იხილეთ ჟურნალის ელექტრონული გამოცემა თქვენს IPHONE-სა IPAD-ზე
ფოტოამბავი >
ფოტოამბავი
ობიექტივში და კადრს მიღმა
ფოტოამბავის
შესახებ
პატრინა, დიანა და ჯულიეტა ცეკვავენ. ბოშების ოჯახში ქალების და მამაკაცების სუფრა დღემ-დე ცალ-ცალკე იშლება, გამონაკლისი მხოლოდ ოჯახის უფროსი დიასახლისია.
03.10.16
ბოშები "ფარდის მიღმა"
ავტორი და ფოტოგრაფი:
ირმა შარიქაძე

საუკუნეთა განმავლობაში, დისკრიმინაციის და დევნის მიუხედავად, მომთაბარე ცხოვრების წყალობით, მათ ერთგულად შეინარჩუნეს უძველესი ტრადიციები და თვითმყოფადობა. თავიანთ შვილებს და ხანდაზმულ მშობლებს მზრუნველობას არ აკლებდნენ, რადგან ოჯახი იყო მათი საყრდენი და მათი სიხარულის წყარო. მათ არ გააჩნიათ საკუთარი მიწა-წყალი, არასდროს უბრძოლიათ სხვა ხალხის წინააღმდეგ, არასდროს ჰქონიათ სახელმწიფო და არ ჰყოლიათ მთავრობა – ისინი ბოშები არიან.

დღეს ბოშათა უმრავლესობის ძირითად საქმიანობად მათხოვრობა მიიჩნევა – მცდარი სტერეოტიპია და მათ მიმართ ნეგატიურ დამოკიდებულებას აღრმავებს. მე გამიმართლა, ჩემ წინ ბოშების საოცარი სამყაროს კარი გაიღო და ჩემი გული დაიპყრო.

ყველაზე რთული გადაღების პირველი დღეები იყო – ცნობისმოყვარეობით და უნდობლობით გაჟღენთილი. მესამე ჩასვლის მერე ყინულმა დნობა დაიწყო. 15 ბოშა ბავშვი ღიმილით დაგყვება და ანთებული, წყვილი თვალით დაჟინებით გაკვირდება. ქუთაისში, უბანს, სადაც ბოშები ცხოვრობენ, ავანგარდი ჰქვია. მამაჩის დიდი ოჯახი 37 სულს ითვლის.

მამაჩი ვესტერნის პერსონაჟს მაგონებს ველური დასავლეთიდან. მისი ცისფერი თვალებისა და გამჭოლი მზერის მიღმა ბევრი ამბავი იმალება... ბოშებს სიკვდილის არ ეშინიათ – ღმერთის ნებაა, ჩვენს სულებს როდის წაიყვანსო, იტყვის მამაჩი იბრაგიმოვი და თავდაჯერებული ღიმილით ახედავს ცას. ჩვენ მისი პატარა სახლის ეზოში ვსხედვართ. ნადია, მისი ცოლი, ყავას ადუღებს. მე, როგორც საპატიო სტუმარს, რძიან ყავას მთავაზობენ. ყავას საერთოდ არ ვსვამ, მაგრამ უარს ვერ ვეუბნები. ნატეხ შაქარს მაწვდიან, მადლობას ვუხდი და უშაქროდ ვსვამ. ყავას ბავშვებიც სვამენ, თუმცა, შაქრის ნატეხი უფრო უხარიათ.

სახლში მამაჩის, ნადიას და ბავშვების გარდა არავინაა. ქალები სავაჭროდ წავიდნენ ბაზარზე, კაცები – ჯართზე; ბავშვები ეზოში თამაშობენ, გოგოები სარეცხს რეცხავენ – ცხელა. მამაჩი მიყვება, თუ როგორ აპირებდა ერთი მდიდარი ბოშას გაქურდვას, რომელზედაც ამბობდნენ, ოქროს ზოდები უწყვიაო. ეს ამბავი „მსხვერპლის“ ყურამდეც მისულა და მამაჩი სახლში დაუპატიჟებია. პირველად მაშინ ნახა მამაჩიმ ნადია და მალევე იქორწინა. სიმამრი მამასავით მივლიდა. მე მამის გარეშე გავიზარდე, ქართველი იყო და სულ ციხეში იჯდაო – ამბობს მამაჩი. ძალიან ლამაზი დედა ჰყოლია, რომელიც შემთხვევით გავარდნილი ტყვიით დაეღუპა. ორი ძმა და ერთი და დარჩენილან: ჩემი პატარა დის გამო ყველაფერზე წამსვლელი ვიყავი. ციხეშიც მოვხვდი ქურდობის გამო. გამზრდელი ბებიის სიკვდილი რომ გავიგე, ჩემი პატარა დის სანახავად გამოვიპარე, მძიმეა ობლობაო.

„მამის ქართველ ნათესავებს მარტო მაშინ გავახსენდი, ფეხზე რომ დავდექი. მომძებნეს და მინახულეს. სუფრა გავშალე, ღირსეულად ვუმასპინძლე და ფულიც ვაჩუქე. მაშინ აქ კი არ ვცხოვრობდი, სამოთახიანი ბინა მქონდა – სიგარეტით ვვაჭრობდით. პირველი მანქანები ქუთაისში მილიციის უფროსის და ჩემი იყო. ცხენებიც საუკეთესო მყავდა... ჩემი გაუხედნავი ცხენი არ არსებობდა“.

მერე დრო შეიცვალა, ყველაფრის გაყიდვა და ავანგარდში გადასვლა მოუწიათ. მე მიწასთან ახლოს ყოფნა მიყვარს, კორპუსის ბინას მაინც ვერ შევეგუეო – მიზიარებს. ახლა ვიწროდ არიან: ზაზას ექვსი შვილი ჰყავს, კაშუნას – ოთხი, გოგოც ახლოს ცხოვრობს – მაიას და მის ქმარს, ჯიმის მიწა მისცეს, მაგრამ გაფორმება გაუჭირდათ და სახლის აშენების უფლება არ აქვთ. პატარა ქოხში ცხოვრობენ ოთხი შვილით – შუქის და გაზის შეყვანის უფლებაც არ მისცეს და ზამთარში ბავშვებს მამაჩისთან აძინებს. უფროს გოგოს, მარინას არ ელაპარაკება – არ მკითხა, ისე აიღო ბანკის ვალი და 300-კაციანი ქორწილი გადაიხადაო. ბოშური ქორწილი 2-3 დღე გრძელდება. მარინამ თბილისიდან და ბათუმიდან დაპატიჟა ხალხი. ბოშებმა ქორწილში ფულის ჩუქება იციან, ყველა შეჰპირდა – მოვალთო და არ მოვიდნენ. „რთული დრო-ა. ახლა სახლი იპოთეკაში აქვს ჩადებული. ბანკის ვალი თუ არ დაფარა, სახლს და მიწას გაუ-ყიდიან და ქუჩაში დარჩება 5 შვილით და შვილიშვილებით“.

დიანა და ქრისტინა იბრაგიმოვები. „სახლის დალაგება მიყვარს, კასრულებს გავრეცხავ, პოლს, ტუალეტი კიდო და მერე ლამაზია“ – დიანა იბრაგიმოვი.
9 წლის ბარბოსა ცივი წყლით ბანაობს.
იანიკა, მამაჩი და ნიუშა ჯართის ჩაბარების პუნქტში.
ოჯახის ოთხი თაობის მამაკაცებისთვის უპირობო ავტორიტეტია ოჯახის უფროსი – 60 წლის მამაჩი იბრაგიმოვი.
ბანაობა საწირის ტბაზე. „თევზაობა მიყვარს, მუღამი აქვს, ორი წლიდან ბაბუას დავყვები, ორი სამკილოიანი თევზი დავიჭირე სამი თვის უკან, ძლივს გამოვათრიე“ – გოჩა იბრაგიმოვი.
ბებია და შვილიშვილი – რაისა და ლოლი ალიმოვები. „7 კლასი დავამთავრე, კლასელები სტუმრად მოდიან ხოლმე, სკოლას თავი დავანებე, სამი ძმა მყავს და მათ ვუვლი“, – ამბობს ლოლი.
4 წლის ღუპი (მაჩორი) სეიტოვი გადაღებებზე მხოლოდ ბაბუის თხოვნით თანხმდება. „ღუპის მოფერებით ვეძახით, მაგარი ჩხუბისთავია“, – მიყვება მამაჩი.
16 წლის მამაჩი თავის 3 თვის ლუკასთან ერთად დედის სახლში, ძმებთან ერთად ცხოვრობს უკეთესი მომავლის მოლოდინში.
15 წლის პატრინას ბიჭები ვარდების ფურცლებს აყრიან. ბოშური ქორწილი ორი-სამი დღე გრძელდება, მეორე დღეს პატარძალმა კაბა უნდა აჩვენოს იმის დასამტკიცებლად, რომ ქალიშ-ვილია. ისე ოჯახი არ მიიღებს.
თეგები: 
გამოიწერეთ
სიახლეები
© 2012-2015 ყველა უფლება დაცულია. ჟურნალსა და ვებგვერდზე გამოქვეყნებული
მასალების ნაწილობრივი ან სრული გამოყენება რედაქციის ნებართვის გარეშე აკრძალულია