იხილეთ ჟურნალის ელექტრონული გამოცემა თქვენს IPHONE-სა IPAD-ზე
ფოტოამბავი >
ფოტოამბავი
ობიექტივში და კადრს მიღმა
ფოტოამბავის
შესახებ
კლოდინ ჟურდანი, 33 წლის, სამხრეთი ჰაიტიდან, პორტ-ო-პრენსის დატვირთულ ქუჩებში ყიდის წამლებს.
01.06.17
გვერდითი მოვლენები
ავტორი: არნო რობერი
ფოტოგრაფი: პაოლო ვუდსი და გაბრიელე გალიმბერტი

ჰაიტის მოსახლეობისთვის მედიკამენტების მთავარი მომწოდებლები გარემოვაჭრეები არიან.

„ნახეთ, ამპიცილინი ტაილენოლის გვერდით დავდე – ვარდისფერი და ლურჯი აბების შეკვრა. ჩემი სტენდი თვალისმომჭრელი თუ არ იქნა, არაფერს იყიდიან“.

არისტილ ბონორი მელაპარაკება და თან მარჯვენა მხარზე იდგამს პლასტმასის ლურჯ ვედროს, საიდანაც ფერადი აბების ფირფიტების დასტა ტოტემივით აღმართულა. ვედროდან მაკრატელია გამოშვერილი, ფირფიტების დასაჭრელად სჭირდება. მთელი კონსტრუქცია რეზინის სამაგრებითაა შეკრული.

ბონორი 20 წელზე მეტია, პორტ-ო-პრენსის ქუჩებში დაეხეტება თავისი წამლის კოშკით – ქიმიური ბაბილონის გოდოლით. მაგრამ ის ფარმაცევტი არაა, გამყიდველია.

პაკოს უბანში, ერთ პატარა ბინაში ვაჭრები ჩამწკრივდნენ, რათა პაოლო ვუდსმა და გაბრიელე გალიმბერტიმ პორტრეტები გადაუღონ. ეს ორი ფოტოგრაფი მკურნალობის ხელმისაწვდომობის პროექტზე მუშაობს 25 ქვეყანაში. მათზე დიდი შთაბეჭდილება დატოვეს ქალაქის მოხეტიალე მეაფთიაქეებმა.

ამბობენ, ამ ქვეყანაში ქუჩის დისტრიბუცია წამლის შოვნის მთავარი წყაროაო. სახელმწიფოს მხრიდან უკონტროლობა ბონორის მსგავს უცოდინარ ვაჭრებს საშუალებას აძლევს შეიძინონ და გაყიდონ ფარმაცევტული ნაწარმი: არალიცენზირებული, ვადაგასული თუ ყალბი მედიკამენტები ჩინეთიდან და დომინიკის რესპუბლიკიდან.

ოფიციალურად, ეს უკანონო საქმიანობაა, მაგრამ ჯანდაცვის სამინისტრო კანონის აღსრულებაზე იშვიათად ზრუნავს. ამიტომ მოვაჭრეები ყველაფერს ყიდიან, რაზეც ხელი მიუწვდებათ: ორსულობის შესაწყვეტი აბებიდან დაწყებული, ყალბი „ვიაგრით“ დამთავრებული. ხანდახან არასწორ რჩევებსაც აძლევენ კლიენტებს. ერთმა გამყიდველმა მოზარდს ძლიერი ანტიბიოტიკი შესთავაზა აკნეს სამკურნალოდ.

„ყოველი გარემოვაჭრის დანახვა, სახეში სილასავით მხვდება, – ჩივის სამინისტროს ფარმაცევტული განყოფილების დირექტორი, ფლორინ ჟოზეფი, – ეს ნელი მოქმედების ბომბივითაა და ვერაფრით ვაჩერებთ“.

პორტრეტების შესაქმნელად, ვუდსმა და გალიმბერტიმ 20ხ25სმ ფართო ფორმატის ფირიანი კამერა და საშუალოფორმატიანი ციფრული კამერა გამოიყენეს. ფონი თეთრი კედელი იყო.

ფოტოგრაფების თქმით, მათ სურთ შეატყობინონ ხალხს, რომ განვითარებულ ქვეყნებში იოლად ხელმისაწვდომი მედიკამენტები, სხვა მრავალ ადგილას ძნელად მოსაპოვებელია. ჰაიტიში გამყიდველიც და მყიდველიც ერთნაირად იძულებულია დასჯერდეს იმას, რაც შეხვდება.

„ეს საქმე იმიტომ ავირჩიე, რომ აქ ახლა რთული დროა, – ამბობს ბონორი, – მინდა, ჩემმა შვილებმა სკოლაში იარონ. წამალი კი ყველას სჭირდება“.

მოვაჭრეები ფარმაცევტებად და მოძღვრებადაც გვევლინებიან. „არაფერს გვიმალავენ ინფექციებსა თუ სქესობრივ პრობლემებზე“, ამბობს რენოლდ ჟერმენი. „თითო აბი ყველაფრისთვის მოგვეპოვება“.
ჟულენ კლერჟეს და მის ქმარს, პელეჟ არისტილს (მომდევნო ფოტო) ხუთი შვილი ჰყავთ. ქალი ფიქრობს, წამლების ნაცვლად ბანანი და მოხარშული კვერცხი გაყიდოს. შეიძლება, არისტილმაც დათმოს ეს საქმე. სწავლას რომ მორჩება, აკრედიტებული ევანგელისტი პასტორი გახდება.
ადი დუმე და არისტილ ბონორი (მომდევნო ფოტო) ქუჩაში ვაჭრობენ ფარმაცევტული ნაწარმით. ზოგს ბაზარში აქვს დახლი. სხვები ჩემოდნებში ალაგებენ აბებს და პორტ-ო-პრენსის საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობისას ეძებენ დამატებით შემოსავალს.
თეგები: 
გამოიწერეთ
სიახლეები
© 2012-2015 ყველა უფლება დაცულია. ჟურნალსა და ვებგვერდზე გამოქვეყნებული
მასალების ნაწილობრივი ან სრული გამოყენება რედაქციის ნებართვის გარეშე აკრძალულია