?! თუ ამ ამბავს სხვა მხრიდან შევხედოთ? რატომ უნდა მოვკლათ თუნდაც ერთი ცხოველი?!

უილმინგტონში (დელავერის შტატი) საკუთარ სახლში აფრიკული ნადავლით გარშემორტყმული კაცი ამბობს, რომ ნადირობამ 12 წლიდან გაიტაცა. „თითქოს სისხლში მაქვს, – ამბობს ის, –მინდა ვიფიქრო, რომ კონსერვაციონისტი და კოლექციონერი ვარ“.

ტეხასელმა მონადირემ ამ მარტორქას 2010 წელს ესროლა ტრანკვილიზატორიანი ისარი. მარტორქას თვალები აუხვიეს, რომ არ ამოშრობოდა. მოგვიანებით ვეტერინარმაც გასინჯა. მსგავსი ნადირობა დევნის ჟინს უკლავს კლიენტს. 2012 წლიდან სამხრეთ აფრიკაში მონადირეები მხოლოდ ვიტამინების შემცველ ისრებს ისვრიან.

ზიმბაბვეში სოფლის მცხოვრებლებმა 2009 წელს ამერიკელი მონადირის მოკლული ამ სპილოს ხორცი დაინაწილეს. ისინი პროგრამა CAMPFIRE-ის წევრები იყვნენ, რომელშიც თემები ველურ ბუნებაში შეშვების უფლებას მოგების წილის სანაცვლოდ ყიდდნენ. ხშირად, მათთვის გადადებული ფული არც თემამდე აღწევს, არც ადგილობრივი ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე იხარჯება.
ჟურნალის გამოწერისთვის დააჭირეთ აქ.
თეგები: 
სტატიები
გამოიწერეთ
სიახლეები
© 2012-2015 ყველა უფლება დაცულია. ჟურნალსა და ვებგვერდზე გამოქვეყნებული
მასალების ნაწილობრივი ან სრული გამოყენება რედაქციის ნებართვის გარეშე აკრძალულია