იხილეთ ჟურნალის ელექტრონული გამოცემა თქვენს IPHONE-სა IPAD-ზე
ფოტოამბავი >
ფოტოამბავი
ობიექტივში და კადრს მიღმა
ფოტოამბავის
შესახებ
ყოველ შაბათ-კვირას, მანილაში, უბან ტონდოს მაღალსართულიანი საცხოვრებელი სახლის დერეფნები სიცოცხლითა და იმედით ივსება.
01.12.17
ყოველ სართულზე
ავტორი: ჯერემი ბერლინი
ფოტოგრაფი: !აირჩიეთ!

საღებავი ამძვრალია, იატაკი – ჭუჭყიანი, კალათბურთის ბადეები კი დაფხრეწილი, მაგრამ ამით თითქოს არავინ წუხდება.

ბავშვები თამაშობენ. კაცებს სიესტა აქვთ. დერეფანში მამლები დასეირნობენ. მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ ამ ქალაქში სიცოცხლე სახლის ყოველ სართულზე დუღს.

ასეთი სურათი დახვდა პოლონელ ფოტოგრაფ მარიუშ იანიშევსკის, როცა მანილის უბან ტონდოში, ბარანგეის 128-ე კორპუსს ეწვია. ე.წ. მხრჩოლავი მთის – ცნობილი ნაგავსაყრელის – სიახლოვეს 1990-იან წლებში აშენებულ სახლში, დღემდე ბინადრობენ ნაგავსაყრელის ყოფილი მუშები.

იანიშევსკის თქმით, ფილიპინებში ადრეც გადაუღია, მაგრამ ყოველთვის „ტიპურ დოკუმენტურ“ სტილში. ამჯერად კი: „მინდოდა, მეჩვენებინა, როგორია მოსახლეობით გადატვირთულ ქალაქში ყოველდღიური ყოფა. და როგორ მიედინება ცხოვრება ნახევრად ღია სივრცეებსა და კიბის უჯრედებში“. მან გადაწყვიტა, „სხვადასხვა პერსპექტივიდან გადაღების ნაცვლად, ერთ ადგილზე ჩასაფრებოდა მოულოდნელ კადრებს“.

ყოველი სართული „ერთნაირად გაფორმებულ სცენას ჰგავდა“, – ამბობს ის, თუმცა, განსხვავებული მოქმედებებით: ერთგან ქალები ამზადებენ კერძებს, მეორეგან კაცები ერთობიან აზარტული თამაშებით, მესამეგან კი ბავშვები თამაშობენ ბანქოს. იანიშევსკი ამ ცოცხალი ეპიზოდების გადასაღებად, ყოველ შაბათ-კვირას მიდიოდა.

ატენეო-დე-მანილის უნივერსიტეტის სოციალური ანთროპოლოგის, მერი რასელისის თქმით, ამ ადგილებში ერთიანობის შეგრძნება უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს მოსახლეობაში. ბევრი არაოფიციალური მობინადრეა, რომლებსაც ერთ დროს „სკვოტერებს“ უწოდებდნენ; მათ დაბალი რანგის მოქალაქეებად თვლიან და ხშირად ელემენტარულ მომსახურებაზეც უარს ეუბნებიან.

„ამ ადამიანებმა დროთა განმავლობაში ჩამოაყალიბეს ქსელები, რომლებმაც გადარჩენის საშუალება მისცათ“, – ამბობს ის. არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მემარცხენე პოლიტიკური დაჯგუფებების დახმარებით, მათ უკეთესი საცხოვრებელი პირობების მოთხოვნაც მოახერხეს.

მთავარი აქ „მდებარეობაა... სამუშაო ადგილები ქალაქშია... შორს მდებარე საცხოვრებელ კომპლექსებში გადასახლებული ადამიანები მიხვდნენ, რომ იქ ვერ გადარჩებოდნენ“.

დღეს არსებული სამუშაო ადგილები არაფორმალურ სექტორში, მათ შორის, მანილის ნარკოკარტელებშია. სხვაგან სამუშაოს დასაწყებად საშუალო სკოლის ან უნივერსიტეტის დამთავრებაა აუცილებელი.

მიუხედავად ამისა, ბარანგეის 128-ე ნომრის მცხოვრებლები ორი ძვირფასი რესურსის – იმედისა და გამძლეობის ნაკლებობას არ განიცდიან.

იანიშევსკის აზრით, ამ ფოტოებში ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ „ადამიანებს აქ სიცოცხლით ტკბობა, ყველაფრის მიუხედავად, შეუძლიათ და ხშირად იცინიან. ეს მე ყოველთვის აღმაფრთოვანებს“.

მანილის „მხრჩოლავი მთის“ ახლოს, საცხოვრებელ კორპუსში ყოფილი მუშების შვილები და შვილიშვილები დერეფნებში ცელქობენ. უბნის სხვა ნაგებობებისგან განსხვავებით, ეს შენობა მტკიცეა და ურყევი.
ველოსიპედ-რიქშაზე ჩამომსხდარი ბიჭები სიგარეტს აბოლებენ. ფილიპინელი ისტორიკოსის, ბერნარდიტა ჩერჩილის თქმით, ფილიპინებში ასეთი პატარა მწეველების ნახვა იშვიათობაა.
ახალგაზრდები ბანქოს თამაშობენ, ფულის ნაცვლად კი მაკარონს იყენებენ. ფოტოგრაფის თქმით, მანილის ამ ნაწილში აზარტული და ჯგუფური თამაშები გავრცელებული გასართობია.
დერეფანში მამალმა ჩაიარა. მამლების ჩხუბი პოპულარულია, თუმცა მხოლოდ კვირაობით, დასვენების დღეებში და დღესასწაულების ფარგლებშია დაშვებული.
თეგები: 
გამოიწერეთ
სიახლეები
© 2012-2015 ყველა უფლება დაცულია. ჟურნალსა და ვებგვერდზე გამოქვეყნებული
მასალების ნაწილობრივი ან სრული გამოყენება რედაქციის ნებართვის გარეშე აკრძალულია