იხილეთ ჟურნალის ელექტრონული გამოცემა თქვენს IPHONE-სა IPAD-ზე
სტატიები >
უსახლკაროდ და უიმედოდ დარჩენილნი
01.10.17
ბრუკ ლარმერი
უილიამ დანიელსი

1,1 მილიონამდე მოქალაქეობის არმქონე როჰინჯა მიანმაში მუდმივ საფრთხეშია. ისინი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე შევიწროვებული უმცირესობაა - მუსლიმები, რომლებიც ცხოვრობენ ქვეყანაში, სადაც ბუდიზმი დომინირებს. როჰინჯები საკუთარ თავს მკვიდრ მოსახლეობად მიიჩნევენ; ამბობენ, რომ მრავალი მათგანი მე-19 და მე-20 საუკუნეში დასახლებულთა შთამომავალია. 1982 წელს სამხედრო მთავრობამ მათ მოქალაქეობა ჩამოართვა და უკანონო მიგრანტებად აქცია მიანმაშიც და მეზობელ ბანგლადეშშიც.

ხუთი წლის წინ ბუდისტ და მუსლიმ მოსახლეობას შორის მომხდარ შეტაკებებში ასობით ადამიანი დაიღუპა; უმრავლესობა როჰინჯა იყო. ამჯერად, სასაზღვრო პუნქტებზე თავდასხმა, რომელსაც ცხრა პოლიციელი შეეწირა, როჰინჯებს დაბრალდა და მიანმას არმიამაც ოთხთვიანი ტერორის კამპანია დაიწყო. გაეროსა და ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციების თანახმად, ხვრეტენ და მასობრივად აპატიმრებენ ადამიანებს, აუპატიურებენ ქალებს და მიწასთან ასწორებენ სოფლებს; დაახლოებით 74 000 კაცი ბანგლადეშის გადაჭედილ ლტოლვილთა ბანაკებს მიაწყდა.

მიანმაში ადამიანის უფლებათა საკითხებში გაეროს საგანგებო მომხსენებლის, იანგი ლის აზრით, ჯარისკაცების თავდასხმები, „დიდი ალბათობით“, კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულია. ჯარი ამ განმარტებას უარყოფს. უარყოფს აუნ სან სუ კიც, რომელიც ქვეყანას, 50-წლიანი სამხედრო მმართველობის შემდეგ, პირველ ჭეშმარიტ სამოქალაქო ლიდერად მოევლინა. სამხედრო ხუნტის წინააღმდეგ ხანგრძლივი ბრძოლისთვის ნობელის მშვიდობის პრემიით დაჯილდოებული აუნ სან სუ კის ამგვარმა დამოკიდებულებამ აღაშფოთა აქტივისტები.

ლტოლვილები ქალაქ კოქსის ბაზართან რიგში დგანან და მსოფლიო სასურსათო პროგრამის გაცემულ პროდუქტს ელოდებიან. 500 000-მდე როჰინჯა მიანმიდან ბანგლადეშში გაიქცა.

მამაკაცები ბანგლადეშის ლტოლვილთა ბანაკ ბალუხალიში ბამბუკით ნაგებ მეჩეთში ლოცულობენ. მიანმაში, მუსლიმი როჰინჯების მიმართ სიძულვილი ბუდისტმა აგიტატორებმა გააღვივეს.
ჟურნალის გამოწერისთვის დააჭირეთ აქ.
თეგები: 
სტატიები
გამოიწერეთ
სიახლეები
© 2012-2015 ყველა უფლება დაცულია. ჟურნალსა და ვებგვერდზე გამოქვეყნებული
მასალების ნაწილობრივი ან სრული გამოყენება რედაქციის ნებართვის გარეშე აკრძალულია