იხილეთ ჟურნალის ელექტრონული გამოცემა თქვენს IPHONE-სა IPAD-ზე
ფოტოამბავი >
ფოტოამბავი
ობიექტივში და კადრს მიღმა
ფოტოამბავის
შესახებ
ჰონსიუს კუნძულზე, ჯოშინ-ეცუკოგენის ეროვნულ პარკში, ქარბუქის დროს ლოდზე წამოსკუპებული იაპონური მაკაკი თოვლსა და წყლის წვეთებს იფერთხავს.
01.12.16
თოვლის მაიმუნები
ავტორი და ფოტოგრაფი:
ჯასპერ დოესტი

ალპური ცხელი წყლის აუზიდან ამოყოფილი იაპონური მაკაკის თავების ხილვა არც ისე იშვიათობაა. თუმცა მე ამ სახელგანთქმული მაკაკების, რომელთაც თოვლის მაიმუნებსაც ეძახიან, სხვა რაკურსით წარმოდგენა მინდოდა. ვცდილობდი, მათი განსხვავებული თვისებები და ნამდვილი სახე მეჩვენებინა. ამ გზით, ხალხს დავანახებდი ამ ცხოველის არსებობის მნიშვნელობას და მათი დაცვის გზებზე დავაფიქრებდი.

იაპონურ მაკაკებზე უფრო ჩრდილოეთით არც ერთი სხვა პრიმატი არ გვხვდება, ადამიანს თუ არ ჩავთვლით. ჯიგოკუდანი-იაენ-კოენში (ველური თოვლის მაიმუნების პარკი) პირველად 2007 წელს ვიყავი და ჩვენთან მათი მსგავსებით აღვფრთოვანდი. ამ მაიმუნების „ადამიანურმა“ გამომეტყველებამ და ქცევამ გამაოცა. ხანდახან, როცა სარკეში ჩემს ანარეკლს ან ჩემს ქალიშვილს ვუყურებ, მაშინვე ეს მაკაკები მახსენდება და კარგ განწყობაზე ვდგები.

ამ პარკში მას შემდეგ რვაჯერ ვიყავი და ჯამში, ორთვენახევარი გავატარე. შევიტყვე, რომ 1960 წელს მათ ერთ-ერთ ცხელ წყაროში დაუწყიათ ბანაობა, მაგრამ ცხელი წყლების, ასევე, მოყვარული ადამიანებისთვის არაჰიგიენური პირობები შექმნილა და მათთვის ცალკე აუზი მოუწყვიათ.

დღეს აქ 160-მდე მაიმუნი ჭყუმპალაობს. სანახაობა ტურისტებს იზიდავს და ადგილობრივი მოსახლეობის შემოსავლის წყაროა. მაკაკები ველური ცხოველები არიან, თუმცა აქაურობას იმდენი ადამიანი სტუმრობს, რომ ზოოპარკში გეგონებათ თავი.

მაკაკების გაცნობის შემდეგ, მათი თავგამოდებული დამცველი გავხდი. ბუნების სხვა ფოტოგრაფების მსგავსად, ისეთი პორტრეტების შექმნა მინდა, რომლებზეც ჩემი ობიექტების ინდივიდუალობა წარმოჩნდება.

ჯიგოკუდანიში ზამთარია და იაპონური მაკაკი ცხელ აუზში ნებივრობს. ჰაერის ტემპერატურა ნულს ქვემოთ არის, თუმცა წყალი 35 გრადუსამდეა გამთბარი. სითბო მაიმუნებს ადუნებს და ხშირად თვლემენ ხოლმე.
ორი მაიმუნი ერთმანეთს ეხუტება და გათბობას ცდილობს. ეს ჭკვიანი, საოცრად სოციალური მაიმუნები იაპონიის ოთხ ძირითად კუნძულზე ბინადრობენ.
მაკაკი ცდილობს ფეხით მისწვდეს პარკის პერსონალის მიერ გადაგდებულ საკვებს. ყველა მაი-მუნს განსხვავებული სტრატეგია აქვს. ზოგი ყვინთავს, ზოგიც ასე იღებს ჩაგდებულ საკვებს.
იაპონური მაკაკები ზღვის დონიდან 850 მეტრის სიმაღლეზე მდებარე აუზში ბანაობენ. აქ ცხოვრება რთულია, თოვლის სიმაღლე მეტრს სცდება. ცხელი წყალი მაიმუნებს იცავს და ამშვიდებს.
თეგები: 
გამოიწერეთ
სიახლეები
© 2012-2015 ყველა უფლება დაცულია. ჟურნალსა და ვებგვერდზე გამოქვეყნებული
მასალების ნაწილობრივი ან სრული გამოყენება რედაქციის ნებართვის გარეშე აკრძალულია