იხილეთ ჟურნალის ელექტრონული გამოცემა თქვენს IPHONE-სა IPAD-ზე
ფოტოამბავი >
ფოტოამბავი
ობიექტივში და კადრს მიღმა
ფოტოამბავის
შესახებ
ცინხაის პროვინციის სახელმწიფო მოხელეების თქმით, ხუანხეს აუზში, ნგორინგის ტბის დონის აწევა ეფექტური გარემოსდაცვითი ღონისძიებების შედეგია. მეცნიერები კი ამას კლიმატის ცვლილების შედეგად მიიჩნევენ.
01.08.17
მდინარე საფრთხეშია
ავტორი: იენ ტე
ფოტოგრაფი: იენ ტე

სწრაფი ეკონომიკური განვითარება აზიანებს ჩინეთის სასიცოცხლო მნიშვნელობის ბუნებრივ რესურსს – მდინარე ხუანხეს.

ლანდშაფტს სტატიკურ სივრცედ აღვიქვამთ, თუმცა ის მუდმივად იცვლება. ასეა ჩინეთის დიდი ვაკეც. იმპერიულიდან მაოისტურ ეპოქამდე თუ უკანასკნელ რეფორმების პერიოდში, ადამიანი გარემოს გაკონტროლებას ცდილობს. ამ ჭიდილის კვალს აქაური პეიზაჟი ატარებს.

მიმდინარე პროექტის პირველ ნაწილში, ჩინეთზე ქვანახშირის მრეწველობის გავლენას ვაკვირდებოდი. 2011 წლიდან მეორე ნაწილზე ვმუშაობ; ხუანხეს მივყვები და აღვბეჭდავ ეკონომიკის, პოლიტიკისა და გარემოსდაცვითი სტრატეგიის როლს ამ დაუსრულებელ ამბავში.

ჩინეთის მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი, მძიმე მრეწველობა და სასოფლო-სამეურნეო მიწების 40% ჩინეთის დიდ ვაკეზეა თავმოყრილი. თუმცა, ქვეყნის წყლის მარაგის მხოლოდ 10%-ზე ნაკლები მოდის ამ რეგიონზე. წყლის განკარგვა მთავრობის საქმიანობის საკვანძო ნაწილია, რადგან, ქვეყნის მასშტაბის გათვალისწინებით, აქ განვითარებულ მოვლენებს გლობალური შედეგები მოჰყვება.

ჩინეთში უამრავი გარემოსდაცვითი რეგულაციაა, თუმცა საკითხი ნაკლებად პრიორიტეტულია და იშვიათად შედის ძალაში. სახელმწიფო მოხელეები მოკლევადიან ეკონომიკურ მოგებას გრძელვადიან ბუნებისდაცვით მიზნებზე წინ აყენებენ.

მინდა, გადმოვცე მდინარის სასიცოცხლო მნიშვნელობა კულტურასა თუ ისტორიაში და გაჩვენოთ, რატომ არის ის ეკონომიკური სიძლიერის საფუძველი. ხუანხე, რომელიც ათასწლეულების განმავლობაში სიცოცხლის წყაროა, თანამედროვე ჩინეთის აღზევების ბნელ მხარეს ააშკარავებს.

ამ ფაქიზ ლანდშაფტში დისონანსის ხაზგასმით, მინდა დაგანახოთ, რომ ჩვენი მატერიალური სურვილების ასრულება, გარემოსათვის დიდი ზიანის მიყენების ხარჯზე ხდება.“

ხუანხეს შესართავი. დუნინის ბუნებრივ ნაკრძალში ფრინველების გალია ცარიელია. ამ რეგიონის (გადამფრენი ფრინველებისთვის „საწვავის შესავსები“ მნიშვნელოვანი გაჩერების) ეკოლოგია ინდუსტრიულმა განვითარებამ ძლიერ დააზიანა.
ხუანხეს შენაკადზე მდებარე ქალაქ ლინფენში, სასოფლო-სამეურნეო მიწასთან ახლოს მშენებლობა მიმდინარეობს. 1970-იან წლებში სუფთა წყლით სახელგანთქმული ქალაქი, 2006 წელს მსოფლიოს 10 ყველაზე დაბინძურებულ ქალაქს შორის დასახელდა.
მდინარის აღმა, ბაიინში, კირქვის კარიერის თავზე ტაძარი მოჩანს.
ხუანხეს ქვემო წელში, ნავთობის ტუმბოები და თევზსარეწი სახიფათოდ ახლოსაა განლაგებული. მძიმე მრეწველობას შეუძლია მცენარეულობის განადგურება, ნიადაგისა და წყლის დაბინძურება.
ბოხაის ყურეში ქარის ტურბინის ჩრდილი მიწაზე ეცემა. ჩინეთი ქარისა და პროტოვულკანური ენერგიის წარმოების ლიდერია.
თეგები: 
გამოიწერეთ
სიახლეები
© 2012-2015 ყველა უფლება დაცულია. ჟურნალსა და ვებგვერდზე გამოქვეყნებული
მასალების ნაწილობრივი ან სრული გამოყენება რედაქციის ნებართვის გარეშე აკრძალულია