იხილეთ ჟურნალის ელექტრონული გამოცემა თქვენს IPHONE-სა IPAD-ზე
ფოტოამბავი >
ფოტოამბავი
ობიექტივში და კადრს მიღმა
ფოტოამბავის
შესახებ
დღეს ჯუნგლებში თანამედროვეობასა და ტრადიციებს შორის ომია გაჩაღებული.
07.02.17
თანამედროვე ამაზონი
ავტორი და ფოტოგრაფი:
იან გროსი

იზოლირებული ტომები, დაკარგული ქალაქები, ხელუხლებელი ბუნება – ამაზონის ჯუნგლები ყოველთვის გვაჯადოებდა. მაგრამ როგორია ის 21-ე საუკუნეში? ამის გასარკვევად, 2011 წელს სწორედ იქ გავემგზავრე.

ჯერ კიდევ 2008 წელს დავინტერესდი ამ თემით. მაშინ, ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე ტყის განაშენიანებაზე ვმუშაობდი. ახალგაზრდები ხშირად საუბრობდნენ ტომის ცხოვრების შეულახავ წესზე, თუმცა ეს მხოლოდ ნოსტალგია იყო. ისინი ხშირად ცეკვავდნენ, სვამდნენ და თამაშობდნენ ფეხბურთს. ერთ საღამოს წვეულებაზე არ წამიყვანეს; საკმარისად კარგად არ მეცვა. მაშინ მივხვდი, თუ რამდენად განსხვავდებოდა ჩვენი წარმოდგენები და სინამდვილე.

ამის შემდეგ, ამაზონის შესახებ წიგნების კითხვა დავიწყე. პირველად მდინარე ამაზონზე ესპანელი ჯარისკაცის, ფრანსისკო დე ორელიანას 1540 წლის მოგზაურობა წავიკითხე. ეს იყო პირველი ექსპედიცია ევროპიდან, რომელიც ამ რეგიონის გამოსაკვლევად გაემართა. მეც ვცადე ამ ექსპედიციის გამეორება, რათა მენახა, როგორ გამოიყურებოდა დღეს იგივე მარშრუტი.

ეკვადორის ანდებიდან მდინარეს დავუყევი. ექვსი კვირა პერუს სამედიცინო გემით ვმგზავრობდი. კოლუმბიაში ჩავედი და იქიდან ბრაზილიაში გადავედი, სადაც ტრანს-ამაზონის მაგისტრალზე გავედი.

მოგზაურობისას ხალხსა და ადგილებს ფოტოებს ვუღებდი. ხელუხლებელ ბუნებასა და ჩაკეტილ ტომებს არ დავეძებდი; მკვიდრ თემებს, ვისაც კი შევხვდებოდი, ყველას ვეცნობოდი. ბრაზილიაში ადგილობრივი რეპერების ვიდეოც კი გადავიღე. მოგვიანებით ამ სოფელში კვლავ დავბრუნდი და ერთთვიანი ვიდეოსემინარიც ჩავატარე.

ვფიქრობ, ეს პროექტი კარგად წარმოაჩენს, თუ როგორი ორაზროვანი და კომპლექსურია თანამედროვე ამაზონი. დღეს აქ აღარ არის ბევრი მკვიდრი მოსახლე, რომელიც ძველი ადათ-წესებით ცხოვრობს; ახლა ეკონომიკური ინტერესებია პირველ ადგილზე. არც განვითარებას ეწინააღმდეგება ყველა. კომფორტს მიჩვეულს, გაგიჭირდებათ ტრადიციულ ტომობრივ ცხოვრებაში მიბრუნება.

ტიპიშკა, პერუ. მდინარე კურარაისთან მდებარე იზოლირებულ სოფელში სახლები ოჩოფეხებზე დგას. ამ რეგიონში ნავთობკომპანიების მომრავლებას უჩივიან.
ძველი წარმოდგენები კვლავ ახდენს ზეგავლენას ამაზონის ჯუნგლებზე. იკიტოსის (პერუ) ბაზრობაზე გამოტანილია ცისარტყელასებრი მახრჩობელას ფიტული. მსგავსი გველები ხშირად ჩნდებიან ადგილობრივ მითოლოგიაში.
სანტო-ტომასში ფანტასტიკური და დემონური ნიღბები კოკამას ტომის ახალგაზრდებს წინაპრებთან აკავშირებს.
ზაბალო, ეკვადორი. შამანის „სამედიცინო ბაღში“ კოფანის ხალხს მკურნალობენ. თუმცა ტომის ბევრ წარმომადგენელს მცენარეებით წამლობას თანამედროვე მედიკამენტები ურჩევნია.
გვაივირიში (ბრაზილია) ტყესთან ახლოს ტრადიციულ სამოსსა და ღამურას ნიღაბში გამოწყობილი დულსიდიო გომეში ბავშვებს ართობს.
ბუენა-ვისტაში ტყის მღრღნელი პაკა ძვირად ფასობს, რადგან ხორცი აქვს რბილი. მალე სადილიც მზად იქნება.
შაპური, ბრაზილია. ეს დასახლება მნიშვნელოვნად გაიზარდა, თუმცა მდინარეზე გადასვლა ჯერ ისევ მხოლოდ ბორნითაა შესაძლებელი. ამ რეგიონმა გაუძლო რეზინისა თუ გზათმშენებლობის ბუმს; ოქროს, ნავთობისა და ხე-ტყის მაძიებლებს; ევანგელისტ ქრისტიანთა მისიებს.
თეგები: 
გამოიწერეთ
სიახლეები
© 2012-2015 ყველა უფლება დაცულია. ჟურნალსა და ვებგვერდზე გამოქვეყნებული
მასალების ნაწილობრივი ან სრული გამოყენება რედაქციის ნებართვის გარეშე აკრძალულია