იხილეთ ჟურნალის ელექტრონული გამოცემა თქვენს IPHONE-სა IPAD-ზე
ფოტოამბავი >
ფოტოამბავი
ობიექტივში და კადრს მიღმა
ფოტოამბავის
შესახებ
ვარძიისკენ მიმავალი ცხენოსნები უღელტეხილიდან აზავრეთისკენ ეშვებიან.
01.07.17
მეფეთა გზა
ავტორი: გიორგი დარჩიაშვილი
ფოტოგრაფი: გიორგი დარჩიაშვილი

ხშირად წიგნებში ქალაქებს შორის დისტანცია, სავალი დღეების მიხედვით იზომება. თავგადასავლების მოყვარულ მეგობრებს ათი დღე დასჭირდათ ცხენებით ბაკურიანიდან ვარძიამდე მისასვლელად.

საქართველოს ოქროს ხანის შესახებ ბევრი მსმენია, თუმცა ამ ეპოქის შეგრძნება შეუძლებლად მიმაჩნდა. ერთხელ მეგობარმა საცხენოსნო ტური ახსენა, ბაკურიანიდან ვარძიამდე, და თან დაამატა, ამ გზით თამარი დადიოდაო. დანამდვილებით არავინ იცის, ასე იყო თუ არა, თუმცა მეფის უსაფრთხოებისთვის მარშრუტი ნამდვილად ხელსაყრელად გამოიყურებოდა. ისტორიული წყაროებითაც ცნობილია, რომ თამარი თბილისიდან ვარძიაში ხშირად მიდიოდა. მეც მინდოდა, გამევლო ეს გზა და განმეცადა იმდროინდელი „ტრანსპორტით“ მოგზაურობის თავგადასავალი, ამიტომ EAT Life-ის ჯგუფთან ერთად, გეზი ბაკურიანიდან ვარძიისკენ ავიღე. დიდველის მთაზე გადავედით და ნისლიც ჩამოწვა, 15 ცხენი ერთ რიგად ჩამწკრივდა; ხეობიდან ქარმა დაუბერა. მწვანე წყალგაუმტარი მოსასხამები ჩავიცვით და შუა საუკუნეების მხედრებს დავემსგავსეთ. თითქოს ერთი „ანარეკლიდან“ მეორეში გადავედით... დრო შეიცვალა. საღამომდე წვიმასა და სიცივეში ვიარეთ. მთიდან გზა სოფელ აზავრეთში ჩადიოდა. ცხენების დანახვაზე, მთელი სოფელი გარეთ გამოვიდა. საინტერესოა, როგორ ეგებებოდნენ თამარს? შემდეგ სოფელ თოკს მივადექით, აქ მეფის დაცვა რთული იქნებოდა – მეორე მხარეს გადასასვლელად ხეობაში ჩასვლაა საჭირო, ალაგ-ალაგ თავდაცვით ნაგებობებს ვხვდებით. კანიონის თავზე ვბანაკდებით და ცეცხლს ვანთებთ. ვერაფრით დავიძინე; ნეტავ, თამარი სად ისვენებდა? როგორი ცხენი ჰყავდა? რამდენ ხანში ჩადიოდა ვარძიაში? შემდეგ კუმურდო – საოცარი ტაძრით. მისი გუმბათი ჩამონგრეულია, შესასვლელს ძველი წარწერები ამშვენებს, საკურთხევლის კედელზე კი გაფერმკრთალებული ლაჟვარდისფერი ორნამენტი მოჩანს. გამორიცხული არაა, ეს მშვენიერი ტაძარი სწორედ მეფეთა გზაზე აეგოთ. ვუახლოვდებით ვარძიას. აქ ბევრჯერ ვყოფილვარ, მაგრამ წვიმაში, ქარსა და პაპანაქებაში სამი დღის სიარულის შემდეგ, სულ სხვა ემოციით ვუახლოვდები. სოფელ გოგაშენიდან გამაოგნებელი ხედი იშლება. დასრულდა ისტორიაში მოგზაურობა. იქნებ, თამარს სულაც არ უვლია ამ გზით, თუმცა იმაზე ფიქრი, რომ ის ამ მიდამოებში ცხენით დადიოდა, ჩვენს თავგადასავალს სხვა ელფერს აძლევს.

გზა სირთულეებითაა სავსე; ციცაბო აღმართები, ვიწრო ბილიკები და მდინარეები თავგადასავალს კიდევ უფრო საინტერესოს ხდის.
ცხენები ყველანაირ ამინდს მორჩილად იტანენ.
ვარძიის ხედი კანიონის მეორე მხარეს გოგაშენიდან იშლება.
მაღალ მთაში ამინდი სწრაფად იცვლება. სიცხეს ნისლი ენაცვლება, ნისლს – სეტყვა და ქარი.
შესვენებისას ცხენებს ტვირთს ხსნიან. სადილის შემდეგ სუფთა ჰაერს არაფერი შეედრება.
ნისლმა ფერადი სამყარო გაცრეცილ ფოტოდ აქცია. დაბრკოლების გადალახვის შემდეგ, ცხენოსნები მწყობრში დგებიან.
თეგები: 
გამოიწერეთ
სიახლეები
© 2012-2015 ყველა უფლება დაცულია. ჟურნალსა და ვებგვერდზე გამოქვეყნებული
მასალების ნაწილობრივი ან სრული გამოყენება რედაქციის ნებართვის გარეშე აკრძალულია