იხილეთ ჟურნალის ელექტრონული გამოცემა თქვენს IPHONE-სა IPAD-ზე
სტატიები >
ქართული ანბანის ძეგლი
01.11.17
დავით ლორთქიფანიძე
ბრაიან უიტნი

საქართველოს ეროვნული მუზეუმის, სიმონ ჯანაშიას საქართველოს მუზეუმის შუა საუკუნეების საგანძურის გამოფენაზე წარმოდგენილი მე-6 საუკუნის სტელის ფრაგმენტი, რომელიც სოფელი დავათის მახლობლად (დუშეთის რაიონი) 1980 წელს აღმოაჩინეს, გარდა მაღალი მხატვრული ღირებულებისა, რამდენიმე მიზეზის გამოა განსაკუთრებული ყურადღების ღირსი.

თავისთავად, სტელების, ანუ ქვაჯვარების აღმართვა გაქრისტიანების შემდეგ დაიწყო საქართველოში. ისინი, ძირითადად, ქართლში იყო გავრცელებული და, როგორც წესი, ძველი, წარმართული კერპების ადგილას აღიმართებოდა ხოლმე. სავარაუდოდ, ამ ტრადიციას წმინდა ნინოს მიერ აღმართულმა პირველმა ხის ჯვარმა დაუდო დასაბამი. ქვაჯვარებს ღია ცის ქვეშ, დამოუკიდებლად დგამდნენ ეკლესიის გვერდით, აღმოსავლეთის მხარეს. თავდაპირველად, ღვთისმსახურება სწორედ ამ ქვის ჯვრებთან ტარდებოდა. დროთა განმავლობაში ეკლესიის გვერდით ქვაჯვართა აღმართვის ტრადიციამ აქტუალობა დაკარგა, ხოლო ჩვენამდე მოღწეულ ნიმუშთა უმეტესობა იმიტომ შემორჩა, რომ ხშირად მათ ხელახლა იყენებდნენ გვიანდელი ეკლესიების სამშენებლო მასალად.

დავათის სტელაც მე-6 საუკუნის მეორე ნახევრით დათარიღებული ორნავიანი ბაზილიკის საყრდენი სვეტის სამხრეთ-აღმოსავლეთ წახნაგში იყო ჩაშენებული. საყრდენი სვეტის ყველაზე გამოსაჩენ ადგილას მოქცეული იყო ღვთისმშობლისა და ყრმის გამოსახულება, რითიც ვხვდებით, რომ, სავარაუდოდ, ბაზილიკა ღვთისმშობლის სახელზე უნდა აგებულიყო. ეკლესიის ნანგრევებს 1980 წელს მიაკვლიეს, როდესაც ჟინვალის ჰიდროელექტროსადგურის ასაშენებლად, ტერიტორიის შესწავლა მიმდინარეობდა.

აღსანიშნავია, რომ ეს არის საქართველოში ღვთისმშობლის ერთადერთი გამოსახულება, რომელზეც მას ფეხზე მდგარს უჭირავს ყრმა იესო და, რომელზეც ორივე ფიგურა შარავანდედის გარეშეა წარმოდგენილი. მათი თავების გასწვრივ ქარაგმებით შესრულებული წარწერებია – „წმინდაი მარიამ“ და „იესუ ქრისტე“.

თუმცა, დავათის სტელას კიდევ უფრო საინტერესოს ხდის უკანა მხრის ზედა ნაწილში გამოსახული მიქაელ და გაბრიელ მთავარანგელოზები, რომელთა ზეაწეულ ხელებშიც ანიდან ჰოემდე მთლიანადაა წარმოდგენილი ასომთავრული ანბანის 37 ასო – ეს გახლავთ ჩვენამდე მოღწეული ქართული ანბანის ყველაზე სრულად შემონახული უძველესი ძეგლი, რომელიც მისმა აღმომჩენმა, ცნობილმა ქართველმა არქეოლოგმა, ბატონმა რამინ რამიშვილმა დაათარიღა.

მიუხედავად იმისა, რომ მეცნიერები დღემდე დაობენ ქართული ანბანის წარმოშობის თარიღზე, დავათის სტელაზე გამოსახული ანბანის ამაღლების სცენა ნამდვილად ადასტურებს, რამდენად მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა ოდითგანვე ქართველი ხალხის ცნობიერებაში მწიგნობრობას.

ჟურნალის გამოწერისთვის დააჭირეთ აქ.
თეგები: 
სტატიები
გამოიწერეთ
სიახლეები
© 2012-2015 ყველა უფლება დაცულია. ჟურნალსა და ვებგვერდზე გამოქვეყნებული
მასალების ნაწილობრივი ან სრული გამოყენება რედაქციის ნებართვის გარეშე აკრძალულია