ფოტოამბავი >
ფოტოამბავი
ობიექტივში და კადრს მიღმა
ფოტოამბავის
შესახებ
თხები, ბელა (მარცხნივ) და ელა წყლის პირას ძოვენ ფრიბორნის ოლქში. მინესოტაში ფერმის ცხოველებს საოლქო გამოფენაზე ერთმანეთს აჯიბრებენ, ხანდახან კი რძის ან ხორცისთვის ბაზარზევე ყიდიან. ზოგჯერ, ბელას მსგავსად, იწყალებენ და მშობლიურ საძოვარზე აბრუნებენ.
01.02.18
დაწუნებულნი
ავტორი: რ. ჯ. კერნი
ფოტოგრაფი: რ. ჯ. კერნი

მინესოტაში, საოლქო ბაზრობებზე გამართულ ცხოველთა შეჯიბრებებზე ცხარე კონკურენციაა. გამარჯვებული ცოტაა – რა ელის დანარჩენს?

ცხოველთა შეჯიბრებები ცხოველთა სილამაზის კონკურსს წააგავს. ადამიანის მიერ თხისა და ცხვრის მოშინაურებამ მათი ევოლუციის კურსი განსაზღვრა.

როცა დენვერიდან მინესოტაში გადმოვედი, გადავწყვიტე, ამ კონკურსების არსი გამეგო. ფილმში „ტალადეგას ღამეები“ მამა უილ ფერელის გმირს ავტორბოლასთან დაკავშირებით ეუბნება: – თუ პირველი არ ხარ, ბოლო ყოფილხარო. სწორედ ესაა ამ საოლქო გამოფენების არსიც. თითოეულ მეპატრონეს უნდა, რომ დიდებული ჩემპიონი ჰყავდეს, ცხოველთა უმეტესობა კი ვერ იმარჯვებს.

ვუყურებდი, თუ როგორ აფასებდა და ამწკრივებდა ჟიური ცხოველებს. შემდეგ დაწუნებული მონაწილეების პატრონებთან მივდიოდი და მათთვის და მათი ცხოველებისთვის სტილიზებული ფოტოს გადაღების ნებართვას ვთხოვდი. სტუდიის მსგავსი ფონი ფოტოებს გარკვეულ ფორმალობას მატებს, თუმცა მიწაზე ნეხვი და თივა შეულამაზებლად წარმოაჩენს გარემოს. ბავშვებს ვთხოვე, მომდევნო წლის გამარჯვებულებად წარმოედგინათ თავი, ისინიც ენთუზიაზმით დამთანხმდნენ.

დამარცხებით გამოწვეული იმედგაცრუება დიდხანს არ გაგრძელებულა. ბავშვების კიდევ უფრო წასახალისებლად მინდოდა, მათი დაწუნებული ცხოველები საკუთარ საძოვრებზეც გადამეღო, მაგრამ ძალიან მალე მათი უმეტესობა უკვე სხვა საქმეზე გადართულიყო.

მცირე სასოფლო თემები იცვლება და ბავშვებისთვის საოლქო გამოფენაც აღარაა ზაფხულის არდადეგების უმთავრესი მოვლენა. იმედია, ასეთი გამოფენები კიდევ ერთი საუკუნე მაინც იარსებებს და ახალგაზრდებიც კვლავ შეიძენენ სასარგებლო ჩვევებს ცხოველის გაზრდითა და ასეთ გამოფენებში მონაწილეობით. იქნებ ღირს იმაზე დაფიქრება, თუ რას ნიშნავს ეს მიწის გონივრული მართვისა და მდგრადი განვითარებისთვის.

რ. ჯ. კერნის წიგნი „ცხვრები და თხები“ 2018 წლის გაზაფხულზე გამოიცემა Kehler Verlag-ის მიერ.

15 წლის ლუის ვაგნერი და „სულელი“ ფრიბორნის საოლქო გამოფენაში მონაწილეობდნენ. ლუისმა თხას ჯიმ ქერის გმირის სახელი დაარქვა ფილმიდან „სულელი და კიდევ უფრო სულელი“. კერნის თქმით, „როდესაც ცხოველს სახელს არქმევ, მას უფრო მეტად უახლოვდები“.
ანგორული თხა ანაბელი (მარჯვნივ) პრენსერთან ერთად თოვლში სეირნობს. მინესოტის შტატის 10 გამოფენაზე კერნმა დაწუნებული ცხოველები გადაიღო, შემდეგ კი შტატი მოიარა შინაურ გარემოში მათ სანახავად.
მინესოტის გამოფენა უდიდესია აშშ-ში და წელიწადში ორ მილიონამდე მნახველს იზიდავს. კლეის მსგავსი, პატარა გამოფენების მომავალი კი ბუნდოვანია. 3 წლის რაილი სტორიპოპელმა კლეიში თავისი ცხვარი, ნელი გამოიყვანა. ზოგ გამოფენას მხოლოდ რამდენიმე მაყურებელი ჰყავდა.
თეგები: 
გამოიწერეთ
სიახლეები
© 2012-2015 ყველა უფლება დაცულია. ჟურნალსა და ვებგვერდზე გამოქვეყნებული
მასალების ნაწილობრივი ან სრული გამოყენება რედაქციის ნებართვის გარეშე აკრძალულია