იხილეთ ჟურნალის ელექტრონული გამოცემა თქვენს IPHONE-სა IPAD-ზე
ფოტოამბავი >
ფოტოამბავი
ობიექტივში და კადრს მიღმა
ფოტოამბავის
შესახებ
ბრაუნსვილში სამეურნეო მიწებს ფოლადის კედელი ყოფს. რეალური საზღვრის, მდინარე რიო-გრანდეს აქეთ, კედელი წყდება და მისი შემოვლაც მარტივდება.
01.09.17
სასაზღვრო ზოლები
ავტორი: რიჩარდ მიზრახი
ფოტოგრაფი: რიჩარდ მიზრახი

ვიზუალური მედიტაცია კედლებსა და ღობეებზე, რომლებიც ყოფს შეერთებულ შტატებსა და მექსიკას და ასევე, საზოგადოებრივ აზრს.

თითქმის 40 წელი ვმუშაობდი ამერიკის სამხრეთ-დასავლეთით. 2004 წელს, მოულოდნელად ისეთ რამეს წავაწყდი, რაც მანამდე არ მენახა: რამდენიმე ლიტრი წყლით სავსე ლურჯი კასრი წარწერით „agua“, გვერდით კი მიწაში ჩარჭობილი სარი ლურჯი ალმით. ფოტოც გადავიღე, რადგან ამ სანახაობამ ჩემზე ძალიან იმოქმედა.

2009 წელს გავიგე, აშშ-მექსიკის 3145-კილომეტრიანი საზღვრის გასწვრივ კედლებისა და სამეთვალყურეო კოშკების მშენებლობის რიცხვი გაიზარდაო და მეტი სერიოზულობით დავიწყე ფოტოების გადაღება. მაშინ შევიტყვე, რომ პირველი კასრი ჰუმანიტარულ ჯგუფს დაუდგამს. ეს იყო „წყალმომარაგების პუნქტი“ საზღვარზე გადმოსული მიგრანტების სიცოცხლის გადასარჩენად, მათი გაუწყლოებისგან დასაცავად.

მე ძირითადად, პეიზაჟებს ვიღებ. ჩემს ფოტოებზე იშვიათად ნახავთ ადამიანებს, თუმცა მათი არსებობა ყველგან იგრძნობა. ეს არყოფნის არსებობაა.

ამ პროექტზე მუშაობისას, ჩვეულებრივ, მივფრინავდი ქალაქში და ვქირაობდი ორხიდიან ავტომანქანას, სასაზღვრო რეგიონის კიდევ უფრო მეტი შორეული ადგილის შესასწავლად. ზოგი მესაზღვრე გულთბილად მხვდებოდა; ერთმა ჩემი დაცვაც კი სცადა, რადგან კარტელი ახლოს იყო, მაგრამ უმეტესობა ალბათ, საკმაოდ მტრულად იყო განწყობილი.

საზღვრიდან შორს მცხოვრებ ადამიანებს შეიძლება წარმოდგენაც არ ჰქონდეთ, რომ უკვე მრავალი კედელია აღმართული, უხეში დათვლით, 1125 კილომეტრის სიგრძის. ეს საკმაოდ ძვირი და შრომატევადი საქმეა: დაპროექტება, დამზადება, მონტაჟი; კილომეტრნახევრიანი კედელი დაახლოებით 4-დან 12 მილიონ აშშ დოლარამდე ჯდება.

საკითხავია, რამდენად კარგ საქმეს ემსახურება ის? ადამიანებს შეუძლიათ გადაძვრნენ კედელზე, მის ქვეშ გათხარონ გვირაბი ან სულაც, გვერდი აუარონ.

კედლის ერთი ფუნქციაა მიგრაციის შეჩერება – ადამიანები ამ ქვეყანაში უკეთესი ცხოვრების იმედით შემოდიან (თუმცა, თუ ჩვენ არ დავასაქმებთ, აღარ შემოვლენ) მეორე – ქვეყნის დაცვა ნარკოტიკებისაგან (თუმცა, მათზე მოთხოვნა სწორედ ამერიკელებისგან მოდის). სანამ ჩვენ ჩვენს პრობლემებს არ მოვაგვარებთ, კედელი ვერ შეამცირებს მიგრაციასა და ნარკოტიკების შემოდინებას.

ხშირად ამბობენ, რომ ეროვნული სუვერენიტეტის იდეა – სახელმწიფოს შეურყეველი საზღვრები – უკვე დარღვეულია ინტერნეტით, გლობალური კაპიტალიზმითა თუ ვირუსებით; საზღვრები ირღვევა ეგზისტენციალურ დონეზე. ჩემთვის, კედლების აშენება უფრო სიმბოლური, სასოწარკვეთილი ჟესტია, ვიდრე ნებისმიერი სხვა რამ.

ასეთი სურათია ყველგან, სადაც პოლიტიკა, კულტურა და ბუნება ერთმანეთს კვეთს. მე არ ვიცი, როგორ უნდა გადავჭრათ ეს კომპლექსური პრობლემები, მაგრამ იმედი მაქვს, ჩემი ნამუშევარი სერიოზული დისკუსიის საბაბი გახდება.

„წყალმომარაგების სადგურის“ წყლის კასრი ჰუმანიტარულმა ჯგუფმა დადგა. კალიფორნია-მექსიკის სასაზღვრო რეგიონებში, სადაც ტემპერატურა +490C-ს აღწევს, 160 ასეთი კასრი დგას. მოხალისეები ამოწმებენ გადაადგილების აქტივობას და ავსებენ წყლის მარაგს.
ლოს-ინდიოსთან (ტეხასი) გადავიღე ღობე, რომელიც ორი წლის შემდეგაც დაუმთავრებელია. დღეს ის ქანდაკების როლს უფრო ასრულებს, ვიდრე საზღვრის.
გადსდენში (არიზონა), მოედნის მომვლელი ჩივის, კედელი დაისის ხედს აფუჭებსო.
მე-19 საუკუნეში აშშ-სა და მექსიკას შორის საზღვარს სასაზღვრო ძეგლებით აღნიშნავდნენ. ასეთია პატაგონიის ობელისკი.
ოკოტილოსთან ახლოს (კალიფორნია) ღობე შპალებისგან ააგეს ავტომობილების შესაფერხებლად. მას ნორმანდიულ ბარიერსაც უწოდებენ, რადგან მეორე მსოფლიო ომის პერიოდის საგუშაგოებს აგონებთ. ქვეითებისგან თავდასაცავად აშენებული სასაზღვრო გალავნები კი, 3,5-5 მ სიმაღლისაა.
თეგები: 
გამოიწერეთ
სიახლეები
© 2012-2015 ყველა უფლება დაცულია. ჟურნალსა და ვებგვერდზე გამოქვეყნებული
მასალების ნაწილობრივი ან სრული გამოყენება რედაქციის ნებართვის გარეშე აკრძალულია