იხილეთ ჟურნალის ელექტრონული გამოცემა თქვენს IPHONE-სა IPAD-ზე
ფოტოამბავი >
ფოტოამბავი
ობიექტივში და კადრს მიღმა
ფოტოამბავის
შესახებ
ამერიკელი ინდიელი კრატერის ტბას გადაჰყურებს. ორეგონი, 1923 წ. რაც უფრო მეტი ბუმბული ჰქონდა ინდიელი მამაკაცის ტრადიციულ თავსაბურავს, მით უფრო დიდი იყო მისი ძალაუფლება თავის ტომში. დღეს მსგავსი ქუდები მხოლოდ სათემო და სარიტუალო ცერემონიების დროს გამოიყენება.
01.10.17
ჩრდილების მდევარი
ავტორი: ლიზა მეფარიშვილი
ფოტოგრაფი:

ცნობილი პერსონაჟები „პოკაჰონტასი“ თუ „უკანასკნელი მოჰიკანი“, ალბათ, ამ ფოტოების ინსპირაციით შეიქმნა.

ამერიკის მკვიდრი მოსახლეობა გამოირჩევა ტრადიციებით, რწმენა-წარმოდგენებით, ბუმბულებიანი თავსაბურავებითა და თავისებური იარაღით. აქტუალურია კოლუმბის მიერ მათთვის შეცდომით შერქმეული სახელიც – ინდიელები. ალბათ ესაა პირველი, რაც ჩვენს უმრავლესობას ამ ტომების გაგონებაზე ახსენდება. თუმცა, არიან ადამიანები, ვისაც წითელკანიანი აბორიგენი ტომები მთელი თავისი დიდებულებით წარმოუდგება თვალწინ – ისე, როგორც ეს ამერიკელმა ფოტოგრაფმა და ეთნოგრაფმა ედუარდ შერიფ კურტისმა (1868-1952) ფირზე აღბეჭდა.

თუ საქართველოს უმნიშვნელოვანესი ფოტომატიანე ალექსანდრე როინაშვილმა და დიმიტრი ერმაკოვმა შემოუნახეს, ამერიკისთვის ასეთ პიროვნებად ედუარდ კურტისი იქცა. „...კაცობრიობის უდიდესი რასის [ინდიელების] პატივსაცემად და მომავალი თაობების საკეთილდღეოდ, მათი ცხოვრების წესის ამსახველი მასალა ახლავე და ერთიანად უნდა შეგროვდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს შესაძლებლობა სამუდამოდ დაიკარგება“, – წერდა კურტისი. მან, ისე, როგორც „უკანასკნელმა მოჰიკანმა“, მთელი ცხოვრება ერთ საქმეს მიუძღვნა – მე-20 საუკუნის დასაწყისში, „გადაშენების გზაზე“ მყოფი ტომები გადაიღო და მათი ყოფისა და კულტურის უზარმაზარი ფოტომატიანე შექმნა. 30-წლიანი მოგზაურობა ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტზე, მკვიდრი მოსახლეობის 80 ტომის 40 000-ზე მეტი ფოტო და მდიდარი ეთნოგრაფიული მასალა – ეს ის მემკვიდრეობაა, რომელიც ფოტოდოკუმენტალისტმა დაგვიტოვა.

ედუარდ კურტისმა თავის ფოტოობიექტივში, სხვა ტომებთან ერთად, მოაქცია ჰოპის ტომის ინდიელები, რომლებიც ეგზოტიკური ცხოვრების წესითა და მშობლიური მიწისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულებით გამოირჩევიან – ეს ადამიანები დღესაც იმავე ტერიტორიებზე ცხოვრობენ, სადაც მათი წინაპრები. ისინი, ფაქტობრივად, უძველესი ცივილიზაციების ცოცხალ მეხსიერებად იქცნენ, რომელთაც ერთი წამითაც არ დაუკარგავთ კავშირი წარსულთან. ხელსაქმის, თიხაზე, ქსოვილსა და ხეზე მუშაობის ამსახველი ფოტომასალა ჩვენ თვალწინ აცოცხლებს ადგილობრივ ამერიკელთა ყოველდღიურ ყოფას. კურტისი სრულ წარმოდგენას გვიქმნის ამ ხალხის სულიერების შესახებ – ფოტოებზე აღბეჭდილი ამერიკის მკვიდრი მოსახლეობის სარიტუალო ტრადიციები, წეს-ჩვეულებები, ნიღბიანი აბორიგენები თუ მათი ცეკვები ხომ დღემდე ყველასთვის საინტერესო ფენომენია.

ედუარდ კურტისის ფოტომატიანე დღეს სამეცნიერო, ანთროპოლოგიური, ეთნოგრაფიულ-ისტორიული მნიშვნელობის მატარებელია.

სუკვომიშის ტომის პრინცესა ანჯელინა მისი პირველი მოდელი იყო. სწორედ ამ ინდიელი ქალის პირველ პორტრეტს მოჰყვა ინსპირაცია, შექმნილიყო უზარმაზარი ფოტოპროექტი სახელწოდებით „ჩრდილოეთამერიკელი ინდიელები“.

პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე იდუმალი ადამიანების მშვენიერება, ძალა, სიამაყე და ღირსება სამუდამოდ აღიბეჭდა ფოტოზე, ამ ფოტოების ავტორის სახელი კი – ჩრდილების მდევარი (Shadow Catcher) – ისტორიაში.

კურტისის გამოფენა საქართველოში, აშშ-ის საელჩოს ხელშეწყობით იმართება. ინფორმაციისთვის ეწვიეთ www.edwardcurtis.ge

ახალგაზრდა გოგონა, სახელად ჩაივა. 1906 წელი. გასათხოვარი გოგონები ყურების ზემოთ იმაგრებენ თმის ხვეულას, რაც ნაყოფიერების სიმბოლოს - გოგრის ყვავილობას გამოხატავს.
ორი ტევა პუებლო ხორბლის გარჩევისას. სან-ხუანი, ნიუ-მექსიკო. 1905 წ.
„ბიზონების“ ცეკვა ჰანოში. 1921 წ.
სიუს ტომის ბელადები. ჩრდილოეთ ამერიკის დიდი ვაკეები. 1905 წ.
ქორწილის სტუმრები. კვაკიუტლის ტომი. 1914 წ.
ჰოპის ტომის ხუთი გოგონა თიხის ჭურჭელში აგროვებს წყალს. ვარცხნილობით თუ ვიმსჯელებთ, ყველა გასათხოვარია. 1906 წ.
თეგები: 
გამოიწერეთ
სიახლეები
© 2012-2015 ყველა უფლება დაცულია. ჟურნალსა და ვებგვერდზე გამოქვეყნებული
მასალების ნაწილობრივი ან სრული გამოყენება რედაქციის ნებართვის გარეშე აკრძალულია