იხილეთ ჟურნალის ელექტრონული გამოცემა თქვენს IPHONE-სა IPAD-ზე
ამბები >
სად დაიწერა "მარსელიეზა?"
21.09.15
shutterstock

საფრანგეთის ეროვნული ჰიმნი სულაც არ დაუწერიათ მარსელში ან მის მახლობლად. ის სტრასბურგში, ნახევრად გერმანულ ქალაქში შეიქმნა. არც რევოლუციით შთაგონებული ყოფილა. ტექსტის ავტორი როიალისტია, რომელმაც (მიუხედავად ფრანგული წარმოშობისა) ის გერმანელს მიუძღვნა, ხოლო მუსიკა იტალიელს დაესესხა. თავდაპირველად, სიმღერას „რაინის ჯარის საბრძოლო მარში“ ეწოდებოდა.

„მარსელიეზა“ საფრანგეთის არმიის სამწყობრო სიმღერად იქცა. კლოდ რუჟე დე ლილი (1760-1836) მოყვარული კომპოზიტორი და არტილერიის ოფიცერი იყო. 1792 წლის აპრილში, საფრანგეთის მიერ ავსტრიისთვის ომის გამოცხადების აღსანიშნავად გამართულ ბანკეტზე სტრასბურგის მერმა მიმართა დე ლილის: „მონსინიორ, დაგვიწერეთ სიმღერა, რომელიც ჩვენს ჯარისკაცებს სამშობლოს დასაცავად დარაზმავს“. შამპანურის გვარიანად მირთმევის შემდეგ, დე ლილი შტაბში დაბრუნდა, კლავისინს მიუჯდა და... მალე დაიძინა. შემდეგ ირწმუნებოდა, რომ გაღვიძებულს „მარსელიეზას“ ტექსტიც და მუსიკაც უკვე მზად ჰქონდა.

არადა, სინამდვილეში ეს მელოდია რვა წლით ადრე დაიწერა. მისი ავტორი იყო იტალიელი ვირტუოზი მევიოლინე ჯოვანი ბატისტა ვიოტი (1755-1824), კიდევ ერთი თავგამოდებული როიალისტი, მარია ანტუანეტას კარის მუსიკოსი.

განზრახ მოპარული თუ უნებლიეთ ნასესხები მელოდია დე ლილიმ მიუძღვნა ბავარიაში დაბადებულ გრაფს - ნიკოლას გრაფ ფონ ლუკნერს, საფრანგეთის რაინის ჯარის მეთაურს, ასევე როიალისტს. მალე ლუკნერი და დე ლილი დააპატიმრეს. ლუკნერი გილიოტინაზე გაიყვანეს, ხოლო დე ლილი, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე ანტირევოლუციური სიმღერის ავტორი იყო, გაათავისუფლეს (ბოლოს და ბოლოს, „მარსელიეზა“ დაწერა). მოგვიანებით, მან მემუარები გამოაქვეყნა, რომელიც არ გაიყიდა და 1836 წელს სიღატაკეში გარდაიცვალა.

სიმღერამ დიდი პოპულარობა მოიპოვა და თავისი წვლილიც შეიტანა ხუთი თვის შემდეგ, ავსტრიის წინააღმდეგ გამართულ ვალმის ბრძოლაში. ფრანგულმა არმიამ გაიმარჯვა!

სიმღერა კარგად გამოხატავდა რევოლუციურ პათოსს. ხელნაწერი ასლები სწრაფად გავრცელდა არმიაშიც, ის განსაკუთრებით უყვარდათ მარსელელ მოხალისეებს. 10 აგვისტოს პარიზის ტიუილრის ბაღში შესრულდა და ლეგენდაც, სწორედ აქედან დაიბადა... 1795 წელს, ბასტილიის აღების დღეს, „მარსელიეზას“ რესპუბლიკის ეროვნული ჰიმნის სტატუსი მიენიჭა.

ნაპოლეონს რატომღაც არასდროს მოსწონდა „მარსელიეზა“, აკრძალა კიდეც. მთელი საუკუნის განმავლობაში, სიმღერა რამდენჯერმე იქნა აკრძალული და შემდეგ დაშვებული. 1887 წელს კი ის კონსტიტუციაში ჩაიწერა.

საბოლოო საორკესტრო ვერსია ჰექტორ ბერლიოზმა შექმნა 1830 წელს, ხოლო 1882 წელს პეტრე ჩაიკოვსკიმ თემად გამოიყენა უვერტიურაში „1812“; სწორედ მაშინ, როცა „მარსელიეზა“ იკრძალებოდა.

თეგები: 
0
სტატიები
გამოიწერეთ
სიახლეები
© 2012-2015 ყველა უფლება დაცულია. ჟურნალსა და ვებგვერდზე გამოქვეყნებული
მასალების ნაწილობრივი ან სრული გამოყენება რედაქციის ნებართვის გარეშე აკრძალულია