იხილეთ ჟურნალის ელექტრონული გამოცემა თქვენს IPHONE-სა IPAD-ზე
ფოტოამბავი >
ფოტოამბავი
ობიექტივში და კადრს მიღმა
ფოტოამბავის
შესახებ
INRI - ბრაზილიის დედაქალაქთან ახლოს, INRI მოძრავ კვარცხლბეკზე დააბრძანეს მიმდევრებმა. რამდენიმე მათგანი ამ 69 წლის მარტოხელა კაცთან ერთად, მავთულხლართითა და ელექტროღობით დაცულ სახლში ცხოვრობს. სახელი INRI მომდინარეობს, პილატე პონტოელის მიერ ქრისტეს ჯვარზე ამოჭრილი ინიციალებიდან (იესო ნაზარეველი, ებრაელთა მეფე). INRI-ს გამოცხადება 1979 წელს მოხდა.
01.11.17
მესიის კომპლექსი
ავტორი: იონას ბენდიქსენი
ფოტოგრაფი: იონას ბენდიქსენი

ეს ადამიანები აცხადებენ, რომ ისინი იესო ქრისტეს მეორედ მოსვლას განასახიერებენ. მათი მიმდევრები ეთანხმებიან.

„ჰო, მე მოვალ მალე!“

ყოველთვის მხიბლავდა ციტატა ბიბლიიდან, რომელიც იესო ქრისტეს მოსვლას წინასწარმეტყველებს. როდის არის ეს `მალე?“ და ვის გულისხმობს `მე“? უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში, თვალყურს ვადევნებდი შვიდი ადამიანის საქმიანობას, რომლებიც ამტკიცებენ, რომ იესოს მეორედ მოსვლას განასახიერებენ (ხუთი მათგანი აქ არის ნაჩვენები) და შევეცადე შემექმნა ფოტოები, რომლებიც ასახავს ადამიანის მისწრაფებას რწმენის, დანიშნულებისა და ხსნისკენ.

რელიგია, ცოტა არ იყოს, ამოუცნობია ჩემთვის, შესაძლოა იმიტომ, რომ ეკლესიური სულისკვეთებით არ აღვზრდილვარ ნორვეგიაში. მაგრამ ყოველთვის სიამოვნებით ვკითხულობდი ბიბლიას. მუდმივად ვუბრუნდებოდი ამ იდუმალ სიტყვებს – პირობას, რომლის შესრულებას თითქმის 2000 წელი ელოდა საქრისტიანო. გადავწყვიტე, მესიები მომეძებნა.

მე ისინი Google-ში მოვძებნე. ბევრს შეიძლება ეწოდოს წინასწარმეტყველი, გურუ ან სულიერი ლიდერი, თუმცა, მხოლოდ რამდენიმე აკმაყოფილებს იმ მოთხოვნებს, რასაც მე მინიმალურ კრიტერიუმებად მივიჩნევ, კერძოდ: მუდმივი გამოცხადებები, ხანგრძლივი კარიერა და მიმდევრების არსებობა.

თითოეული ეს ადამიანი უნიკალურია ისევე, როგორც მათ გარშემო არსებული საზოგადოება. ადამიანთა უმეტესობისთვის ღვთის რწმენა აბსტრაქტული თემაა. მაგრამ ამ მიმდევრებისთვის, რომელთა უმეტესობა მაღალინტელექტუალურია და არც ერთი არ არის იდეოლოგიურად დამუშავებული ან გიჟი, რწმენა სრულიად რეალურია. მათ შეუძლიათ შეეხონ საკუთარ მესიას.

სადაც მივდიოდი, ყველგან ვცდილობდი შემენარჩუნებინა საღი აზრი და შემესწავლა მათი რეალობა. განსაკუთრებით მაინტერესებდა, თუ რამდენად თანმიმდევრული არიან ეს მესიები. ახალი აღთქმა ხომ ურთიერთსაწინააღმდეგო ფაქტებითაა სავსე, თითოეული მესიის მონათხრობის მიხედვით კი, გასაგები ხდება ეს შეუსაბამობები.

ბევრი აქ ნახსენებ მესიებს თვითმარქვია და ფსიქიკურად დაავადებულ ადამიანებს უწოდებს. თუმცა ყოველთვის ვფიქრობდი, რომ აბრაამისეული რელიგიების ძირითადი ნაწილი – იუდაიზმი, ქრისტიანობა, ისლამი – ქადაგებს მეორედ მოსვლას. ეს რელიგიები, შეიძლება, განსხვავებულია იდენტურობისა და ქრონოლოგიის მიხედვით, მაგრამ ვფიქრობ, მათ ერთი საერთო წინაპირობა აქვთ. ასე რომ, თუ ეს ვინმესთვის მისაღებია, რატომ არ შეიძლება ეს „ვინმე“, რომელიმე ხსენებულთაგანი იყოს?

მოსე ჰლოვანე - ასევე ცნობილია, როგორც მეფეთა მეფე, ღმერთების ღმერთი, იესო - ეშოვეში, სამხრეთ აფრიკაში, მოსე ჰლოვანე ქადაგებს საკუთარ ქორწილში. ეს ღონისძიება, მისი თქმით, სამყაროს დასასრულის დასაწყისია. მოსე ამბობს, რომ 1992 წელს ღმერთმა ის სიზმარში გამოარჩია. იმ დროს ძვირფასეულობით ვაჭრობდა, შემდეგ, კი ქადაგებდა რეგიონის სხვადასხვა ქალაქში. მოსეს დაახლოებით 40 მოწაფე ჰყავს.
ბესარიონი - ასევე ცნობილია, როგორც ციმბირის ქრისტე - რუსეთის შორეულ სოფელში, ობიტელ რასვეტაში (განთიადის სავანე), ბესარიონი მოწაფის სახლში ზის. სერგეი ტოროპს საბჭოთა კავშირის დაშლის პერიოდში ჰქონდა გამოცხადება, რომ ის აღმდგარი იესო ქრისტე იყო. „უკანასკნელი აღთქმის ეკლესიის“ დამაარსებელს 5000-მდე მიმდევარი ჰყავს. ისინი ერთად ცხოვრობენ ციმბირის უტოპიურ ეკოსოფლებში, სადაც თავად ააშენეს სკოლები და ეკლესიები. ბესარიონის „უკანასკნელი აღთქმა“ 16 ტომად გამოიცა.
ბესარიონის მიმდევრები - ეს ვეგეტარიანელი მოწაფეები ჩერემშანკაში, თემის საშობაო ტრაპეზს მიირთმევენ. აქ შობა 14 იანვარს, ბესარიონის დაბადების დღეს დგება. დღესასწაული იწყება 12 იანვარს, ყველა სოფელში პილიგრიმული სვლით. შობის დღეს ათასობით მიმდევარი იკრიბება და მიემართება მთის საკურთხეველთან, ობიტელ რასვეტას ზევით, რის შემდეგაც ბესარიონი ესალმება ხალხს და ქადაგებს.
კიტვეს იესო - იგივე, სამყაროს საწყისი, ბატონი ღმერთის სიტყვა - კიტვეს იესო ზამბიის ქალაქ ნდოლას ბაზრის მოედანზე ქადაგებს. როცა არ ქადაგებს, 43 წლის ბუპეტე ჩიბვე ჩიშიმბა ჩვეულებრივ სამოსს იცვამს და მართავს ტაქსის. ის ცხოვრობს მეუღლესა და ხუთ შვილთან ერთად მეზობელ კიტვეში, სპილენძის მომპოვებელ ქალაქში, ნახევარ მილიონზე მეტი მოსახლეობით. ამ „იესოს“ თქმით, მან მიიღო გამოცხადება, როდესაც 24 წლის იყო. ამ ფოტოს გადაღებიდან მალევე, მორწმუნე ქრისტიანების ბრბომ ის მკრეხელობაში დაადანაშაულა. როცა უკვე ძალადობასაც მიმართეს, კიტვეს იესომ სწრაფად დატოვა იქაურობა.
იესო მატაიოში - იგივე, ერთადერთი ღმერთი - ტოკიოში, ფურგონის თავზე მდგარი იესო მატაიოში მგზნებარედ ქადაგებს. ეს მისი კამპანიის ნაწილია იაპონიის პარლამენტში ადგილის დასაკავებლად. იესო მატაიოში მოუწოდებს თავის ოპონენტებს, ჩაიდინონ თვითმკვლელობა, და კანონდამრღვევებს ჯოჯოხეთის ცეცხლით ემუქრება. 2016 წლის კამპანიის დროს, ორი კვირის განმავლობაში ავრცელებდა თავის გზავნილებს და 6114 ხმის მოგროვებაც მოახერხა. მიცუო მატაიოშიმ 1997 წელს დააარსა მსოფლიოს ეკონომიკური საზოგადოების პარტია. როგორც თავად აცხადებს, მისი მიზანია, სამყაროს აღსასრული გამოავლინოს დემოკრატიული პოლიტიკური პროცესების გზით, გახდეს გაეროს უკანასკნელი გენერალური მდივანი და დაადგინოს უფლის ნება დედამიწაზე.
თეგები: 
გამოიწერეთ
სიახლეები
© 2012-2015 ყველა უფლება დაცულია. ჟურნალსა და ვებგვერდზე გამოქვეყნებული
მასალების ნაწილობრივი ან სრული გამოყენება რედაქციის ნებართვის გარეშე აკრძალულია