სამყარო >
სხვადასხვა
ხუან მანუელ სანტოსი, კოლუმბიის უსაფრთხო, მწვანე მომავლისათვის
01.02.18
მარკ თისენი, NGM-ის თანამშრომელი

კოლუმბიის პრეზიდენტი ხუან მანუელ სანტოსი 52-წლიანი სამოქალაქო ომის დასრულებისთვის 2016 წელს მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი გახდა. ახლახან მას National Geographic-ის ჯილდო გადეცა კოლუმბიაში დაცული ტერიტორიების ფართობის მნიშვნელოვნად გაზრდისთვის.

თქვენ ათასობით კვადრატული კილომეტრით გაზარდეთ დაცული ტერიტორიების ფართობი. რატომ გადაწყვიტეთ ამის გაკეთება?

ბიომრავალფეროვნების მხრივ ჩვენ ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ქვეყანა ვართ და კლიმატის ცვლილებაც მეტ საფრთხეს გვიქმნის. ეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას გვაკისრებს, რაც შეიძლება მალე დავიცვათ კოლუმბიისა და კაცობრიობისათვის მნიშვნელოვანი ტერიტორიების უდიდესი ნაწილი. ამიტომაც დავაჩქარე ჩვენს ხელთ არსებული ყველაზე ძვირფასი რესურსების დაცვის პროცესი.

კოლუმბია მრავალი გამოწვევის წინაშე დგას: თავიანთი მიწებიდან აყრილი ფერმერების კომპენსაცია, შვიდიათასამდე ყოფილი პარტიზანი მებრძოლის განათლება, ათიათასობით დაკარგულად ან გარდაცვლილად მიჩნეული ადამიანის მოძებნა და ტერიტორიების განნაღმვა. რა არის თქვენთვის პრიორიტეტული?

განნაღმვა. კოლუმბია მეორე ქვეყანაა მსოფლიოში ნაღმების რაოდენობით. რა თქმა უნდა, გლეხებისთვის მიწის დაბრუნებაც მნიშვნელოვანი საკითხია, ომისგან დაზარალებული ტერიტორიების განვითარებასთან ერთად.

თქვენ თქვით, რომ 2017 წლის ზაფხულის ქარიშხლები კარიბის ზღვასა და ტეხასში კლიმატის ცვლილებით გამოწვეულ საფრთხეს ასახავს. სკეპტიკოსებს რას ეტყვით?

ჩემი აზრით, ვინც კლიმატის ცვლილების ზემოქმედებას ვერ ხედავს, ნამდვილად ბრმაა. ნათელია, რომ ჩვენ დედამიწას ვანადგურებთ. ეს კაცობრიობის პრობლემაა და ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ ამ პროცესის შესაჩერებლად. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენი მომავალი თაობები უბრალოდ გაქრება.

ამ ინტერვიუს მოცულობა შეცვლილია და რედაქტირებულია მეტი სიცხადისთვის.

თეგები: 
სტატიები
გამოიწერეთ
სიახლეები
© 2012-2015 ყველა უფლება დაცულია. ჟურნალსა და ვებგვერდზე გამოქვეყნებული
მასალების ნაწილობრივი ან სრული გამოყენება რედაქციის ნებართვის გარეშე აკრძალულია