იხილეთ ჟურნალის ელექტრონული გამოცემა თქვენს IPHONE-სა IPAD-ზე
სტატიები >
მოგზაურობა ჩაკეტილ ქვეყანაში
01.11.17
დენიელ სტოუნი
დევიდ გუტენფელდერი

სანამ შეერთებული შტატები ჩრდილოეთ კორეაში მოგზაურობას აკრძალავდა, ამერიკელთა მცირე ჯგუფმა ამ ქვეყანას მიაშურა.

შემზღუდველი კანონების, სასტიკი ლიდერისა და „ჩაკეტილი სამეფოს” რეპუტაციის მქონე ჩრდილოეთი კორეა დიდი ხნის განმავლობაში ღია იყო მნახველთათვის. ჩინურ ტურისტულ სააგენტოებს უცხოელები – მათ შორის, წელიწადში დაახლოებით 1000 ამერიკელი – სისტემატურად ჩაჰყავდა ტურებზე ჩრდილოეთ კორეის ყოველდღიური ცხოვრების სანახავად. თუმცა, ამ ტურისტულ ჯგუფებს მუდამ დაჰყვებოდა მეთვალყურე. თითქმის ყველა ტურისტი ყოველგვარი ინციდენტის გარეშე ტოვებდა იქაურობას.

წელს კი მდგომარეობა შეიცვალა. 19 ივნისს ამერიკელი კოლეჯის სტუდენტის, ოტო ვარმბიერის სიკვდილმა, რომელიც ფხენიანში დააკავეს და შემდეგ სასტუმროდან პროპაგანდისტული პლაკატის მოპარვის ბრალდებით გაასამართლეს, ჩრდილოეთ კორეასა და შეერთებულ შტატებს შორის დაძაბულობა გაამწვავა. ფხენიანის მხრიდან ბირთვულ იარაღზე მუშაობის გამო, გაიზარდა ომის დაწყების რისკიც და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა შეზღუდა ჩრდილოეთ კორეაში ამერიკის მოქალაქეების გამგზავრება.

პირველ სექტემბერს მოგზაურობის აკრძალვა შევიდოდა ძალაში, ამიტომ მანამდე ფოტოჟურნალისტი დევიდ გუტენფელდერი შეუერთდა ექვსკაციან ჯგუფს, რომელსაც ძალიან უნდოდა საკუთარი თვალით ენახა მსოფლიოში ყველაზე ჩაკეტილი ქვეყანა. თითქმის 20 წლის განმავლობაში გუტენფელდერი იყო ერთ-ერთი, იმ რამდენიმე დასავლელი ჟურნალისტიდან, რომელიც ჩრდილოეთ კორეაში მოგზაურობდა. იქაური ყოველდღიური ყოფის აღსაბეჭდად, მან 40-ზე მეტჯერ მოიარა ჩაკეტილი ქვეყანა, მათ შორის, რამდენჯერმე National Geographic-ის დავალებითაც.

ყველა მოგზაურმა აღნიშნა, რომ მათი მთავარი მამოძრავებელი ცნობისმოყვარეობა იყო, თითქმის ყველა ამბობდა, რომ ნანახმა ძალიან გააკვირვა. კორეული წარმოშობის ამერიკელს, ემი კენს ბევრი სმენოდა რეპრესიული რეჟიმის შესახებ, ამიტომ უნდოდა ფხენიანში „ნორმალურობის ელემენტი” აღმოეჩინა –

კესონის ახალგაზრდობის პარკში იტალიაში წარმოებულ „ამერიკულ მთებზე“ ერთობიან. ეს პარკი პოპულარულია, რადგან ცდილობს გაამართლოს რეჟიმის პრეტენზია, რომ მათი ქვეყანა ტექნოლოგიურად განვითარებულია.

გაეცნო ადამიანები, რომლებსაც ჰყავდათ ოჯახები და ჰქონდათ სამსახური.

კალიფორნიელი „უბერის” მძღოლი, ბრედ იუნი განაცვიფრა საყოველთაო დისციპლინამ – ამ ხალხს მართლაც ეამაყება საკუთარი ქვეყანა, არმია და გულწრფელად აღტაცებულია ქვეყნის ხელისუფლებითო, თქვა მან.

რა თქმა უნდა, კორეაში სტუმრობა პროგნოზირებადი და მშვიდი უნდა ყოფილიყო. მოულოდნელი მოძრაობები და სიურპრიზები არ იყო ნებადართული. გასტრონომი, ბოულინგ-ცენტრი, ლუდსახარში და ცირკი გაკონტროლებული ვიზიტებისას მოინახულეს. არავის უხსენებია ქვეყნისგან მომავალი ბირთვული საშიშროება თუ უმაღლესი ლიდერის, კიმ ჩენ ინის სიტყვიერი დაპირისპირება შეერთებული შტატების პრეზიდენტ, დონალდ ტრამპთან. მოგზაურობის დროს, აგვისტოს ბოლოს, ჩრდილოეთ კორეამ ბალისტიკური რაკეტის საცდელი გასროლა მოახდინა იაპონიის თავზე, რამაც საერთაშორისო აღშფოთება გამოიწვია. გუტენფელდერმა ეს ინფორმაცია ტვიტერით შეიტყო, თავისი მობილური ტელეფონის შეზღუდული 3G დაფარვის საშუალებით. მასთან ერთად მყოფმა ადამიანებმა კი, არაფერი იცოდნენ, მათ შორის, არც მისმა ზედამხედველებმა.

გუტენფელდერს ჩრდილოეთ კორეელები, წინა ვიზიტებთან შედარებით, უფრო დაძაბული მოეჩვენა. გზებზე აშშ-ის საწინააღმდეგო ჩვეულებრივზე მეტი პროპაგანდისტული ბილბორდი იყო. აეროპორტში გამოფენილ „ხელოვნების ნიმუშზე” კი ბავშვები რაკეტებს აწყობდნენ.

მოგზაურობის აკრძალვა ახლოვდებოდა, ამიტომ ამერიკელმა ტურისტებმა გადაწყვიტეს, აუცილებლად შეეძინათ სამახსოვრო ნივთები. ყველაზე პოპულარული სუვენირი ანტიამერიკული პროპაგანდისტული პოსტერები იყო.

საგზაო პოლიციელი გზაჯვარედინზე დგას კესონში. ეს ქალაქი კორიოს დინასტიის დედაქალაქი იყო X-XIV საუკუნეებში. დღეს აქ იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის 12 ძეგლი მდებარეობს.

ჟურნალის გამოწერისთვის დააჭირეთ აქ.
თეგები: 
სტატიები
გამოიწერეთ
სიახლეები
© 2012-2015 ყველა უფლება დაცულია. ჟურნალსა და ვებგვერდზე გამოქვეყნებული
მასალების ნაწილობრივი ან სრული გამოყენება რედაქციის ნებართვის გარეშე აკრძალულია